“პატრიოტთა ალიანსი” მოითხოვს, პარლამენტმა კენჭისყრაზე გაიტანოს 200 ათასი მოქალაქის ხელმოწერით ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომელიც საარჩევნო სისტემის რეფორმას ეხება. ამის შესახებ ირმა ინაშვილმა დღეს, 8 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
კანონპროექტის მიხედვით, პარლამენტი დაკომპლექტდება ერთიანი პროპორციული სისტემით არჩეული 75 და სამხარეო-პროპორციული სისტემით არჩეული 75 დეპუტატისგან. ირმა ინაშვილის თქმით, “ქართული ოცნება” უარს ამბობს მოქმედი საარჩევნო სისტემის შეცვლაზე:
“ხელისუფლებაში მოსვლამდე “ქართული ოცნება” აცხადებდა, რომ მაჟორიტარულ სისტემას გააუქმებდა, მაგრამ მოვიდა ხელისუფლებაში და უარს ამბობს გაუქმებაზე. ეს იმიტომ, რომ ყველა ხელისუფლება იყენებდა მაჟორიტარულ სისტემას გამარჯვების ფუნდამენტად.”
ინაშვილის თქმით, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე “პატრიოტთა ალიანსს” განუცხადეს, რომ ამ საკითხს კენჭისყრაზე არ დააყენებენ:
“ეს პროექტი პარლამენტის სხდომაზე განხილულია და კენჭისყრა დარჩა, მაგრამ ბიუროზე გვეუბნებიან, რომ კენჭისყრაზე არ გაიტანენ. მივმართავთ საპარლამენტო უმრავლესობას, რომ ეს საკითხი აუცილებლად შეიტანონ დღის წესრიგში და ჩავატაროთ კენჭისყრა.”
კონსტიტუციის ზოგადი ან ნაწილობრივი გადასინჯვის კანონპროექტის შეტანის უფლება აქვთ პარლამენტის წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტს და არანაკლებ 200 000 ამომრჩეველს.
კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი წარედგინება საქართველოს პარლამენტს, რომელიც აქვეყნებს მას საყოველთაო-სახალხო განხილვისათვის. პარლამენტში კანონპროექტის განხილვა იწყება მისი გამოქვეყნებიდან ერთი თვის შემდეგ.
კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას საქართველოს პარლამენტის ორ თანამიმდევრულ სესიაზე სულ ცოტა სამი თვის ინტერვალით მხარს დაუჭერს საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეოთხედი, ანუ 113 დეპუტატი.