ახალი ამბები

არ ვარ დარწმუნებული, რომ მომავალ პარასკევს ეთერში ვიქნებით – რეალური სივრცე

3 თებერვალი, 2017 • 5996
არ ვარ დარწმუნებული, რომ მომავალ პარასკევს ეთერში ვიქნებით – რეალური სივრცე

“არ ვარ დარწმუნებული, რომ მომავალ პარასკევს ეთერში ვიქნებით” – განაცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა “რეალური სივრცის” წამყვანმა ნინო ზაუტაშვილმა პირდაპირ ეთერში. 

ასე უპასუხა მან ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის მოკლე კომენტარს გადაცემა “რეალური სივრცის” მნიშვნელობასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ ამ თემაზე გადაცემის ბოლოს ისაუბრებდა.

“ეს გადაცემა 5 წლის წლის  ჩვენ  დავიწყეთ  და   გახდა   სივრცე თქვენთვის- მაღაროელებისთვის და მეშახტეებისთვის, ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის და შეზღუდული შესაზლებლობის მქონე ადამიანებისთვის, გარემოსდამცველებისთვის და მათთვის, ვინც კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენისთვის იბრძვის, მოსწავლეებისთვის და სტუდენტებისთვის, უსახლკაროებისთვის, სოფლების და რეგიონების მოსახლეობისთვის”, – განაცხადა ნინო ზაუტაშვილმა გადაცემის ბოლოს – “მეხუთე წელია ყოველ პარასკევს  მომავალ პარასკევამდე გემშვიდობებოდით. დღეს პირველად დაზუსტებით ვერ ვამბობთ ამას. ბოლო სამი დღეა ტელევიზიის დერეფნებში, სოციალურ ქსელებში, ქუჩაში და სატელეფონი ზარებით გვესმის კითხვები, გაგრძელდება თუ არა თქვენი რეალური სივრცე. დღეს ჩვენ ვამბობთ, რომ არ ვიცით. და თუ ის ყველაფერი მართალია, რაც  გვესმის, უბრალოდ, კიდევ ერთხელ ერთად გვინდა გავიხსენოთ ის, რის გამოც,  ვფიქრობთ,  მნიშვნელოვანია  ეს გადაცემა”.

ამის შემდეგ გადაცემის ეთერში მოკლე ვიდეო გაუშვეს – ნაწყვეტები “რეალური სივრცის” სხვადასხვა გადაცემიდან.

“როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, რეალური სივრცის გუნდი გააგრძელებს თქვენი სივრცისთვის  მუშაობას. დღეს ჩვენ  უბრალოდ გემშვიდობებით და ველოდებით ორშაბათს”- ზაუტაშვილის ამ ფრაზით და გადაცემის სტუმრების ტაშით დასრულდა “რეალური სივრცის” 3 თებერვლის ეთერი:

“ბოლო დღეებია ტელევიზიებით, სოციალურ ქსელებში და სატელეფონო ზარებით გვეკითხებიან, გაგრძელდება თუ არა თქვენი “რეალური სივრცე”, დღეს ჩვენ ვამბობთ, რომ არ ვიცით და თუ ის ყველაფერი მართალია, რაც გვესმის, გვინდა კიდევ ერთხელ ერთად გავიხსენოთ ის, რის გამოც, ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია ეს გადაცემა”-, თქვა ნინო ზაუტაშვილმა პირდაპირ ეთერში , რომლის შემდეგაც “რეალური სივრცის” სხვადასხვა გადაცემის კოლაჟი გაუშვეს ეთერში”.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა “რეალური სივრცის” შესაძლო დახურვის ან მისი ფორმატის შეცვლის, ისევე როგორც მაუწყებლის თანამშრომლების მასობრივად დათხოვნის  შესახებ ინფორმაცია ბოლო ორი დღეა ვრცელდება, თუმცა ამ დრომდე საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობას ამ თემაზე გაჩენილ კითხვებზე პასუხი არ გაუცია.

მაუწყებლის გენერალური დირექტორი, ვასილ მამაღლაფერიძე GPB–ის განვითარების გეგმას ორშაბათს, 12:00 საათზე მედიას წარუდგენს, ხოლო მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს განვითარების  გეგმის ოფიციალურ დოკუმენტს გადასცემენ განსახილველად.


რა ვიცით აქამდე

3 თებერვალს კოალიციამ “მედიის ადვოკატირებისთვის”, რომელიც 12 ორგანიზაციას აერთიანებს, ამ თემაზე საგანგებო განცხადება გაავრცელა.

“კოალიციისთვის ცნობილი გახდა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტმა მიიღო გადაწყვეტილება გადაცემა „რეალური სივრცის“ დახურვის შესახებ. ასევე იგეგმება მაუწყებლის სხვა საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების დახურვა და თანამშრომლების მასობრივი დათხოვნა”, – აღნიშნულია განცხადებაში.

კოალიცია მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის არც ერთი გადაცემა არ უნდა დაიხუროს მანამ, სანამ გადაწყვეტილების მიმღები პირები არ დაასაბუთებენ გადაცემების დახურვის გადაწყვეტილებას და არ წარმოადგენენ კონკრეტულ სამაუწყებლო ბადეს, თუ რას სთავაზობენ მაყურებელს სანაცვლოდ.

კოალიციამ მოუწოდა საზოგადოებრივ მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ორშაბათს მენეჯმენტთან დაგეგმილი შეხვედრის საჯაროობისკენ, თუმცა ამის შემდეგ დაგეგმილი შეხვედრა გაუქმდა და არხის დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ განაცხადა, რომ მაუწყებლის განვითარების ხედვას მედიას წარუდგენს, სამეურვეო საბჭოს კი წერილობით გაუგზავნის.

მედიის კოალიციამ იანვარშიც გაავრცელა კრიტიკული განცხადება საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ სამეურვეო საბჭოს მიერ მაუწყებლის გენერალურ დირექტორად ვასილ მაღლაფერიძის არჩევა დააზარალებს მაუწყებლის რეპუტაციას და მის მიმართ საზოგადოების ნდობას.

“საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მიერ დირექტორად ვასილ მაღლაფერიძის დანიშვნა აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ სამეურვეო საბჭოსთვის პრიორიტეტს არ წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის დაცვა პოლიტიკური გავლენისაგან, – განაცხადა 6 იანვარს კოალიციამ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებით, მაუწყებლის გენერალურ დირექტორად ვასილ მაღლაფერიძე 6 იანვარს აირჩიეს. მაუწყებელს ის მომავალი 6 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.

ვასილ მაღლაფერიძე 2016 წლის აგვისტომდე ბიძინა ივანიშვილის ოჯახის კუთვნილი ტელევიზიის, GDS-ის გადაცემა 2030-ის გენერალური პროდიუსერი იყო. 2012 წელს კი, ტელეკომპანია “მეცხრე არხის” დირეტორის მოადგილე. ვასილ მაღლაფერიძის პოლიტიკურ მიუკერძოებულობასთან დაკავშირებით კითხვები საზოგადოების ნაწილს სწორედ ამ გარემოების გამო აქვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი