ახალი ამბები

‘ადამიანის უფლებათა ცენტრი’ ციხის ბუნტის გამოძიებას ითხოვს

16 ნოემბერი, 2012 •
‘ადამიანის უფლებათა ცენტრი’ ციხის ბუნტის გამოძიებას ითხოვს
“ე.წ. ციხის ბუნტის ჩასახშობად მაშინდელმა ხელისუფლებამ გამოიყენა სასტიკი მეთოდები. ცეცხლსასროლი იარაღით მოკლულია რამდენიმე პატიმარი (სახელდება სხვადასხვა რაოდენობა). მიუხედავად ამისა, აქამდე არ არის გამოძიებული, მოხდა თუ არა ძალის გადამეტება და ყველაზე მთავარი – ობიექტურად არ არის დადგენილი, რამ გამოიწვია პატიმრების ამბოხება. შესაბამისად, არ დასმულა პენიტენციალური სისტემის მაშინდელი ხელმძღვანელების პასუხისმგებლობის საკითხი,” – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც “ადამიანის უფლებათა ცენტრი” ავრცელებს.

 

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მათ იურისტებთან აღნიშნულ მოვლენებს პატიმრები იხსენებენ, რომლებიც მზად არიან, მისცენ ჩვენება გამოძიებას.
 
 
“ადამიანის უფლებათა ცენტრი” აქვეყნებს ერთ-ერთი პატიმრის ახსნა-განმარტებას, რომელშიც პატიმარი იხსენებ, რომ 2005 წლის 26 მარტს, საღამოს, ციხის ბუნტის დროს, როდესაც ციხის ტერიტორია სპეცრაზემელებით იყო სავსე, ეზოში მან თავად დაინახა, რომ იქვე იდგა გიგა ბოკერია – ამჟამინდელი უშიშროების საბჭოს მდივანი.
 
 
“ძალიან ბევრი პატიმარი ამ დროს დაიჭრა შემომავალი ტყვიით. ჩემს გვერდზე იდგა ერთი ოსი პატიმარი, რომელსაც ზუბას ვეძახდით და რომელიც სწორედ შემომავალი ტყვიით გარდაიცვალა. ეს გრძელდებოდა დაახლოებით ორი საათი, რის შემდეგაც ციხეში შემოვიდა სპეცრაზმი. ისინი ავტომატით პირდაპირ ისროდნენ, მიუხედავად იმისა, რომ სპეცრაზმის შემოსვლისას ყველა პატიმარი საკანში შევიდა. მესამე კორპუსმა თავისით გაუღო კარები და შეუშვეს სპეცრაზმი, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც ჩაცხრილეს პატიმრები. მე ვიყავი მეხუთე კორპუსში. ჩვენც შვედით საკნებში და გავაღეთ კარები”, – წერს პატიმარი თავის ახსნა-განმარტებაში.
 
 
მისივე თქმით, მასთან საკანში აღმოჩნდა აზერბაჯანელი ეროვნების პატიმარი, რომელიც 3 კგ ჰეროინის შემოტანისთვის წითელ ხიდზე დააკავეს, თუმცა საქმეში მხოლოდ 2კგ ჰეროინი ფიგურირებდა:
 

“ასაჩივრებდა, ითხოვდა გარკვეულიყო, სად გაქრა ერთი კგ ამოღებული ჰეროინი. ეს პატიმარი ამ არეულობის დროს მოხვდა ჩემს საკანში და როდესაც დაწყნარდა ციხეში მდგომარეობა, გაიყვანეს ჩემი საკნიდან, რადგან შეეყვანათ მის საკანში. ამ დროს მას არაფერი არ სჭირდა, შემდეგ კი ცნობილი გახდა, რომ გარდაცვლილი იყო.”

 

“წინამდებარე ახსნა-განმარტებიდან პროკურატურამ ყურადღება უნდა მიაქციოს წითელ ხიდთან ამოღებული განსაკუთრებით დიდი ოდენობის, კერძოდ – 3 კგ ჰეროინის ისტორიას. სხვა წყაროები ადამიანის უფლებათა ცენტრს უყვებიან, რომ დანარჩენი 2 კგ ჰეროინიც „დაიკარგა“, რომლის ნაწილიც გავრცელდა ორთაჭალის ციხეში პატიმრებს შორის. ეს ასევე ცნობილი გახდა ამ საქმეზე დაკავებული პატიმრისთვის, რომელიც უცხოელი ადვოკატის მეშვეობით აპირებდა გაერკვია ამ ნარკოტიკების ასავალ-დასავალი. პატიმრები გამოთქვამენ ვერსიას, რომ ე. წ. ციხის ბუნტი სინამდვილეში ინსცენირებული იყო 3 კგ ჰეროინის საქმეზე მსჯავრდებული პატიმრის ლიკვიდაციისათვის და დანარჩენი პატიმრები ამ სპექტაკლს შეეწირნენ”, – ნათქვამია “ადამიანის უფლებათა ცენტრის” განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი