ახალი ამბები

ადამიანთა უფლებათა კომიტეტში ნიგვზიანის შემთხვევას განიხილავენ [Video]

5 ნოემბერი, 2012 • • 947
ადამიანთა უფლებათა კომიტეტში ნიგვზიანის შემთხვევას განიხილავენ [Video]

„რელიგიურ ნიადაგზე საქართველოში ისტორიას არ ახსოვს დაპირისპირება, არც ახლა მოხდება, ამაში გარწმუნებთ, რადგან მუსლიმი და ქრისტიანი თანაცხოვრებით ცხოვრობენ დიდი ხნის განმავლობაში. ის, რომ საკითხი დაისვა და ცოტა გამწვავებული ხასიათი მიიღო, პირდაპირ შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ეს არის ნარჩენი ხელისუფლების პროვოკაციული ქმედება,“ – ეს განცხადება “ნეტგაზეთთან” საუბარში პარლამენტის ვიცე სპიკერმა მურმან დუმბაძემ გააკეთა.

 

მისივე თქმით, საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც ტოლერანტობას ვერავინ ასწავლის:

„ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება, ილოცოს იქ, სადაც სურს, ამაზე პრობლემა არასოდეს შექმნილა და არც შეიქმნება”.

საპარლამენტო უმცირესობის წევრის, აკაკი ბობოხიძის მოსაზრებით, ხელისუფლება ძველ და აპრობირებულ მეთოდს იყენებს და თავის ყველა პრობლემას ძველ ხელისუფლებას აბრალებს:

 

„ეს ხალხი, მე მგონი, ჯერაც ვერ აცნობიერებს, რომ მოვიდნენ ხელისუფლებაში და მოიგეს არჩევნები, იმიტომ, რომ ჩვენ რატომ გვიგებენ ნიშს ამა თუ იმ აქციაზე, მე ნამდვილად ვერ ვხვდები”.

ბობოხიძის განმარტებით, კოალიციაში შემავალ ყველა პარტიას თავისი ინტერესი აქვს და ცდილობენ, რომ კოალიციის დაშლის შემდეგ თავში მოექცნენ.

ადამიანის უფლებების კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უკვე შეხვდა საქართველოს პატრიარქს. ასევე ეპისკოპოსებთან ერთად შეხვდა მუსლიმთა გაერთიანების სამმართველოს წევრებს. ბესელიას თქმით, ისინი კონსესუსამდე მიდიან:

„მთავარი წუხილი, რაც არის მოსახლეობის და ასევე, ის წუხილი, რომ არავის არ შეეშალოს ხელი აღმსარებლობაში და რწმენის თავისუფლებაში, ჩვენ მაქსიმალურად დავიცავთ, რომ არავის უფლება არ დაირღვას“.

კომიტეტის სხდომას ასევე ესწრება არჩილ კახაძე. სახლი, რომელშიც მუსლიმური სამლოცველოა გახსნილი, ვინმე ავთანდილ წინწკალაშვილს ეკუთვნის. არჩილ კახაძე სამლოცველოს მეზობლად საკუთარ სახლს იშენებს და დროებით, ოჯახთან ერთად, წინწაკალაშვილის სახლში ცხოვრობს. ამ სახლში, მეორე სართულზე, ადგილობრივი მუსლიმებისთვის საჯარო სამლოცველოა მოწყობილი. 

 

„აქ ჩამოსახლებული აჭარლებიდან ზოგი გაქრისტიანდა, მაგრამ საკმაოდ დიდი ნაწილი მუსლიმური რელიგიის მიმდევარია და გვინდა, რომ ჩვენი საკუთარი სამლოცველო გვქონდეს. დღეს არ არის იმის ფუფუნება, რომ სალოცავად ყოველ კვირას ბათუმის ჯამეში ან სხვა სოფლებში ვიაროთ. ვფიქრობ, ლოცვის უფლება გვაქვს და ამით არაფერს ვაშავებთ“, – ამბობს არჩილ კახაძე.  

 

სხდომას ესწრებიან: „სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს“ მუფთი ჯემალ პაქსაძე, ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელი ბექა მინდიაშვილი და საპატრიარქოს წარმომადგენლები.

მასალების გადაბეჭდვის წესი