ახალი ამბები

ეპისკოპოსის თქმით, დაკავებული დეკანოზი შორენა თეთრუაშვილს უქმნიდა დისკომფორტს

13 თებერვალი, 2017 • 1699
ეპისკოპოსის თქმით, დაკავებული დეკანოზი შორენა თეთრუაშვილს უქმნიდა დისკომფორტს

ჭყონდიდის მიტროპოლიტი სინოდის წევრი ეპისკოპოსი პეტრე, მაღალი საეკლესიო იერარქის მკვლელობის მომზადების საქმის შესახებ საუბრისას საპატრიარქოში არსებულ ჩრდილოვან  მართველობაზე საუბრობს, კონკრეტულად კი პატრიარქის მდივან რეფერანტზე, შორენა თეთრუაშვილზე.

საქართველოს მთავარი პროკურატურის ცნობით, საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით 10 თებერვალს დააკავეს.

“ეს ქალბატონი [შორენა თეთრუაშვილი] ასევე მართავდა ეკონომიკურ სამსახურს, ქონების მართვის სამსახურს, მანამ სანამ დაინიშნებოდა მამა გიორგი, რა თქმა უნდა, ყველაზე დიდი დისკომფორტი ამ ქალბატონს შეექმნა და მის ბინძურ საქმეებს, რომელიც წარმოჩინდა მამა გიორგის ამ სამსახურში ჩართულობის შემდეგ”,- განაცხადა ეპისკოპოსმა პეტრემ “იმედთან” საუბრისას.

შეკითხვას მისი აზრით პროკურატურა შორენა თეთრუაშვილის მიერ დაგეგმილ პროვოკაციას წამოეგო თუ არა, ეპისკოპოსი პეტრე ასე პასუხობს:

“არ გამოვრციხავ, რომ ამას წამოეგო თავად მამა გიორგი, არ გამოვრიცხავ, რომ მამა გიორგი თავისი გამოუცდელობით ახალგაზრდობით ამ სცენარის თანამონაწილე გახდა”,- ამბობს მეუფე პეტრე.

პროკურატურის ცნობით, მამალაძე ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი