ახალი ამბები

დავა პარლამენტში საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელობისთვის [Video]

6 ნოემბერი, 2012 • 1002
დავა პარლამენტში საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელობისთვის [Video]

„საპარლამენტო უმრავლესობამ პოლიტიკური მოტივაციის გამო უარი თქვა იმ წინადადებაზე, რომელიც მათ მიერვე იყო ჩაწერილი საარჩევნო პროგრამაში. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც, ფაქტობრივად, კენჭისყრის გზით დადასტურდა, რომ “ქართული ოცნების” წარმომადგენლები რეალურად არ აპირებენ არც ერთი იმ ნაბიჯის გადადგმას, რაც მათ საარჩევნო პროგრამაში იყო დაფიქსირებული,“ – ეს განცხადება პაარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ უმცირესობის წევრმა პავლე კუბლაშვილმა გააკეთა.

 

კომიტეტის თავმჯდომარის, ვახტანგ ხმალაძის განმარტებით, “ქართული ოცნების” პროგრამის განხორციელება მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, როდესაც კონსტიტუცია შესაბამისობაში იქნება მოყვანილი ხელისუფლების დანაწილების პრინციპთან:

 

„იმის გამო, რომ დღეს სახელმწიფოს პრეზიდენტი, რომელიც ფართო კონსტიტუციური უფლებებითაა აღჭურვილი, არის “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, რომელიც უმცირესობას წარმოადგენს პარლამენტში, ამ უმცირესობის უფლებების ასეთი გაზრდა კიდევ უფრო გაზრდის დისბალანსს და შექმნის უფრო მეტ პოლიტიკურ რისკს, ვიდრე დღეს არის.“

 

გარდა ამისა, “ქართული ოცნების” წარმომადგენლები განმარტავენ, რომ შეუძლებელია საგამოძიებო კომისიის საქმიანობა იმ პარტიას მიანდო, რომლის საქმიანობაა გამოსაძიებელი.

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ ინიცირებულია პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების პროექტი, რომლის მიხედვითაც, დროებით საგამოძიებო კომისიაში უმრავლესობის წარმომადგენლობა კომისიის წევრთა საერთო რაოდენობის ნახევარზე ნაკლები უნდა იყოს და კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს უმცირესობას. სწორედ აღნიშული კანონპროექტი იქნა განხილული დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ.

მასალების გადაბეჭდვის წესი