ახალი ამბები

დოლიძე: ფარული მოსმენების სააგენტოს რეალური დამოუკიდებლობა უზრუნველყოფილი არაა

10 თებერვალი, 2017 • 3172
დოლიძე: ფარული მოსმენების სააგენტოს რეალური დამოუკიდებლობა უზრუნველყოფილი არაა

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე მიიჩნევს, რომ ფარულ საგამოძიებო მოქმედებებზე  მომზადებული  კანონპროექტის მიხედვით,  საჯარო სამართლის იურიდიული პირის  რეალური დამოუკიდებლობა უზრუნველყოფილი არ არის.

კანონპროექტის მიხედვით,  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შეიქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართვლოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო, რომლის ხელშიც იქნება ფარული მიყურადებისთვის საჭირო ე.წ. გასაღები.

“ჩვენ მივიღეთ გარკვეული კენტავრი იმ გაგებით, რომ თითქოს ეს სააგენტო დამოუკიდებელია და სინამდვილეში კონტროლის უმეტეს ფუნქციებს უსაფრთხოების სამსახური ახორციელებს. ერთი მხრივ, ჩანს, რომ სააგენტოს პასუხისმგებლობა და ანგარიშვალდებულება პრემიერის წინაშე აქვს, მაგრამ თუ ჩავხედავთ კონკრეტულ მაკონტროლებელ ფუნქიცებს, პირდაპირ წერია, რომ სახელმწიფო კონტროლს სააგენტოს მუშაობაზე ახორციელებს სახლემწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი. ანუ, რეალური დამოუკიდებლობა ამ შემოთავაზებული იდეით წარმოდგენილი სტრუქტურისა უზრუნველყოფილი არ არის,” – განაცხადა ანა დოლიძემ.

ანა დოლიძის განცხადებით, სააგენტოს პრემიერ-მინისტრი უნდა აკონტროლებდეს.

“გამოვიყენოთ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მაგალითი და გამოვიყენოთ დაზვერვის სამსახურის მაგალითი. ორივე სპეციალიზებული უწყებაა, რომელიც პირდაპირ ექვემდებარება პრემიერის კონტროლს. ამ ორივე უწყებასთან დაკავშირებით არსებობს მოდელი, რომელიც მშვენივრად მუშაობს”, – აღნიშნა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა.

მისივე  აზრით, სააგენტოს კომპანიების დაჯარიმების და აუდიტის განხორციელების უფლება არ უნდა ჰქონდეს:

“ეს უნდა განახორციელოს კომუნიკაციების მარეგულრიებელმა კომისიამ, როგორც აქამდე.  ასევე აუდიტის განხორციელების უფლება უნდა ამოვიღოთ. კიდევ არის ხარვეზები. მაგალითად ის, რომ გარკვეული ინფორმაციის 6თვე შეინახვა შეუძლიათ, ან მაიდენთიფიცირებელი ინფორმაციის 12 თვით შენახვის უფლება. რაღაც საფრთხეებია ჩადებული და ვმუშაობთ, რომ ეს ხარვეზები დღესვე გამოვასწოროთ,” – აღნიშნავს ანა დოლიძე.

პროექტის მიხედვით, სააგენტოს უფროსის კანდიდატის შერჩევა განხორციელდება 7 წევრისგან დაკომპლექტებული სპეციალური კომისიის მიერ, რომლის შემადგენლობაშიც შევლენ: საქართველო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი – სპეციალური კომისიის თავმჯდომარე; საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, რომელსაც კომისიის წევრად დანიშნავს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე; საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე; საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე;  საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე;  საქართველოს სახალხო დამცველი;  საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი.

პროექტის თანახმად,  შემოდის ზედამხედველი მოსამართლის ინსტიტუტი, რომელიც გააკონტროლებს და ზედამხედველობას გაუწევს ელექტრონული თვალთვალის ღონისძიებების აღსრულებას. ზედამხედველი მოსამართლე განისაზღვრება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით და აღნიშნული ფუნქციის განხორციელება დაეკისრება უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთ მოსამართლეს.

ზედამხედველი მოსამართლე წარმოადგენს ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების ჩატარების ნებართვის გამცემ მოსამართლეს, რომლის კონტროლის უფლებამოსილებები აღარ შემოიფარგლება მხოლოდ ნებართვის გაცემით, არამედ გავრცელდება ღონისძიების აღსრულების სრულ პროცესზე. კერძოდ, მოსამართლეს შეეძლება ღონისძიების მიმდინარეობის დროს მოითხოვოს მოპოვებული ინფორმაციის შესახებ ანგარიშის წარმოდგენა და მიღებული ინფორმაციის საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება ღონისძიების შეწყვეტის და მოპოვებული მასალის განადგურების შესახებ. მასვე წარედგინება ანგარიში ღონისძიების დასრულების შემდეგ;

“ზედამხედველი მოსამართლის ინსტიტუტის შემოღება უზრუნველყოფს ე.წ. პარალელური წვდომის აღმოფხვრას, ვინაიდან კანონით ამომწურავად იქნება მითითებული ფარული მიყურადების შემთხვევები და გარანტირებული იქნება ადეკვატური კონტროლის მექანიზმები. შესაბამისად, სრულად იქნება შესრულებული საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოთხოვნა პარალელური წვდომის გამორიცხვასთან დაკავშირებით,” – აღნიშნულია განმარტებით ბარათში.

პროექტის თანახმად,ფარულ საგამოძიებო ღონისძიებების – სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადების და ჩაწერის – კონტროლს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი განახორციელებს:  კონტროლის ელექტრონული სისტემით;  კონტროლის სპეციალური ელექტრონული სისტემის მეშვეობით;  მონაცემთა დამმუშავებლის/უფლებამოსილი პირის მიერ მონაცემთა დამუშავების საფუძვლის კანონიერების შემოწმებით (ინსპექტირებით).

ზედამხედველი მოსამართლე კონტროლს გაუწევს ელექტრონული თვალთვალის ღონისძიებებს, ხოლო პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს. ინსპექტორი შეამოწმებს ბრძანების ინიცირების სამართლებრივ საფუძველს და ამავე სისტემის მეშვეობით შესაძლებლობა ექნება, შეაჩეროს ღონისძიების აღსრულება, თუ აღნიშნული სამართლებრივი საფუძველი მასთან წარმოდგენილი არ არის, ან თუ იგი არ შეესაბამება კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

“სააგენტოს საქმიანობაზე კონტროლს ახორციელებს საქართველოს პარლამენტი საპარლამენტო კონტროლის ფორმების გამოყენებით. სააგენტო ასევე ანგარიშვლადებული იქნება პრემიერ-მინისტრის წინაშე და ყოველწლიურად წარუდგენს სტატისტიკურ და განზოგადებულ ანგარიშს მის მიერ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ,” – ვკითხულობთ განმარტებით ბარათში.

წარმოდგენილი პროექტით, სააგენტო უფლებამოსილი იქნება მომხმარებლის და სატელეფონო კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების კოპირება მოახდინოს არაუმეტეს 12 თვის ვადით, ინტერნეტ-კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების კოპირება კი – არაუმეტეს 6 თვის ვადით. ამასთან, კანონით განისაზღვრება კოპირებისთვის კანონით გათვალისწინებული ვადის 3 თვის ვადით გაგრძელების შესაძლებლობა საქართველოს მთავარი პროკურორის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მიმართვის საფუძველზე უზენაესი სასამართლოს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე მოსამართლის განჩინებით.

პროექტის თანახმად, სპეციალური სამსახური ვალდებულია წერილობით შეატყობინოს პირს მის მიმართ ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების განხორციელების შესახებ მას შემდეგ რაც ამგვარი შეტყობინება საფრთხეს არ შეუქმნის იმ მიზანს, რისთვისაც აღნიშნული ღონისძიება იქნა განხორციელებული.

კანონპროექტით, უფლებამოსილ ორგანოს უფლება აქვს ჰქონდეს იმ ავტორიზებული პირის სასადგურე და ქსელური ინფრასტრუქტურიდან, რომელიც ახორციელებს მობილური საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფას ან/და მომსახურებას გეოლოკაციის მონაცემების რეალურ დროში მიღების შესაძლებლობა და ამ მიზნით ინფრასტრუქტურის აღნიშნულ ელემენტებთან უსასყიდლოდ განათავსოს/დამონტაჟოს სათანადო აპარატურა და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებები. გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრის შემდგომ ღონისძიებებს უფლებამოსილი ორგანო ახორციელებს უშუალოდ.

2018 წლისათვის დაგეგმილია გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრის ღონისძიების განხორციელებისათვის ტექნიკური და პროგრამული საშუალებების შეძენა სავარაუდო ღირებულებით 15 000 000 ლარი, ხოლო, მომდევნო წლებში მისი ექსპლოატაციისთვის საჭირო იქნება დამატებითი ხარჯები.

ამასთან, სააგენტო ავტორიზებულ პირებს განუსაზღვრავს მოთხოვნებს და ვალდებულებებს და აკონტროლებს მათ შესრულებას. ამ  მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა გამოიწვევს ავტორიზებული პირების დაჯარიმებას. ავტორიზებული პირის მიერ კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების კონტროლის მიზნით, სააგენტოს უფროსს უფლება აქვს მიიღოს გადაწყვეტილება ავტორიზებული პირის საინფორმაციო-ტექნოლოგიური და სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის აუდიტის ჩატარების შესახებ.

“კანონპროექტის მიღების მიზანია ფარული საგამოძიებო მოქმედებების და ელექტრონული თვალთვალის ღონისძიებების განხორციელების სისტემის რეფორმირება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებული ძირითადი პრინციპების და მითითებების შესაბამისად,” – აღნიშნულია კანონპროექტში.

კამპანია “ეს შენ გეხებას” საკონსტიტუციო სარჩელი სასამართლომ 2016 წლის 14 აპრილს დააკმაყოფილა და დაადგინა, რომ ფარული მოსმენების არსებული წესი არაკონსტიტუციურია.

გადაწყვეტილებაში წერია, რომ ფარული მიყურადებით მონაცემები არ უნდა მოიპოვოს და შეინახოს ისეთმა უწყებამ, რომელიც დაინტერესებულია ამ ინფორმაციის გაცნობით.

“… მაიდენტიფიცირებელი მონაცემების (მეტადატის) კოპირება და შენახვა ისეთი უწყების მიერ, რომელსაც მინიჭებული აქვს გამოძიების ფუნქცია, ან არის პროფესიულად დაინტერესებული ამ ინფორმაციის გაცნობით, ქმნის პირად ცხოვრებაში ჩარევის მომეტებულ საფრთხეს,”- ვკითხულობთ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

სასამართლომ პარლამენტს კანონის შესაცვლელად ვადა 2017 წლის 31 მარტამდე მისცა.

მასალების გადაბეჭდვის წესი