ახალი ამბები

რით დაარწმუნებს რუსეთი საქართველოს ნატოსკენ სწრაფვის უსაფუძვლობაში?

13 ნოემბერი, 2012 • 1224
რით დაარწმუნებს რუსეთი საქართველოს ნატოსკენ სწრაფვის უსაფუძვლობაში?

“დოიჩე ველეს” ჟურნალისტის კითხვას, საქართველოს ხელისუფლების მისწრაფებაა რუსეთთან ურთიერთობების მოაგვარება და ამავე დროს ნატოში ინტეგრაცია, შეესაბამება თუ არა ეს ორი ვექტორი ერთმანეთს? – აბაშიძე პასუხობს, რომ “შესაძლებელია რუსეთს აქვს არგუმენტი, რომელიც ჩვენი მისწრაფების უსაფუძვლობაში დაგვარწმუნებს.” 

 

რას გულისხმობდა ზურაბ აბაშიძე ამ განცხადებაში და რა არგუმენტი შეიძლება არსებობდეს ისეთი, რაც საქართველოს ნატოსკენ სწრაფვას შეაჩერებს? – “ნეტგაზეთმა” ამ კითხვით თავად აბაშიძეს მიმართა, რომელმაც განაცხადა, რომ მას ეს ფრაზა განსაკუთრებით მნიშვნელოვნად არ მიაჩნია.

 

“მეც ვერ წარმომიდგენია, რა არგუმენტები შეიძლება არსებობდეს. პირადად მე არ ვიცი ასეთი არგუმენტი ბუნებაში. არსებობს კი ასეთი არგუმენტი? ამ კონტექსტში ვთქვი მე. ვნახავ ამ ინტერვიუს, ზუსტად არც მახსოვს, როგორ ვთქვი,”- ამბობს აბაშიძე. 

 

რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობის საკითხებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს ბრიუსელში ვიზიტის დროს ევროკავშირის მაღალჩინოსნებთან ჰქონდა საუბარი. ივანიშვილს არ დაუმალავს, რომ რუსეთისგან ჯეროვანი საპასუხო ნაბიჯი ჯერ ვერ მიიღო მას შემდეგ, რაც მისი სპეციალური წარმომადგენელი დანიშნა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში.

 

თავად ზურაბ აბაშიძეც აცხადებს, რომ ამ ეტაპზე რუსეთთან ურთიერთობის საკითხებთან დაკავშირებით სათქმელი არაფერი აქვს:

 

“ჩვენ მცირე ინფორმაციული ტაიმაუტი ავიღეთ. როგორც რაღაცეები დაგროვდება და ამ მხრივ სათქმელი გვექნება, გავაჟღერებთ,”- განაცხადა აბაშიძემ. 

 

ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე, რომელიც გუშინ, 12 ნოემბერს პრაღაში გაიმართა, კიდევ ერთხელ დაფიქსირდა მხარდაჭერა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის კუთხით.

 

ასამბლეის რეზოლუციის ტექსტს, რომელშიც აღნიშნულია, რომ “ასამბლეა მოუწოდებს ნატო-ს წევრი ქვეყნების მთავრობებს, შესაძლებლობა მისცენ საქართველოს, ბუქარესტისა და ჩიკაგოს სამიტებზე მიღებული გადაწყვეტილებებისა და ქვეყნის დემოკრატიული პროგრესის გათვალისწინებით, გადადგას შემდეგი ნაბიჯი ნატოსკენ ინტეგრაციის გზაზე და განიხილონ საქართველოსთვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმის (МAP) მინიჭების საკითხი, რაც უზრუნველყოფს უფრო კონკრეტულ წვდომას ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ და ინსტიტუციურ რეფორმებში,” ვლადისლავ სავენკოვი, რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი ნატოში, ასე გამოეხმაურა:

 

“საკითხი ასე დგას, ჩვენ მზად ვართ მიგიღოთ ნატოში, თუმცა რომელი ტერიტორიით? აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე, თუ მათთან ერთად? მაგრამ ისინი უკვე სუვერენული სახელმწიფოები არიან, იმის მიუხედავად, რომ ყველას მათი დამოუკიდებლობა არ უღიარებია”. 

 

შეგახსენებთ, რომ 2008 წელს საქართველოში ჩატარდა პლებისციტი: კითხვაზე – უჭერთ თუ არა მხარს საქართველოს გაწევრიანებას ჩრდილოატლანტიკურ ხელშეკრულების ორგანიზაციაში (ნატო)? – პლებისციტში მონაწილე ამომრჩევლების 77%-მა უპასუხა – დიახ.

 

2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ხელისუფლებაში მოსულმა ახალმა ძალამ ღიად განაცხადა, რომ საქართველოს საგარეო კურსი ევროატლანტკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის კუთხით უცვლელი დარჩება. ამის პარალელურად, ახალი მთავრობა რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებას გეგმავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი