მას შემდეგ, რაც დაწესებულებიდან სასჯელაღსრულების დეპარტამენტის “ფურგონის” ტიპის ავტომობილი გამოვიდა, რამდენიმე მშობელმა განაცხადა, რომ მანქანიდან პატიმრების ყვირილი გაიგეს:
“მანქანიდან ისმოდა მოგუდული ხმა– გვიშველეთ, გვიშველეთ”, – აცხადებს ერთ–ერთი პატიმრის მშობელი თამარ ფანჩულიძე.
ამ ფაქტმა პატიმართა ახლობლების აღშფოთება გამოიწვია, მათ დაწესებულების ჭიშკართან გადმოინაცვლეს და ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს. ისინი ამბობენ, რომ დაწესებულებიდან არც ერთ მანქანას აღარ გაუშვებენ.
პატიმრების ახლობლებთან ციხის მთავარი ექიმი ბადრი ცეზერაშვილი გამოვიდა. მან გზის გახსნა ითხოვა. მისი თქმით, ციხიდან მხოლოდ ექვსი პატიმარი გავა, რადგან მათ გეგმიური გამოკვლევა უნდა ჩაუტარდეთ. თუმცა პატიმრების ახლობლები და ოჯახის წევრები გზის გახსნაზე კვლავ უარს აცხადებენ. მათ მთავარ ექიმს იმ პატიმრების სახელების და გვარების მიწოდება სთხოვეს, ვინც დაწესებულებიდან უნდა გაიყვანონ.








