ახალი ამბები

პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია

8 თებერვალი, 2017 • 3549
პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია

დღეს, 8 თებერვალს, პარლამენტმა მართლმსაჯულების რეფორმის  ​მესამე ტალღასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტზე პრეზიდენტის  მიერ დადებული ვეტო დაძლია.

პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს მხარს უჭერდა საპარლამენტო უმცირესობა, ნაციონალური მოძრაობა და პატრიოტთა ალიანსი.

პარლამენტმა თავდაპირველად კენჭი პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს უყარა, თუმცა მისი ვარიანტი 26 ხმით 74-ის წინააღმდეგ ჩავარდა, რის შემდეგაც დეპუტატებმა კანონპროექტის პირვანდელ ვერსიას უყარეს კენჭი და პრეზიდენტის ვეტო “საერთო სასამართლოების შესახებ” საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტზე  97 ხმით 18-ის წინააღმდეგ დაძლიეს.

პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ პარლამენტის მიერ დამტკიცებული კანონი  საქართველოს კონსტიტუციასა და საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს არ შეესაბამება.

პარლამენტის მიერ დამტკიცებული კანონის მიხედვით, სააპელაციო და რაიონული (საქალაქო) სასამართლოების მოსამართლე თანამდებობაზე გამწესდება 3 წლის ვადით, ამ ვადის გასვლამდე არაუადრეს 2 და არაუგვიანეს 1 თვისა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო შედეგების ანალიზის საფუძველზე. პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების თანახმად კი, რაიონული(საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოების თავმჯდომარეები ფარული კენჭისყრით თავად ამ სასამართლოს მოსამართლეებმა უნდა აირჩიონ.

პრეზიდენტი ასევე მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს მოსამართლის სამწლიანი გამოსაცდელი ვადით დანიშვნა და სააპელაციო და რაიონული სასამართლოს მოსამართლეები  პირდაპირ უვადოდ უნდა დანიშნოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ.

პარლამენტის მიერ დამტკიცებული კანონის თანახმად, უზენაესი სასამართლოს წევრთა – მოსამართლეთა რაოდენობაა არანაკლებ 16-ისა. პრეზიდენტი კი მიიჩნევს, რომ მინიმალურის გარდა უნდა განისაზღვროს მოსამართლეთა მაქსიმალური რაოდენობაც.

პრეზიდენტის შენიშვნების თანახმად, საქართველოს საერთო სასამართლოებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წარმოადგენენ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და მოსამართლეთა კონფერენციის არჩეული რვა წევრი, მათ შორის საქართველოს იუსტიციის საბჭოს მდივანი.

პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების სრული ტექსტი იხილეთ ამ ბმულზე.

24 იანვარს საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ვეტო დაადო “საერთო სასამართლოების შესახებ” მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს, რომელიც პარლამენტმა 2016 წლის 29 დეკემბერს დაამტკიცა.

მასალების გადაბეჭდვის წესი