ჯეოსელი: მოსმენების კანონპროექტის ავტორიზებული პირების გარეშე განხილვა მიუღებელია

კომპანია “ჯეოსელი” მიიჩნევს, რომ ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით საკანონმდებლო პაკეტი, რომელსაც დღეს პარლამეტი პირველი მოსმენით განიხილავს, ავტორიზებული პირების სათანადო ჩართულობის და მათი პოზიციების გაზიარების გარეშე მიმდინარეობს, რაც მათთვის ყოვლად მიუღებელია.

“საკანონმდებლო პაკეტი არსებით გავლენას ახდენს როგორც ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირის საქმიანობაზე, ვალდებულებებზე, ასევე, ბიზნესის განვითარების სამომავლო გეგმებზეც. ჯეოსელისათვის, როგორც საერთაშორისო ჯგუფის (Telia Company) წევრისათვის, საკანონმდებლო პაკეტი უპირველეს ყოვლისა მნიშვნელოვანია ადამიანთა უფლებების, სიტყვის და  გამოხატვის თავისუფლების და მოქალაქეთა პირადი ინფორმაციის დაცვის უზრუნველყოფის კუთხით. აგრეთვე, ადამიანის ძირითადი უფლებების შეზღუდვა  საჯარო ინტერესების დაცვის მოტივით უნდა ხორციელდებოდეს მხოლოდ სამართლიანი და პროპორციული კონტროლის მექანიზმების არსებობის პირობებში”, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

“ჯეოსელი” ხაზს უსვამს, რომ კანონპროექტის ავტორიზებული პირებს მძიმე ვალდებულებებს აკისრებს, რომლებიც შეუზღუდავი და ბუნდოვანი ხარჯების გაწევას გულისხმობს.

“ამასთან, არ არსებობს არანაირი გარანტია, რომ ხარჯების გაწევის პროცესი იქნება გამჭვირვალე”.

კანონპროექტის მიხედვით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შეიქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართვლოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო, რომლის ხელშიც იქნება ფარული მიყურადებისთვის საჭირო ე.წ. გასაღები.

პროექტის თანახმად,  შემოდის ზედამხედველი მოსამართლის ინსტიტუტი, რომელიც გააკონტროლებს და ზედამხედველობას გაუწევს ელექტრონული თვალთვალის ღონისძიებების აღსრულებას. ზედამხედველი მოსამართლე განისაზღვრება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით და აღნიშნული ფუნქციის განხორციელება დაეკისრება უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთ მოსამართლეს.

 

პროექტის თანახმად, ფარულ საგამოძიებო ღონისძიებების – სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადების და ჩაწერის – კონტროლს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი განახორციელებს:  კონტროლის ელექტრონული სისტემით;  კონტროლის სპეციალური ელექტრონული სისტემის მეშვეობით; მონაცემთა დამმუშავებლის/უფლებამოსილი პირის მიერ მონაცემთა დამუშავების საფუძვლის კანონიერების შემოწმებით (ინსპექტირებით).

პროექტის თანახმად, სპეციალური სამსახური ვალდებულია წერილობით შეატყობინოს პირს მის მიმართ ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების განხორციელების შესახებ მას შემდეგ, რაც ამგვარი შეტყობინება საფრთხეს არ შეუქმნის იმ მიზანს, რისთვისაც აღნიშნული ღონისძიება იქნა განხორციელებული.

კანონპროექტით, უფლებამოსილ ორგანოს უფლება აქვს, ჰქონდეს იმ ავტორიზებული პირის სასადგურე და ქსელური ინფრასტრუქტურიდან, რომელიც ახორციელებს მობილური საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფას ან/და მომსახურებას, გეოლოკაციის მონაცემების რეალურ დროში მიღების შესაძლებლობა და ამ მიზნით ინფრასტრუქტურის აღნიშნულ ელემენტებთან უსასყიდლოდ განათავსოს/დამონტაჟოს სათანადო აპარატურა და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებები. გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრის შემდგომ ღონისძიებებს უფლებამოსილი ორგანო ახორციელებს უშუალოდ.

 

კამპანია “ეს შენ გეხებას” საკონსტიტუციო სარჩელი სასამართლომ 2016 წლის 14 აპრილს დააკმაყოფილა და დაადგინა, რომ ფარული მოსმენების არსებული წესი არაკონსტიტუციურია. გადაწყვეტილებაში წერია, რომ ფარული მიყურადებით მონაცემები არ უნდა მოიპოვოს და შეინახოს ისეთმა უწყებამ, რომელიც დაინტერესებულია ამ ინფორმაციის გაცნობით.

სასამართლომ პარლამენტს კანონის შესაცვლელად ვადა 2017 წლის 31 მარტამდე მისცა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com