სამინისტროს ცნობით, გენერალური ინსპექციამ, მსჯავრდებულთა და მათი ოჯახის წევრების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, 2012 წლის 2 ნოემბერს დაიწყო მოკვლევა. გენერალური ინსპექციის მიერ საკითხის საბოლოო შესწავლამდე აბურჯანიას უფლებამოსილება შეუჩერდა.
სოზარ სუბარის თქმით, ამ წუთებში რუსთავის მე-16 დაწებულბაში სიმშვიდეა:
“დღეს აპირებენ შესვლას სასულიერო პირები, რომლებიც გაერკვევიან სიტუაციაში და შეეცდებიან განმუხტონ ვითარება. დაძაბულობა არის არა იმდენად შიგნით, არამედ გარეთ. იმიტომ, რომ არასწორი ინფორმაცია, რაც გამოდის ციხიდან, იწვევს საზოგადოებაში მღელვარებას.”
მისივე თქმით, ციხის უფროსის მოვალეობას დირექტორის მოადგილე შეასრულებს მანამ, სანამ გენინსპეცია დაასრულებს მოკვლევას:
“ხოლო თუ მოკვლევა დაადასტურებს იმას, რასაც პატიმრები აყენებენ ციხის უფროსის მისამართით, შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება მიღებული,” – აცხადებს სოზარ სუბარი.
პატიმართა ოჯახის წევრების განცხადებით, ციხის უფროსის შეცვლას თავად პატიმრები მოითხოვენ. პატიმრების მოთხოვნა განპირობებულია იმით, რომ ლევან აბურჯანია ძველი სისტემის ნაწილია. პატიმრები ციხის უფროსის გათავისუფლების გარდა ძველი თანამშრომლების გათავისუფლებასაც მოითხოვენ. როგორც პატიმართა ოჯახის წევრები აცხადებენ, აბურჯანიამ მისვლისთანავე განაცხადა, რომ “ახალაია მონაგონი იქნება” და პატიმრებს შეურაცხყოფას აყენებდა და ემუქრებოდა.
რუსთავის #16 დაწესებულების ხელმძღვანელად მინისტრმა სოზარ სუბარმა ლევან აბურჯანია რამდენიმე დღის წინ დანიშნა, რასაც იმთავითვე მოჰყვა პატიმრების პროტესტი. აბურჯანია ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის სამხარეო სამმართველოს გარდაბნის რაიონული სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა.