ახალი ამბები

თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმის მონაწილეს პირობითი პატიმრობა მიუსაჯეს

14 თებერვალი, 2017 • 2121
თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმის მონაწილეს პირობითი პატიმრობა მიუსაჯეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმის ფიგურანტ ბორის ჩაგუნავას 4 წლით პატიმრობა მიუსაჯა, რაც ჩაეთვალა 6 წლით პირობით მსჯავრად.

სასამართლომ განგვიცხადა, რომ ჩაგუნავას მიმართ სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი 9 თებერვალს გამოიტანა.

საქართველოს პარლამენტის წევრმა გიორგი კანდელაკმა განაცხადა, რომ ეს ინფორმაცია შოკის მომგვრელია.

,,ჩვენთვის აღმოჩნდა შოკის მომგვრელი ინფორმაცია, რომ გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებაში მთავარი ფიგურანტს მთავარმა პროკურატურამ უსწრაფესად დაუმთავრა საქმე, მას მიესაჯა პირობითი სასჯელი და იგი უკვე გათავისუფლებულია პატიმრობიდან”,- განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

გამოძიება ჩაგუნავას ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვას ედავებოდა. სასამართლომ ბორის ჩაგუნავა დამნაშავედ სცნო  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით.

პროკურატურის ცნობით, ჩაგუნავამ განმარტა, რომ საბრძოლო ნივთები, რომლებიც მის ბინაში აღმოაჩინეს მასთან ბინაში 2016 წლის ზაფხულში შესანახად მისმა სიძემ დარჩო ხეჩუაშვილმა მიიტანა.

გამოძიების ცნობით, დარჩო ხეჩუაშვილი გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობაშია ბრალდებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109 -ე  მუხლის პირველი ნაწილის „გ“, მეორე ნაწილის „ბ“, მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, 236-ე მუხლის მეორე, მესამე და მეოთხე ნაწილებით და  187-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით.

ავტომობილი, რომელშიც პარლამენტის მაშინდელი დეპუტატი, გივი თარგამაძე მძღოლთან ერთად იმყოფებოდა, 4 ოქტომბერს, საღამოს 9 საათზე, თბილისში, კოლმეურნეობის მოედანზე ააფეთქეს.  აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაშავდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე–19 (დანაშაულის მცდელობა) და 109-ე (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში) მუხლებით დაიწყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი