ახალი ამბები

ეკონომიკის სამინისტრო: თბილისის საქალაქო ტრანსპორტის პრობლემა მერიამ უნდა მოაგვაროს

12 ნოემბერი, 2012 • 1872
ეკონომიკის სამინისტრო: თბილისის საქალაქო ტრანსპორტის პრობლემა მერიამ უნდა მოაგვაროს

“ამდენად, თბილისის მერის მიერ სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2″-ის პირდაპირი ეთერით 11 ნოემბერს გაკეთებული გაცხადება არის პასუხისმგებლობის თავიდან არიდება”, – აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.

 

თბილისის მერმა გიგი უგულავამ, გუშინ, 11 ნოემბერს განაცხადა, რომ ის შპს” სატრანსპორტო კომპანიის” მართვას საქართველოს მთავრობას სთავაზობს, რათა შეწყდეს ყვითელი ავტობუსების მძღოლების გაფიცვა, ქალაქში აღდგეს მოძრაობა და თბილისელებმა შეუფერხებლად შეძლონ გადაადგილება.

 

“თბილისის სატრანსპორტო კომპანია და თბილისის მეტროპოლიტენი მუნიციპალური დაქვემდებარების ობიექტებია. შესაბამისად, დედაქალაქის მერია ვალდებულია, უზრუნველყოს აღნიშნული სტრუქტურების გამართული ფუნქციონირება და მათ გარშემო არსებული ნებისმიერი საკითხის თუ პრობლემის მოგვარება”, – ასე უპასუხეს ეკონომიკის სამინისტროში გიგი უგულავას განცხადებას.

 

შეგახსენებთ, თბილისში ყვითელი ავტობუსების მძღოლები რამდენიმე დღეა გაფიცული არიან. მათი 16 მოთხოვნიდან 15-ის დაკმაყოფილება დედაქალაქის მთავრობამ საკუთარ თავზე აიღო, თუმცა, რაც შეეხება მოთხოვნას ხელფასების ზრდასთან დაკავშირებით, თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ მიმდინარე წელს ეს შეუძლებელია და საკითხის განხილვა მას შემდეგ იქნება ცნობილი, რაც გადაწყდება ცენტრალური ბიუჯეტიდან თბილისისთვის გამოსაყოფი ტრანსფერის ოდენობა. ამას გარდა, თბილისის ავტობუსების მძღოლები მოითხოვენ, თანამდებობა დატოვონ თბილისის სატრანსპორტო სამსახურის უფროსმა აკაკი ჯოხაძემ და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელმა ლევან კოპლატაძემ.  

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი