ახალი ამბები

გაუმართავი მენეჯმენტი თუ მედიის დაქვემდებარების მცდელობა

9 ნოემბერი, 2012 •
გაუმართავი მენეჯმენტი თუ მედიის დაქვემდებარების მცდელობა

“ეს არის ტელევიზია, რომელიც განკარგავს საჯარო კაპიტალს. ეს ტელეკომპანია ემსახურება საზოგადოების ინტერესებს და საზოგადოება უფლებამოსილია იცოდეს, რამდენად კანონიერად და მიზანშეწონილად იხარჯება ეს თანხა. ვერანაირად ვერ განვიხილავთ ირიბ ეკონომიკური ცენზურის ბერკეტად საზოგადოებრივი მაუწყებლის ფინანსური შემოწმების ფაქტს, როცა უახლოეს წარსულში ფინანსურ შემოწმებას იყენებდნენ იმისთვის, რომ მედიაზე გარკვეული ფორმით ზემოქმედება მოეხდინათ, ფინანსური ბერკეტით შეეშალათ ხელი დამოუკიდებელი მედიის მუშაობისთვის, როგორც, მაგალითად, 2011 წელს მედია პალიტრის ოფისში მოხდა. ამიტომ პარალალის გავლება საზოგადოებრივი მაუწყებლის ფინანსურ შემოწმებასთან არ არის სწორი და მართებული. მით უმეტეს, რომ არანაირი ჩარევა სარედაქციო პოლიტიკაში არ ხორციელდება”.

ჟურნალისტი ეკა კვესიტაძე, რომელსაც საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადაცემა “აქცენტები” მიყავს, მიიჩნევს, რომ მოცემულ მომენტში არსებობს საშიშროება, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ახალი ხელისუფლების დაქვემდებარებაში აღმოჩნდეს.

“ძალიან სერიოზულ საშიშროებას ვხედავ, რომ ახალი ხელისუფლება ძველი ხელისუფლების გზას დაადგება. ამიტომ ჩნდება ეჭვები, რომ ეს შემოწმება არ იყოს მხოლოდ შემოწმებისთვის, არამედ საზოგადოებრივ მაუწყებელთან ხელისუფლების ურთიერთობის დასაწყისი. მეშინია, რომ ამ ყველფერში პოლიტიკური მოტივები დევს. დღეს საზოგადოებრივ მაუწყებელს ჰყავს ბორდი, რომელიც არ არის ამ პარლამენტის დამტკიცებული, ხელმძღვანელი, რომელიც არ არის ხელისუფლების დანიშნული, ამიტომ თუ დღეს ხელისუფლებამ მოინდომა არა მოცემულ ვადებში ცვლილება, არამედ ფორსირებულად ცვლილება, ეს აშკარად იქნება მცდელობა, განახორციელონ არხზე პოლიტიკური ზეწოლა”. 

ჟურნალისტი ეკა კვესიტაძე ამბობს, რომ არხზე მიმდინარე ფინანსური შემოწმება მას, როგორც ჟურნალისტს, საქმიანობაში ხელს ამ ეტაპზე არ უშლის.

ზვიად ქორიძე ფიქრობს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის საგადასახადო დავალიანება მიუთითებს ტელევიზიის გაუმართავ მენეჯმენტზე.

“მენეჯმენტი არის გაუმართავი. სამეურვეო საბჭოს აქვს ორი მთავარი ფუნქცია, ერთი – ეს არის პროგრამული პრიორიტებების განსაზღვრა, მეორე – ამ პრიორიტეტების საფუძველზე ბიუჯეტის შედგენა და დამტკიცება, რომელსაც შემდეგ წარუდგენს საქართველოს პარლამენტს. შესაბამისად, რახან არის გარკვეული ხარვეზები ბიუჯეტის შესრულებაში, ეს ნიშნავს, რომ პროგრამული პრიორიტეტებიც ირღვევა ამ დროს.”

მენეჯმენტის გაუმართავ მუშაობაზე ზუსტი პასუხი არ აქვს ეკა კვესიტაძეს, თუმცა ამბობს, რომ არხთან დაკავშირებით მისი დამოკიდებულება ამ დრომდეც იყო ცნობილი. კვესიტაძე ფიქრობს, რომ არხს შეეძლო წინა ხელისუფლების პირობებში უკეთ ემუშავა. ის ასევე ამბობს, რომ გარკვეულწილად მენეჯმენტის მუშაობითაც უკმაყოფილო იყო:

“მე ამ ტელევიზიაში ერთი გადაცემა მაქვს, ჩემი უფლებამოსილება ამ ერთ გადაცემაზე ვრცელდება. მენეჯმენტის მუშაობით კმაყოფილი არ ვიყავი და ეს დამოკიდებულება არასდროს იყო დამალული. თუ რაიმე პრობლემებია პირველ არხზე, ეს უნდა გადაწყდეს ცივილურად და გამჭვირვალედ. არსებული პრობლემები არ უნდა იქნას გამოყენებული იმისთვის, რომ ახალმა ხელისუფლებამ თავის დაქვემდებარებაში მოაქციოს ეს არხი”.

კვესიტაძე ფიქრობს, რომ არხის პრობლემები შეიძლება “ბოროტად იქნას გამოყენებული”.

საზოგადოებრივ მაუწყებელს საგადასახადო დავალიანება 3 მილიონ რვაასი ათასი ლარი აქვს. გარდა ამისა, როგორც opendata-ს ინფორმაციით ირკვევა, საზოგადოებრივ მაუწყებელს არ აქვს გადახდილი ის თანხა, რომელიც მას უპროცენტო სესხის სახით გამოეყო, „Eutelast SA”-ს შორის საარბიტრაჟო დავის მორიგებით დამთავრების ფინანსური უზრუნველყოფის მიზნით.

ამავე წყაროზე დაყრდნობით, არხს ბანკის სესხიც აქვს აღებული. როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის ფინანსური ანგარიშებიდან ირკვევა, საქართველოს მთავრობიდან მიღებული ფინანსური დახმარებების გარდა, მაუწყებელი სარგებლობდა ასევე საბანკო სესხებითაც (2011 წელს საზოგადოებრივი მაუწყებლის ბანკის კრედიტის მომსახურებისთვის გაწეულმა ხარჯმა შეადგინა 3 465 000 ლარი).

ზვიად ქორიძე ამბობს, რომ თანხა, რომელიც მაუწყებელს სარეზერვო ფონდიდან გამოუყვეს, მომდევნო წლების ბიუჯეტიდან უნდა გადაეხადა. რადგან იმ მომენტში, როდესაც მას საარბიტრაჟო დავის შედეგად თანხის გადახდა მოუწია საქმის წაგების გამო, რაც პირველი კავკასიურის სატელიტზე გაშვებულ საცდელ სიგნალს უკავშირდებოდა, იმ წლის ბიუჯეტით არ იყო გათვალისწინებული.

რაც შეეხება საგადასახადო დავალიანებას, ქორიძე ფიქრობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ საჯარო კაპიტალის არამიზნობრივ ხარჯვასთან გვქონდა საქმე, შესაბამისი პასუხისმგებლობაც დადგება.

“თუ დადასტურდა და დავინახავათ, რომ საქმე გვაქვს საჯარო კაპიტალის არამიზნობრივ ხარჯვასთან, მაშინ, რა თქმა უნდა, იმუშავებს ის სათანადო პრინციპები ჩვენი კანონმდებლობის, რომელიც საზოგადოებრივი ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაზე პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. საზოგადოება იმიტომ იღებს ამ თანხას, რომ მიიღოს ადეკვატური, მისი ინტერესებისგან გამომდინარე საზოგადოებრივი პროდუქტი. თუ ამას ტელევიზია ვერ უზრუნველყოფს, ეს იმას ნიშნავს, რომ ის არამიზნობრივად ხარჯავს ფულს”.

საზოგადოებრივ მაუწყებელში შემოსავლების სამსახური ფინანსთა მინისტრის 6 ნოემბერის ბრძანებით შევიდა შესამოწმებლად.

მასალების გადაბეჭდვის წესი