ახალი ამბები

ირინა ფუტკარაძე: მაღლაფერიძემ წარადგინა ხედვა, რაც არ ნიშნავს იმას, რომ საბჭოც გაიზიარებს

6 თებერვალი, 2017 • 2763
ირინა ფუტკარაძე: მაღლაფერიძემ წარადგინა ხედვა, რაც არ ნიშნავს იმას, რომ საბჭოც გაიზიარებს

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის, ირინა ფუტკარაძის განცხადებით, დღეს ვასილ მაღლაფერიძემ საჯაროდ წარადგინა არხის განვითარების ხედვა, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ საბჭო მის ხედვას გაიზიარებს. დირექტორის არხის განვითარების გეგმას საბჭომ ცოტა ხნის წინ უპასუხა.

“ეს [გადაწყვეტილება] იქნება სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით თუ მთლიანად საზოგადოების დაინტერესებული მხარის ჩართულობით [მიღებული]. სულ შეიძლება მივიღოთ სხვა ტიპის კონცეფცია. აქედან გამომდინარე, დღეს გაჟღერებულ ინფორმაციაზე დღესვე ვუპასუხოთ კონკრეტულ შეკითხვებს, ძალიან არასერიოზული იქნება. სამუშაო პროცესი უნდა წარიმიმართოს, და კიდევ ერთხელ გეუბნებით – რახან დღეს გენერალურმა დირექტორმა შემოიტანა თავისი ხედვა აღმასრულებელ საბჭოსთან ერთად, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ეს გეგმა იქნება მიღებული,” – ამბობს ფუტკარაძე.

ირინა ფუტკარაძის განცხადებით, ვასილ მაღლაფერიძის ხედვა შეიძლება იყოს მიღებული, თუმცა ასევე შეიძლება სულ სხვა რეფორმის სულ სხვა ჭრილში დაინახოს საბჭომ ეს ყველაფერი და სხვა ვარიანტი მიიღოს. მისი თქმით, ამ კითხვებზე დღეს ვერავინ გასცემს კონკრეტულ პასუხებს.

სამეურვეო საბჭოს ხელმძღვანელის, გრიგოლ გოგელიას განცხადებით, ბორდის სახელზე დღეს გენერალური დირექტორისგან სამსახურეობრივი ბარათი შევიდა, რომელშიც წარმოდგენილია ორი საკითხი: 1) საზოგადოებრივი მაუწყებლის დებულებაში განსახორციელებელი ცვლილებების პროექტი, 2) საზოგადოებრივი მაუწყებლის გარდაქმნისა და განვითარების სამწლიანი განვითარების გეგმა.

გოგელიას განცხადებით, სამეურვეო საბჭო, გამომდინარე საკითხის კომპლექსურობისა და სირთულისგან, იწყებს შემოსული წინადადების შესწავლას და განხილვას. მისი თქმით,  ამისთვის საბჭო გადადგამს შემდეგ ნაბიჯებს.

“უახლოეს დღეებში მოიწვევს საჯარო სხდომას, სადაც მოისმენს დამატებით ინფორმაციას და განმარტებებს გენერალური დირექტორისგან და აღმასრულებელი საბჭოსგან. ამ სხდომის შემდეგ სამეურვეო საბჭო დაგეგმავს შემდგომი კონსულტაციების და შეხვედრების ფორმატს. დაგეგმავს და უახლოეს დღეებში დაიწყებს საჯარო შეხვედრებს მაუწყებლის თანამშრომლებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ფართო საზოგადოების წარმომადგენლებთან. საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, სამეურვეო საბჭოს კარი ღია იქნება ყველა დაინტერესებული პირისთვის,” – ამბობს სამეურვეო საბჭოს ხელმძღვანელი.

გრიგოლ გოგელია ასევე აღნიშნავს, რომ ეს არაა რამდენიმე დღის ან კვირის გადასაწყვეტი საკითხი. მისი თქმით, ეს არის უმნიშვნელოვანესი და ურთულესი თემა, რომელიც დაკავშირებულია სხვადასხვა პრობლემებთან და საკითხებთან:

“ამიტომ ჩვენ ამას არაერთ შეხვედრას, არაერთ განხილვას, მათ შორის, მენეჯმენტთან და აღმასრულებელ საბჭოსთან… გენერალურ დირექტორთან არაერთ კონსულტაციას და შეხვედრას გავმართავთ. ეს ყველაფერი მოხდება ღიად და გამჭვირვალედ, რომ არ გაჩნდეს ზედმეტი კითხვები, რაიმე საკითხი არ დარჩეს განუხილავი; ვთქვათ, რაიმე მოსაზრება, არგუმენტი, ციფრი და ფაქტი არ დარჩეს განუხილავად – ეს არის ჩვენი მკაფიო გადაწყვეტილება და ამაში მთლიანად საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო ვართ ერთიან პოზიციაზე.”

კითხვაზე, აქვს თუ არა სამეურვეო საბჭოს არხის გენერალურ დირექტორთან კითხვები იმასთან დაკავშირებით, დარჩებიან თუ არა უმუშევრად საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები არხზე გადაცემების შეჩერების შემდეგ, გრიგოლ გოგელია პაუსხობს:

“მე გეტყვით, რომ ეს კითხვები არა მხოლოდ თქვენ გაქვთ და შეიძლება ჰქონდეს საზოგადოების ყველა წევრს, ჩვენი ვალდებულებაა, პირდაპირ გეტყვით, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით, ყველა მნიშვნელოვან ელემენტთან დაკავშირებით დავსვათ კითხვები, მათ შორის, მწვავე კითხვები; მოვისმინოთ არგუმენტები და სხვადასხვა შეხედულებები არა მხოლოდ წარმდგენი ადამიანებისგან – გენერალური დირექტორისა და აღმასრულებელი საბჭოსგან – არამედ განვიხილოთ, გავაანალიზოთ და მოვისმინოთ არგუმენტები, ისევ ვამბობ, თანამშრომლებისგან, საზოგადოების წარმომადგენლებისგან, სხვადასხვა ტიპის ექსპერტებისგან… ეს არის ჩვენი ფუნქცია იმისთვის, რომ ჩვენ ჩამოვიყალიბოთ ინფორმირებული, დასაბუთებული და არგუმენტირებული მოსაზრებები გადაწყვეტილების მისაღებად. რა თქმა უნდა, აქ ამ პოზიციაში ვართ შეჩერებულები, თორემ ბორდშიც იქნება განსხვავებული აზრები, იქნება არგუმენტები – ჩვენ ამას განვიხილავთ, იქნება საჯაროდ და ყველა გაიგებთ.”

დღეს, 6 თებერვალს, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ წარმოადგინა სტრატეგიული განვითარების გეგმა, რომელიც დღესვე გაეგზავნა მაუწყებლის ბორდს. ეს გეგმა ითვალისწინებს 2018 წლამდე საზოგადოებრივ მაუწყებელზე ყველა გადაცემის შეჩერებას, გარდა საინფორმაციო პროგრამა “მოამბისა”.

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ვასილ მაღლაფერიძის მიერ დღეს წარმოდგენილ გეგმასთან ერთად სხვადასხვა გადაცემის პროდიუსერების მიერ აღწერილ პრობლემებიც გამოაქვეყნა. ამ ინფორმაციის მიხედვით, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე მოვალეობის შესრულების პირველივე დღეს შეხვდა მაუწყებლის სხვადასხვა გადაცემის პროდიუსერებს და სთხოვა მათ, წერილობით წარმოედგინათ იმ პრობლემების ხედვა, რაც მათი გადაცემის ხარისხზე უარყოფითად აისახება.

მასალების გადაბეჭდვის წესი