ახალი ამბები

hridc: დეკანოზ გიორგი მამალაძის უდანაშაულობის პრეზუმპცია ირღვევა

14 თებერვალი, 2017 • 2226
hridc: დეკანოზ გიორგი მამალაძის უდანაშაულობის პრეზუმპცია ირღვევა

არასამთავრობო ორგანიზაცია “ადამიანის უფლებათა ცენტრი” (hridc) განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ მთავრობისა და პარლამენტის მაღალჩინოსნები არღვევენ დეკანოზ გიორგი მამალაძის უდანაშაულობის პრეზუმპციას.

ადამიანის უფლებათა ცენტრი შეშფოთებულია დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავებასთან დაკავშირებით მედიისთვის საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის მაღალჩინოსანი წევრების მიერ გავრცელებული განცხადებებით, რითაც, ორგანიზაციის შეფასებით, უხეშად დაირღვა დაკავებულის უდანაშაულობის პრეზუმფცია.

“საქართველოს პრემიერმინისტრის, ვიცეპრემიერის, იუსტიციის მინისტრის, პარლამენტის ვიცესპიკერის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარისა და სხვა პარლამენტარების მიერ გამოთქმული შეფასებები, რომ მზადდებოდა და აღკვეთილია უმძიმესი დანაშაული საქართველოს კათოლიკოსპატრიარქის წინააღმდეგ, არღვევს აღნიშნულ საქმეში დაკავებულის უფლებას უდანაშაულობის პრეზუმპციაზე.

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, „ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით“, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

ადამიანის უფლებათა ცენტრი ხელისუფლების წარმომადგენლებს, ასევე, შეახსენებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლს, რომლის თანახმადაც, უდანაშაულობის პრეზუმპცია წარმოადგენს სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური უფლების შემადგენელ უმნიშვნელოვანეს პრინციპს: ყოველი პირი, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით“.

“აღნიშნულ საქმეზე არ არსებობს გამამტყუნებელი განაჩენი. ამ ეტაპზე საზოგადოებისთვის უცნობია დაკავებული დეკანოზის პოზიცია. ინფორმაციას მედიას ვერ აწვდის მისი ადვოკატიც, რადგან პროკურატურამ გაუთქმელობის ხელწერილი დააწერინა (თუმცა, უცნობია, საქმეს გრიფისაიდუმლოადევს თუ არა). მედიაში ვრცელდება ურთიერთგამომრიცხავი შეფასებები მაღალი იერარქიის სასულიერო პირების მხრიდან, რომელთა ნაწილი არათუ დეკანოზ გიორგი მამალაძის დამნაშავეობას აყენებს ეჭვის ქვეშ, არამედ თვითონ დანაშაულსაც.

ამ ვითარებაში მაღალი თანამდებობის პირების მიერ გაკეთებული განცხადებები არღვევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რამაც, ამავე დროს, შესაძლოა, ზეგავლენა იქონიოს საზოგადოების წინასწარი აზრის ფორმირებაზე და საფრთხე შეუქმნას სამართლიან და მიუკერძოებელ სამართალწარმოებას აღნიშნულ საქმეზე“, – აცხადებს hridc.

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ამჟამად იმყოფება რუსთავის #6 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დეკანოზ გიორგი მამალაძესთან. მასთან შეხვედრის დეტალებზე ორგანიზაცია ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი