ახალი ამბები

ფანცულაია: დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეში მესამე ადვოკატი ჩაერთო

20 თებერვალი, 2017 • 3688
ფანცულაია: დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეში მესამე ადვოკატი ჩაერთო

მკვლელობის მომზადებაში ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის, გიორგი ფანცულაიას განცხადებით, დეკანოზს უკვე სამი ადვოკატი დაიცავს.

“ჩვენ ჩვეულებრივად ვაგრძელებთ მის დაცვას, მეც და მია ზოიძეც. რაც შეეხება ახალ ადვოკატს, დაემატა მიხეილ რამიშვილი. სამივე ერთობლივად, კომპლექსურად ვაგრძელებთ მის დაცვას. მან განცხადებაც დაწერა, რომელ ადვოკატებთან უნდა ურთიერთიბა. სამ ადვოკატზეა დაწერილი, მათ შორის ერთი მე ვარ, მეორე- მია ზოიძე, მესამე – მია რამიშვილი,”- განაცხადა ნეტგაზეთთან საუბრისას ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ.

ამჟამად დეკანოზი გიორგი მამალაძე ჩაფიძის კლინიკაში იმყოფება. გიორგი ფანცულაიასთვის უცნობია, როდის გამოწერენ საავადმყოფოდან. იგი კლინიკაში 17 თებერვალს გონების კარგვის დიაგნოზით გადაიყვანეს.

13 თებერვალს საქართველოს მთავარმა პროკურორმა განაცხადა, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალებით 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. პროკურორმა ამის შესახებ საჯაროდ 13 თებერვალს განაცხადა, მას შემდეგ, რაც ინფორმაცია რუსთავი 2-მა გაავრცელა.  პროკურატურის მტკიცებით, ჩხრეკისას დეკანოზის ბარგიდან „ნატრიუმის ციანიდი“ ამოიღეს. მამალაძე თბილისის აეროპორტში დააკავეს, საიდანაც, პროკურატურის თქმით, ბერლინში მიფრინავდა.

გენერალურმა პროკურორმა 13 თებერვალს  განაცხადა, რომ გამოძიებას ამის შესახებ მოქალაქემ შეატყობინა. “მოქალაქის თქმით, გიორგი მამალაძეს სჭირდებოდა ციანიდი, რათა “მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა”. 13 თებერვალს პროკურატურამ ასევე გაავრცელა ცნობა, რომელშიც ნათქვამია: “როგორც გაირკვა, გ.მამალაძე აპირებდა გერმანიაში გამგზავრებას, სადაც პატრიარქი იმყოფებოდა სამკურნალოდ მის თანმხლებ პირებთან ერთად და მას შხამიანი ნივთიერება სჭირდებოდა გამგზავრებამდე”.

მასალების გადაბეჭდვის წესი