ახალი ამბები

მეუფე პეტრე: პატრიარქის ვიდეოს არასრული ვერსიის გავრცელების კვალი თეთრუაშვილთან მიგვიყვანს

19 თებერვალი, 2017 • 1795
მეუფე პეტრე: პატრიარქის ვიდეოს არასრული ვერსიის გავრცელების კვალი თეთრუაშვილთან მიგვიყვანს
ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრეს თქმით, პატრიარქის ვიდეომიმართვის არასრულად გავრცელების უკან საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქის მდივან-რეფერენტი, შორენა თეთრუაშვილი დგას. ამის შესახებ მიტროპოლიტმა ტელეკომპანია “იმედს” განუცხადა.
ჭყონდიდის მიტროპოლიტის თქმით, მას არ ეგულება პატრიარქის გარემოცვაში სხვა პირი, რომელიც თავს ამის უფლებას მისცემდა:
“დარწმუნებული ვარ კვალი მიგვიყვანს ისევ გათავხედებულ მდგომარეობამდე რუხი კარდინალისა ეკლესიაში არსებულისა. დარწმუნრბული ვარ, სხვა ადამიანი ვერცერთი ამ პასუხისმგებლობას ვერ აიღებდა. დარწმუნებული ვარ პატრიარქი ბევრად უფრო კეთილად მოიხსენიებდა მამა გიორგი მამალაძეს თავის საუბარში და მან მისცა თავს უფლება, თავისი ოქროს თევზების მეშვეობით, რომ გადაეჭრათ, ისე გამოეგზავნათ [ვიდეომიმართვა].  იმიტომ, რომ პატრიარქის გარემოცვაში სხვა, პასუხისმგებლობის მქონე პირი ამ საკითხებთან მიმართებით, მე არ მეგულება” – ამბობს მიტროპოლიტი.
მისივე თქმით, ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ როგორ იზოლაციაშია პატრიარქი:
“სწორედ ამ თავხედობამ მიგვიყვანა ამ მდგომარეობამდე. ეს არის ფაქტი, კიდევ ერთხელ მხოლება და მტკიცებულება იმისა, თუ რა უფლებებს აძლევს თავს საკუთარი გარემოცვა, როგორ იზოლაციაშია პატრიარქი და როგორ არასრულყოფილად ხდება პატრიარქის სიტყვის ჩვენამდე მოსვლა და როგორ მიკერძოებულ სამართალს აქვს ადგილი” – თქვა ჭყონდიდის მიტროპოლიტმა პეტრემ ტელეკომპანია “იმედისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

“რა მოხდა? რატომ მოხდა, რომ მამა გიორგი ლაპარაკობს ხან ერთს, ხან მეორეს? ვისი დავალებით ხდება ეს?” – ეს არის ტექსტი, რომელიც ამოჭრილია პატრიარქის ვიდეოგანცხადებიდან, რაც გაავრცელა ზუგდიდსა და ცაიშის ეპარქიამ სამი დღის წინ.

ვიდეომიმართვის სრული ვერსია დღეს ტელეკომპანია ობიექტივმა გამოაქვეყნა. პატრიარქის ტექსტი დეკანოზზე ამ ნაწილიანად ასე გამოიყურება:

“…სამწუხაროდ, მე მომიხდა გერმანიაში ჩამოსვლა და გამიკეთეს ნაღვლის ოპერაცია. ოპერაცია კარგად დამთვარდა, კარგი შედეგებია, ექიმები იტყვიან ამის შესახებ. მე ასევე მინდა შევეხო იმ უცნაურ და არანორმალურ სიტუაციას, რომელიც დაკავშირებულია მამა გიორგი მამალაძესთან. მე ვიცნობ მამა გიორგის, უკვე კარგა ხანია, და კარგის მეტი მე არაფერი მომისმენია და მინახავს მისგან.

რა მოხდა? რატომ მოხდა, რომ მამა გიორგი ლაპარაკობს ხან ერთს, ხან მეორეს? ვისი დავალებით ხდება ეს?

…ვერავინ ვერ შეძლებს ჩვენი ერისა და ეკლესიის დარღვევას. მე სამ დღეში ჩამოვალ თბილისში და მე იმედი მაქვს, რომ ყველაფერი დამშვიდდება, გაირკვევა და ყველაფერი ნორმაზე დადგება,”- ამბობს პატრიარქი.

როგორც პატრიარქის დაცვის უფროსმა დღეს “პირველი არხის” ჟურნალისტს უთხრა, ვიდეომიმართვის გადაღებისას ის კლინიკაში არ იმყოფებოდა. პატრიარქთან ამ დროს რამდენიმე მღვდელმთავარი და სხვა პირები იმყოფებოდნენ, თუმცა სოსო ოხანაშვილმა, როგორც თავად ამბობს, მათი ვინაობა არ იცის.

მასალების გადაბეჭდვის წესი