ახალი ამბები

პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები მართლმსაჯულების III ტალღის პაკეტზე

25 იანვარი, 2017 • 3185
პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები მართლმსაჯულების III ტალღის პაკეტზე

საქართველოს პრეზიდენტმა ​სასამართლო სისტემის რეფორმის მესამე ტალღასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტზე მომზადებული მოტივირებული შენიშვნები პარლამენტს გაუგზავნა.

პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ პარლამენტის მიერ დამტკიცებული კანონი  საქართველოს კონსტიტუციასა და საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს არ შეესაბამება.

პარლამენტის მიერ დამტკიცებული კანონის მიხედვით, სააპელაციო და რაიონული (საქალაქო) სასამართლოების მოსამართლე თანამდებობაზე გამწესდება 3 წლის ვადით, ამ ვადის გასვლამდე არაუადრეს 2 და არაუგვიანეს 1 თვისა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო შედეგების ანალიზის საფუძველზე. პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების თანახმად კი, რაიონული(საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოების თავმჯდომარეები ფარული კენჭისყრით თავად ამ სასამართლოს მოსამართლეებმა უნდა აირჩიონ.

პრეზიდენტი ასევე მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს მოსამართლის სამწლიანი გამოსაცდელი ვადით დანიშვნა და სააპელაციო და რაიონული სასამართლოს მოსამართლეები  პირდაპირ უვადოდ უნდა დანიშნოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ.

პარლამენტის მიერ დამტკიცებული კანონის თანახმად, უზენაესი სასამართლოს წევრთა – მოსამართლეთა რაოდენობაა არანაკლებ 16-ისა. პრეზიდენტი კი მიიჩნევს, რომ მინიმალურის გარდა უნდა განისაზღვროს მოსამართლეთა მაქსიმალური რაოდენობაც.

პრეზიდენტის შენიშვნების თანახმად, საქართველოს საერთო სასამართლოებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წარმოადგენენ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და მოსამართლეთა კონფერენციის არჩეული რვა წევრი, მათ შორის საქართველოს იუსტიციის საბჭოს მდივანი.

პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების სრული ტექსტი იხილეთ ამ ბმულზე.

24 იანვარს საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ვეტო დაადო “საერთო სასამართლოების შესახებ” მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს, რომელიც პარლამენტმა 2016 წლის 29 დეკემბერს დაამტკიცა.

მასალების გადაბეჭდვის წესი