ახალი ამბები

ბოტკოველის თქმით, შორენა თეთრუაშვილი მზადაა, პროკურატურის შეკითხვებს უპასუხოს

22 თებერვალი, 2017 • 6752
ბოტკოველის თქმით, შორენა თეთრუაშვილი მზადაა, პროკურატურის შეკითხვებს უპასუხოს

პატრიარქის მდივანი მიქაელ ბოტკოველი არ გამორიცხავს, რომ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით პატრიარქის მდივან-რეფერანტთან, შორენა თეთრუაშვილთან საგამოძიებო უწყებებს ჰქონდეთ შეკითხვები. მისივე თქმით, შორენა თეთრუაშვილის გამოკითხვა ამ დროისთვის არ მიმდინარეობს:

“ქალბატონი შორენა ფიგურირებს ბრალში, რომელიც წაყენებული აქვს მამა გიორგის. ქალბატონი შორენა პასუხისმგებლობით მოეკიდება ამ საქმეს და ის ინფორმაციას მისცემს იმასთან დაკავშირებით, რაც მას გააჩნია, ასევე მოვიქცევი მე და სხვა მაღალი თანამდებობის პირი საპატრიარქოში, რადგან საკითხი არის ძალიან რთული და თუ გამოძიებას ასეთი კითხვები გააჩნია, ჩვენ მზად ვართ, მათთან ვითანამშრომლოთ”,- – განაცხადა მიქაელ ბოტკოველმა “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

მისივე თქმით, ინფორმაციას არ ფლობს იმის შესახენ, უკვე დაუკავშირდა თუ არა პროკურატურა შორენა თეთრუაშვილს გამოკითხვასთან დაკავშირებით.

“ნეტგაზეთი” მთავარ პროკურატურას დაუკავშირდა, თუმცა აღნიშნული საკითხის შესახებ უწყებისგან პასუხი ვერ მივიღეთ.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს მთავარმა პროკურატურამ დააკავა მკვლელობის მომზადების ბრალდებით. იგი ამ დრომდე პატიმრობაში იმყოფება, თუმცა საქმის დეტალები და მტკიცებულებები პროკურატურას ამ დრომდე არ გაუსაჯაროებია. ადვოკატის ინფორმაციით, საბრალდებო დასკვნაში საუბარია პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაზე. პროკურატურა იუწყება, რომ დეკანოზი აეროპორტში დააკავეს, როდესაც ბერლინში მიფრინავდა, სადაც პატრიარქი მის თანმხლებ პირებთან ერთად იმყოფებოდა, და მის ბარგში მომწამლავი ნივთიერება ციანიდი აღმოაჩინეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი