ახალი ამბები

იურიდიულ საკითხთა კომიტეტეტის სხდომაზე პრეზიდენტის ვეტოს განიხილავენ

7 თებერვალი, 2017 • 1679
იურიდიულ საკითხთა კომიტეტეტის სხდომაზე პრეზიდენტის ვეტოს განიხილავენ

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დეპუტატები მართლმსაჯულების რეფორმის  ​მესამე ტალღასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტზე პრეზიდენტის  მიერ მომზადებულ მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავენ.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, ანა დოლიძის თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაციას სურს, პარლამენტმა შენიშვნები გულისხმიერად მიიღოს და გაითვალისწინოს:

“გადავწყვიტეთ, რომ წარმოდგენილი პაკეტი გავაუმჯობესოთ ორი მიმართულებით: ხელი შევუწყოთ სასამართლო სისტემის დეცენტრალიზაციას იმით, რომ ჩვეულებრივმა მოსამართლეებმა თვითონ აირჩიონ სასამართლოების თავმჯდომარეები; ასევე გავაძლიეროთ მოსამართლეების დაცულობა და მოვხსნათ სამწლიანი გამოსაცდელი ვადა. ამაზე ვენეციის კომისიას არაერთხელ გამოუთქვამს კრიტიკული მოსაზრება,” – ამბობს ანა დოლიძე.

კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებში ბევრი წინააღმდეგობაა:

“ვეტოს დაძლევის მიმართულებით წინასწარი პრინციპული პოზიცია არ გვაქვს, მაგრამ ეს ვეტო ბევრი კრიტიკის მატარებელია, ბევრი კითხვა გვაქვს და ბევრი წინააღმდეგობაა. ჩვენი მიღებული პაკეტი უფრო დემოკრატიულია, უფრო მეტი თავისუფლების მიმნიჭებელია მოსამართლეებისთვის, უფრო მეტი დამოუკიდებლობის განმსაზღვრელია. ასეთი ნორმების შეჩერება გაუბარია.”

იურიდიულ საკითხთა კომიტეტი

 

პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს იზიარებს საპარლამენტო უმცირესობა. გიორგი ტუღუშის თქმით, პრეზიდენტის შენიშვნების დიდი ნაწილი საკმაოდ პრინციპულია და ძალიან მნიშნელოვანი იმისათვის, რომ მოსამართლეებზე ზეწოლა არ განხორციელდეს:

“პარლამენტის დამტკიცებულ პაკეტში გათვალისწინებული არ არის ვენეციის კომისიის მთელი რიგი პრინციპული შენიშნები და რეკომენდაციები. ნაქები რეფორმა საფრთხის წინაშე დგას. შეიძლება საერთაშორისო პრაქტიკასთან და სტანდარტებთან შეუსაბამო ჩანაწერები “გაძვრეს”, – ამბობს ტუღუში.

პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ პარლამენტის მიერ დამტკიცებული კანონი  საქართველოს კონსტიტუციასა და საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს არ შეესაბამება.

პარლამენტის მიერ დამტკიცებული კანონის მიხედვით, სააპელაციო და რაიონული (საქალაქო) სასამართლოების მოსამართლე თანამდებობაზე გამწესდება 3 წლის ვადით, ამ ვადის გასვლამდე არაუადრეს 2 და არაუგვიანეს 1 თვისა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო შედეგების ანალიზის საფუძველზე. პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების თანახმად კი, რაიონული(საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოების თავმჯდომარეები ფარული კენჭისყრით თავად ამ სასამართლოს მოსამართლეებმა უნდა აირჩიონ.

პრეზიდენტი ასევე მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს მოსამართლის სამწლიანი გამოსაცდელი ვადით დანიშვნა და სააპელაციო და რაიონული სასამართლოს მოსამართლეები  პირდაპირ უვადოდ უნდა დანიშნოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ.

პარლამენტის მიერ დამტკიცებული კანონის თანახმად, უზენაესი სასამართლოს წევრთა – მოსამართლეთა რაოდენობაა არანაკლებ 16-ისა. პრეზიდენტი კი მიიჩნევს, რომ მინიმალურის გარდა უნდა განისაზღვროს მოსამართლეთა მაქსიმალური რაოდენობაც.

პრეზიდენტის შენიშვნების თანახმად, საქართველოს საერთო სასამართლოებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წარმოადგენენ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და მოსამართლეთა კონფერენციის არჩეული რვა წევრი, მათ შორის საქართველოს იუსტიციის საბჭოს მდივანი.

პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების სრული ტექსტი იხილეთ ამ ბმულზე.

24 იანვარს საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ვეტო დაადო “საერთო სასამართლოების შესახებ” მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს, რომელიც პარლამენტმა 2016 წლის 29 დეკემბერს დაამტკიცა.

მასალების გადაბეჭდვის წესი