მსჯავრდებულების განცხადებით, N15 დაწესებულებაში ახალი დირექტორის დანიშვნის შემდეგ დაწესებულების თანამშრომლები გამომწვევად და უხეშად ექცევიან. 

 

სახალხო დამცველის აპარატის პრევენციის და მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლები ქსნის N15 დაწესებულებაში გუშინ, 4 ნოემბერს იმყოფებოდნენ. მონიტორინგის დროს პრევენციული ჯგუფის წევრები შეხვდნენ 13 მსჯავრდებულს, რომელთაც პროტესტის ნიშნად ამოკერილი აქვთ პირი.

 

სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, მსჯავრდებულები მიუთითებენ ადმინისტრაციის მხრიდან დაწესებულ შეზღუდვებზე. კერძოდ, მათ ეკრძალებათ სასადილოში საუბარი, სხვა საცხოვრებელ კორპუსში გადასვლა, წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრებიან სამარტოო საკანში მოთავსებით. მსჯავრდებულების გადმოცემით, ამჟამინდელი დირექტორი გარკვეული პერიოდის წინ მუშაობდა თბილისის N1 დაწესებულებაში დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე, რა დროსაც პატიმრებს აყენებდა შეურაცხყოფას. გარდა ამისა, მსჯავრდებულები უკმაყოფილებას გამოთქვამენ დაწესებულების სოციალური სამსახურის მუშაობით. 

 

სახალხო დამცველის წარმომადგენლებისთვის ანალოგიური პრეტენზიებით N15 დაწესებულების სხვა ნაწილებში განთავსებულ პატიმრებს არ მიუმართავთ. 

 

სახალხო დამცველის წარმომადგენლების მიერ მსჯავრდებულებთან გასაუბრებისას შედგენილი ოქმის ასლი რეაგირებისთვის საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას გადაეგზავნა.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *