ახალი ამბები

სახალხო დამცველის აპარატი ახალაიას საქმეზე სასჯელაღსრულების სამინისტროს მიმართავს

14 ნოემბერი, 2012 • 1058
სახალხო დამცველის აპარატი ახალაიას საქმეზე სასჯელაღსრულების სამინისტროს მიმართავს

2012 წლის 14 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულებმა სასჯელაღსრულების N7 დაწესებულებაში მოინახულეს ბრალდებული ბაჩანა ახალაია, რომელიც აღნიშნულ დაწესებულებაში გადმოყვანილი იქნა გლდანის N8 დაწესებულებიდან 13 ნოემბერს, საღამოს საათებში:

 

“ახალაია განთავსებულია სრულიად განცალკევებით სხვა პატიმრებისგან. მის საკანში დამონტაჟებულია ვიდეოთვალი. ადმინისტრაციის განცხადებით, ისინი პასუხისმგებლები არიან, რომ N7 დაწესებულებაში ბ. ახალაიას უსაფრთხოება დაცული იქნება”, – ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის განცხადებაში.

 

სახალხო დამცველის რწმუნებულებთან გასაუბრებისას ბ. ახალაიამ განაცხადა, რომ მის მიმართ არანაირი სახის არასათანადო მოპყრობა არ განხორციელებულა, ჯანმრთელობის პრობლემა არ აწუხებს და არც ადმინისტრაციის მიმართ აქვს რაიმე სახის პრეტენზია, თუმცა დაწესებულების სპეციფიკური კონტიგენტიდან გამომდინარე, გამართლებულად არ მიაჩნია მისი N7 დაწესებულებაში განთავსება. 

 

სახალხო დამცველის რწმუნებულებმა 14 ნოემბრამდე ბ. ახალაია ორჯერ მოინახულეს – 2012 წლის 7 ნოემბერს, თბილისის N2 დროებითი მოთავსების იზოლატორში, ასევე, 2012 წლის 9 ნოემბერს, ღამის საათებში, როცა ბ. ახალაია გადაყვანილ იქნა გლდანის N8 დაწესებულებაში. ორივე ჯერზე ბრალდებულმა უარი განაცხადა სახალხო დამცველის რწმუნებულთან გასაუბრებაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი