ახალი ამბები

რელიგიური დაპირისპირება ნიგვზიანში [Video]

1 ნოემბერი, 2012 • 4207
რელიგიური დაპირისპირება ნიგვზიანში [Video]

„ქართველ მუსლიმთა კავშირის“ ცნობით, ამის გამო ხვალ ნიგვზიანში სახალხო დამცველის აპარატის, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და მედიასაშუალებების წარმომადგენლები აპირებენ ჩასვლას.  

 

 ნიგვზიანში ოცწლიანი კეთილმეზობლური თანაცხოვრება ადგილობრივ მოსახლეობასა და აჭარიდან ჩასახლებულ ეკომიგრანტებს შორის დაიძაბა. უთანხმოების მიზეზი ერთ-ერთ სახლში გახსნილი მუსლიმური სამლოცველო გახდა. ოჯახები, რომლებიც წლების წინ ერთმანეთს მეგობრებად და ახლობლებად მიიჩნევდნენ, დღეს კონფლიქტზე საუბრობენ.  ქრისტიან და მუსლიმ მოსახლეობას შორის ურთიერთობა უკიდურესად ამ კვირას დაიძაბა.    

 

 

სოფელ  ნიგვზიანში 1300-მდე კომლი  ცხოვრობს. მოსახლეობის საკმაოდ დიდ ნაწილს წლების წინ აჭარიდან ჩასახლებული ეკომიგრანტების ოჯახები შეადგენენ. მოსახლეობის ნაწილი ქრისტიანული აღმსარებლობისაა, ნაწილი კი – მუსლიმია.  

 

 

სახლი, რომელშიც მუსლიმური სამლოცველოა გახსნილი, ვინმე ავთანდილ წინწკალაშვილს ეკუთვნის. არჩილ კახაძე სამლოცველოს მეზობლად საკუთარ სახლს იშენებს და დროებით, ოჯახთან ერთად, წინწაკალაშვილის სახლში ცხოვრობს. ამ სახლში, მეორე სართულზე, ადგილობრივი მუსლიმებისთვის საჯარო სამლოცველოა მოწყობილი. არჩილ კახაძის ოჯახში გვეუბნებიან, რომ სოფელში დაახლოებით ორასამდე მუსლიმი ცხოვრობს და მათთვის სამლოცველო სახლის არსებობა აუცილებელია.   

 

„აქ ჩამოსახლებული აჭარლებიდან ზოგი გაქრისტიანდა, მაგრამ საკმაოდ დიდი ნაწილი მუსლიმური რელიგიის მიმდევარია და გვინდა, რომ ჩვენი საკუთარი სამლოცველო გვქონდეს. დღეს არ არის იმის ფუფუნება, რომ სალოცავად ყოველ კვირას ბათუმის ჯამეში ან სხვა სოფლებში ვიაროთ. ვფიქრობ, ლოცვის უფლება გვაქვს და ამით არაფერს ვაშავებთ“, – ამბობს არჩილ კახაძე.  

 

მისივე თქმით,  სინდისის და აღმსარებლობის თავისუფლება კონსტიტუციითაა გარანტირებული და არ შეიძლება ვინმეს რაიმე აიძულო: „გვეუბნებიან, გურიაში რადგან დასახლდით, უნდა გაქრისტიანდეთო. ორი წლის წინ, როცა უთანხმოება პირველად გაჩნდა, საქმეში რაიონის გამგებელი გია გოგუაძეც ჩაერია. გოგუაძეც ჩვენს გაქრისტიანებაზე ზრუნავდა. ჩვენ იმიტომ ვმუშაობთ, რომ უნდა გაგაქრისტიანოთო. ჩემი გამგებლობის პერიოდში კი მეჩეთი არც ყოფილა და არც იქნებაო – ასე გვითხრა. მე ვუპასუხე, დაგაგვიანდა-მეთქი. ჩვენ არ გვინდა დაპირისპირება და კონფლიქტი, ჩვენ მშვიდობიანი, კანონისა და ღვთის მორჩილი ხალხი ვართ“, – ამბობს არჩილ კახაძე.

 

 

 

ორი წლის განმავლობაში, როგორც მუსლიმი მოსახლეობა ამბობს, ისინი მოლაპარაკებას აწარმოებდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, სამუფთოს, აჭარის მთავრობასა და საქართველოს საპატრიარქოსთანაც კი.

 

  

„მოგვიანებით გამგებელმა და ჩვენი სამუფთოს ხელმძღვანელმაც გვითხრა, რომ სიტუაცია გარკვეულია და შეგიძლიათ ილოცოთო. ორი წლის შემდეგ პირველად 26 ოქტომბერს ბაირამზე შევიკრიბეთ. ლოცვაზე მუსლიმი ქართველები სხვა სოფლებიდანაც შემოგვიერთდნენ. პირველმა დღემ მშვიდობინად ჩაირა, მაგრამ მეორე დღეს, როცა მომლოცველები მანქანებში სხდებოდნენ, რამდენიმე ჩვენი თანასოფლელი წინ გადაუდგა და საქმეების გარჩევა დაუწყო. ეუბნებოდნენ, რომ მეორედ ამ სოფელში აღარ მოსულიყვნენ“.  

 

25 ოქტომბერს დაპირისპირება სიტყვიერ შეურაცხყოფაში გადაიზარდა. ადგილობრივებმა საპატრულო პოლიციაც გამოიძახეს, თუმცა, როგორც გვიყვებიან, პოლიცია მხოლოდ დამკვირვებლის როლში იდგა: „ხალხი სახლში შემომივარდა, მაგინებდა, მლანძღავდა, აგაფეთქებთო – გვეუბნებოდნენ და პოლიციას არანაირი ზომები არ მიუღია“.

 

სოფლის ქრისტიანი მოსახლეობა ეჭვობს, რომ სამლოცველოს თურქეთის მოქალაქეები აფინანსებენ, რაც ორმაგ გაღიზიანებას იწვევს. ადგილობრივი მუსლიმები კი თურქულ ინტერესებს გამორიცხავენ: „ჩვენ მშრომელი ხალხი ვართ. დღედაღამ ცხვირი მიწაში გვაქვს ჩარგული. სამ ტონა კარტოფილს და კიტრს ვყიდი, მაქვს იმის საშუალება, რომ  ერთ ზალაში ნოხი დავაგო  და კედლები შევღებო“, – ამბობს კახაძე.  

 

თამაზ შანთაძეც მუსლიმია. იგი ამბობს, რომ თუ მუსლიმ მრევლს მოსახლეობა ლოცვის საშუალებას არ მისცემს, იძულებული იქნებიან სოფელი დატოვონ: „თუ აქ უნდა ვიცხოვროთ, მაშინ სამლოცველო გვჭირდება, თუ არადა, მაშინ უნდა ავდგეთ და წავიდეთ. სხვა სოფლიდან ნუ მოდიან მორწმუნეებიო რომ გაიძახიან, სალოცავში შემოსვლაზე კაცს უარი როგორ ვუთხრათ?!“ 

 

„ვერ წარმოიდგენთ, როგორ მტკივა გული. წლებია ერთმანეთის ჭირსა და ლხინს ვიყოფთ, სიცრუე ყოფილა ეს კეთილმეზობლობა. წელიწადში ორი ბაირამი გვაქვს და სულ გული როგორ უნდა მისკდებოდეს, რამე არ მოხდეს-მეთქი. ჩამიმწარეს ეს ბაირამიც. იმ დღეს, ჩხუბი რომ ატყდა, ლოგინად ჩავწექი“, – გვიამბობს მერი იაკობაძე. იგი ამბობს, რომ აღარ უნდა „აჭარლობის გამო მთელი ცხოვრება შეურაცხყოფილად გრძნობდეს თავს“: „წაეთრიეთ თქვენს აჭარაშიო, გვეუბნებიან, იმ აჭარაში გურული და იმერელი არ ცხოვრობს? სულ ჩემი აჭარლობის რატომ უნდა მრცხვენოდეს?! ძალიანაც მეამაყება, მშრომელი და პატიოსანი ხალხი ვართ და ჩემს ქვეყანაში სადაც მინდა, იქ ვიცხოვრებ“.     

 

„ჩვენი მიწაა, ჩვენი უბანია, ისე გვამადლიან ამ მიწას, თითქოს სამოწყალოდ ვცხოვრობდეთ“, – ამბობს ნიგვზიანელი გულნაზ კახაძე.  

 

რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია სკოლაში

 

ნიგვზიანის მუსლიმი მოსახლეობა რელიგიური ნიშნით სკოლაში ბავშვების დისკრიმინაციაზეც საუბრობს.  

 

„სკოლაში ხდება ბავშვების გარჩევა. თუ ბავშვი პირჯვარს არ იწერს, მას არც მაღალ ნიშანს უწერენ და თან ამცირებენ. ერთხელ მუსიკის მასწავლებელმა მეშვიდე კლასის მოსწავლეებს რუკა გაუშალა და უთხრა: ეს არის აჭარა, ეს კი – თურქეთი. წლების წინ თურქები აჭარაში შემოიჭრნენ, აჭარელი კაცები გაწყვიტეს, ქალები კი გააუპატიურეს და იმათი ნაბიჭვრები ხართ თქვენო. ეს ამბავი მოსწავლეებმა დამსწრესთან მოყვნენ და ერთი ამბავი ატყდა. ჩვენც დავწერეთ განცხადება დირექტორის სახელზე, მაგრამ ის მასწავლებელი დღესაც სკოლაშია“,  – ამბობს  გულნაზ კახაძე.

 

ნიგვზიანის საჯარო სკოლის დირექტორი ამირან დობორჯგინიძე „ბათუმელებთან” ამბობს,  რომ  ამ  ფაქტის შესახებ მასაც სმენია, თუმცა დეტალებზე მასთან არც მშობლებს და არც მოსწავლეებს არ უსაუბრიათ: „რაღაც-რაღაცები ჩემს ყურამდეც მოვიდა, მაგრამ ოფიციალურად რადგან არც მშობლებს მოუმართავთ და არც მოსწავლეებს უთქვამთ რაიმე, დეტალები აღარ გამომიკითხავს. შემდეგ აღარ გამწვავებულა ვითარება. მე ყოველთვის ვეუბნები ბავშვებს, თუკი იქნება რელიგიური ნიშნით რაიმე კონფლიქტი, მომმართონ. ეგ მუსიკის მასწავლებელი სოფელში იმ ადგილზე ცხოვრობს, სადაც სამლოცველოს აგება უნდათ და ერთხელ გავაფრთხილე კიდეც, რომ ამ საკითხში არ ჩარეულიყო“.  

 

დირექტორის თქმით, რაიმე უხერხულობა რომ არ გაჩენილიყო, სკოლიდან რელიგიის გაკვეთილებიც კი ამოაღებინა: „მომეჩვენა, რომ თანაბრად არ იყო რელიგიები წარმოდგენილი ამ სწავლებაში და არც ისეთი ღონისძიებების მოწყობა მიმაჩნია სწორად, სადაც ბავშვების ნაწილი თავს დაჩაგრულად იგრძნობს“. 

 

რელიგიური ნიშნით მოსწავლეების რაიმე ფორმით დისკრიმინაციას უარყოფს დირექტორის მოადგილე ნანა კვაჭაძე.  

 

„მეჩეთის არსებობას არ დავუშვებთ”

 

არსებული პრობლემის თაობაზე „ბათუმელები“ სოფლის მართლმადიდებელ მოსახლეობასაც ესაუბრა. მათი პოზიციები რადიკალურია და აცხადებენ, რომ ისინი სოფელში მეჩეთის არსებობას არ დაუშვებენ.

 

ნოდარ ღლონტი წლების წინ ნიგვზიანში მახინჯაურიდან გადასახლდა. ქრისტიანულად ჯერ კიდევ კომუნისტების დროს მოინათლა.

 

„აჭარლები არიან ძირძველი ქრისტიანები და ძალით რატომ იმუსლიმებენ თავს, არ ვიცი. ესენი უნდა გაქრისტიანდნენ, რახან გურიაში ჩამოსახლდნენ, უნდა აიძულო. თუ არადა, წავიდეს, ბიძია, მის ხულოში და იყოს. შევეხვეწე – მოდი და ჯამე ამიშენე-მეთქი? ჩვენ წინააღმდეგი ვართ. კონსტიტუციაში არ წერია, რომ გურიაში ამიშენო მეჩეთი. მოვიდა ახალი მთავრობა და შეიცვლება მაგი კონსტიტუციაც“.

 

ნოდარ ღლონტის აზრით, კონფლიქტი მხოლოდ იმ შემთხვევაში მოგვარდება, თუკი საჯარო სამლოცველო გაუქმდება და მუსლიმები მხოლოდ თავიანთ სახლებში „ჩუმად ილოცებენ“: „ხალხი წყვეტს ამ საკითხს. ხალხია ძალა. თავი დაანებონ ერთად თავის მოყრას და მორჩება კონფლიქტი“.

 

ნიგვზიანელი მანანა გოგიჩაიშვილის აზრითაც, მეჩეთის არსებობა მიუღებელია: „მე რძალი მყავს აჭარელი, მაგრამ მონათლულია. თუ აქაურ ქუდს არ იხურავენ, თავიანთ სახლებში მაინც ილოცონ წყნარად და მეჩეთს ნუ აგვიშენებენ. მე რომ გავჩერდე, ახალგაზრდები არ გაჩერდებიან, იმისთანას დავატრიალებთ, აფხაზეთი მონაგონი იქნებაო. გამოსავალს ვხედავ იმაში, რომ მეჩეთი არ უნდა აშენდეს. კონსტიტუცია და უფლებები კი არა, ილია მეორეც რომ ჩამოიყავნონ და პრეზიდენტიც რომ მოვიდეს, მაინც არ ააშენებინებენ“. 

 

„ჯერ თქვეს, ეგ სახლი თურქმა იყიდა, სათბურები უნდა ააშენოს და სამუშაო ადგილები გვექნებაო. მერე გვეუბნება, ოფიციალური მეჩეთიაო, სოფლისთვის არ უნდა ეკითხა? 25 წელია აქ ცხოვრობენ და ახლა მოუნდათ მეჩეთი? ეგ არ მოხდება. თუ ჩემს სარწმუნოებას დასჭირდა, ყელსაც გამოვჭრი ვიღაცას. თურქს  ავარევინო და შევაცვლევინო ჩემი სოფლის ისტორია, არ იქნება“, – ამბობს  გოჩა ჩხარტიშვილი. 

 

იგივე აზრზეა სოსო აფხაზავაც: „სოფელში მეჩეთის არსებობას არ დავუშვებთ. პარასკევის გათენება მეშინია, რომ რამე არ მოხდეს“.

 

ცუდის მოლოდინშია გელა ტუღუშიც:  „მოხდება მკვლელობა და არავინ არ არის პატრონი. მოგვხედონ. პოლიციაც უნდა ჩაერიოს და ადგილობრივი თვითმმართველობაც. ძალიან ცუდი სიტუაცია დატრიალდება აქ“. 

 

გამოკითხულთაგან ირინა გიგაშვილი ერთადერთია, ვინც ფიქრობს, რომ კონფლიქტი და მეჩეთი მისი საქმე არ არის: „ხშირად არ ვარ სოფელში, კარგად არც ვიცი, რა ხდება, მაგრამ, ვფიქრობ, ჩემი საქმე არ არის“. 

 

ლანჩხუთის ეკლესიის დეკანოზი მამა იოანე „ბათუმელებთან“ საუბარში კონფლიქტის სირთულეს რეალურს უწოდებს, თუმცა მიიჩნევს, რომ მისი მოგვარების მხოლოდ სამართლებრივი გზა არსებობს: „ის, რომ ვიღაც მეჩეთის მშენებლობის გამო კაცის მოკვლაზე საუბრობს, ეს არასწორია. ვერც იმას მოუშლი ადამიანს, რომ საკუთარ სახლში სამლოცველო აიშენოს და ვერც იმას, სტუმრებს რატომ იღებ სახლშიო. რომ მოვიდე და დაველაპარაკო, აქაც არის პრობლემა, რადგან მონათლული რომ არის ადამიანი, ეს არ ნიშნავს, რომ ის ეკლესიის მრევლია. ისინი მე არ მიცნობენ, მე კი– მათ. ამიტომ ჯობია კონფლიქტის მოგვარებაში ადგილობრივი ხელისუფლება ჩაერიოს“.   

 

„ბათუმელები” კომენტარისთვის საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერს, მურმან დუმბაძეს დაუკავშირდა.

 

იგი ამბობს, რომ უახლოეს დღეებში ჩასვლას აპირებს ნიგვზიანში: „მე მაქვს ცალმხრივი ინფორმაცია, ამიტომ მეორე მხარესაც უნდა შევხვდე. ერთი მხარე მეუბნება, რომ მუსლიმურ მრევლს ლოცვის საშუალებას არ აძლევენ, მე ვეთანხმები იმას, რომ ადამიანებს აქვთ ლოცვის უფლება, მაგრამ მეორე მხარისგანაც მივიღე სატელეფონო შეტყობინება, რომ ამ სამლოცველოს აშენებს თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე და ეწევა რელიგიურ პროზელიტიზმს, რასაც არ დავუშვებთ.

 

კონფლიქტი უნდა მოგვარდეს სამართლიანად. ბუნებრივია, ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებიც უნდა იყოს გათვალისწინებული. თუ ამას ნამდვილად თურქეთის მოქალაქე აშენებს, ბუნებრივია, ადგილობრივები საკუთარ რეაქციას გამოხატავენ. თუ ასე არ არის, მაშინ აქვთ ადამიანებს ლოცვის უფლება და საქართველოს კონსტიტუცია არსად არ ამბობს, რომ ჩუმად სახლში უნდა ილოცო. კანონს უნდა მივაქციოთ ყურადღება, მაგრამ რელიგიური მოსყიდვის ნიშნით ადამიანები გადაიბირო, შეიძინო საკუთრება, ააშენო ადგილობრივი მოსახლეობის ნების დაუკითხავად რელიგიური დაწესებულებები, კატეგორიულად, კონსტიტუციურად არის დაუშვებელი. ამიტომ ადგილზე ჩავალ და  პირადად გავერკვევი საკითხში. თუ კონფლიქტი პოლიტიკურ მოლაპარაკებებს გასცდა, მაშინ ეს საქმე უნდა გადავცე სამართალდამცავ ორგანოებს, რადგან არ დავუშვებთ, ადამიანებს წაართვან ლოცვის უფლება და არც იმას, რომ პროზელიტიზმმა საქართველოში იმძლავროს“.

მასალების გადაბეჭდვის წესი