ახალი ამბები

ვასილ მაღლაფერიძე 6 თებერვალს GPB-ის განვითარების გეგმას მედიას წარუდგენს

3 თებერვალი, 2017 • 32811
ვასილ მაღლაფერიძე 6 თებერვალს GPB-ის განვითარების გეგმას მედიას წარუდგენს

საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორთა საბჭოსა და სამეურვეოს საბჭოს შორის 6 თებერვალს დაგემილი შეხვედრა გაუქმდა. ამის ნაცვლად არხის დირექტორი, ვასილ მამაღლაფერიძე GPB–ის განვითარების გეგმას ორშაბათს, 12:00 საათზე, მედიას წარუდგენს, ხოლო ბორდს ოფიციალური დოკუმენტაცია გადაეცემა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი სულხან სალაძე აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია, თუ რატომ გაუქმდა არხის მენეჯმენტსა და სამეურვეო საბჭოს შორის 6 თებერვალს დაგეგმილი შეხვედრა. მისი თქმით, შეხვედრის გაუქმების შესახებ ელექტორნულ ფოსტაზე მიუვიდა სამეურვეო საბჭოს აპარატის წერილი.

“მქონდა მცდელობა, რომ გამეგო, თუ რატომ გაუქმდა ეს შეხვედრა – როგორც კი ელექტრონულ ფოსტაზე მომივიდა წერილი, იმწამსვე მივწერე, რომ გამეგო მიზეზი, თუმცა ამ მომენტამდე არ მიმიღია სხვა შეტყობინება. ბუნებრივია, სამეურვეო საბჭოს აპარატს თუ არ აქვს ინფორმაცია, ის ვერც ვერაფერს მომწერს დამატებით”.

ნეტგაზეთი ასევე ესაუბრა საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის, ვასილ მაღლაფერიძის მრჩეველ ია ანთაძეს, რომელიც აცხადებს, რომ არხის განვითარების გეგმის წარდგენა 6 თებერვალს მედიასთან მოხდება და არა ბორდთან. მისი თქმით, სამეურვეო საბჭოსთან შეხვედრა ორშაბათს არც იყო დაგეგმილი.

“ორშაბათს, 12:00 საათზე, არის დანიშნული პრესკონფერენცია, სადაც ბატონი ვასიკო [მაღლაფერიძე] წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების ხედვას. მანამდე ბორდს გადაეცემა ოფიციალურად ის დოკუმენტაცია, რომელიც მერე ბორდმა უნდა განიხილოს და დაამტკიცოს ან არ დაამტკიცოს. ამ გეგმის პირველი წარდგენა მოხდება 12:00 საათზე პრესკონფერენციაზე. ამიტომ ბორდი გახსნის, უბრალოდ, ამ მსჯელობას, როცა ექნება მათ ამის სურვილი. მინიმუმი ვადა აქვს 3 დღე, რომ იმსჯელოს და დაამტკიცოს ან არ დაამტკიცოს. მერე ზედა ვადა აღარ არის განსაზღვრული. ორშაბათს მხოლოდ იწყება მსჯელობა ამ თემაზე და შემდეგ ბორდსაც და დირექტორთა საბჭოსაც, ალბათ, ექნება ბევრი შეხვედრა და იქნება სულ ღია განხილვები და სხდომები. ყველას ექნება საშუალება, რომ მონაწილეობა მიიღოს ამ განხილვებში. პირველი წარდგენა მოხდება არა ბორდთან, და არც იყო ეს დაგეგმილი, არამედ ბორდს გადაეცემა ოფიციალური დოკუმენტაცია და პირველი წარდგენა მოხდება ჟუნრალისტებთან ორშაბათს, 12:00 საათზე, და გელოდებით ყველას. ბორდს რაც შეეხება, ბორდი დაიწყებს ამის განხილვას და სანამ გააგრძელებს, გააგრძელებს – ყველა ვიქნებით ამაში ჩართული, თქვენც და ჩვენც,” – განუცხადა ნეტგაზეთს ია ანთაძემ.

სამეურვე საბჭოს წევრი სულხან სალაძე ფიქრობს, რომ შეხვედრის გაუქმების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება არ არის სწორი:

“ინფორმაციის ნაკლებობის და ბევრი ბუნდოვანების პირობებში ამ შეხვედრის გაუქმების გადაწყვეტილება ნამდვილად არ წაადგება გამჭვირვალობას.”

სალაძის თქმით, იმის შესახებ საუბარი, რომ დანიშნული არ იყო ოფიციალური შეხვედრა, ტყუილია: “სამეურვეო საბჭოს წევრებს მოსული გვქონდა შეტყობინება, რომ ასეთი შეხვედრა სამუშაო რეჟიმში დანიშნული იყო.”

გულისხმობს თუ არა არხის განვითარების ახალი გეგმა არსებული გადაცემების შეჩერებას ან გაუქმებას? – მაღლაფერიძემ ნეტგაზეთის კითხვას 2 თებერვალს არ უპასუხა, თუმცა თავად არხზე გადაცემების შეჩერების მოლოდინი არსებობს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებით, მაუწყებლის გენერალურ დირექტორად ვასილ მაღლაფერიძე 6 იანვარს აირჩიეს. მაუწყებელს ის მომავალი 6 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.

ვასილ მაღლაფერიძე 2016 წლის აგვისტომდე ბიძინა ივანიშვილის ოჯახის კუთვნილი ტელევიზიის, GDS-ის გადაცემა 2030-ის გენერალური პროდიუსერი იყო. 2012 წელს კი, ტელეკომპანია “მეცხრე არხის” დირეტორის მოადგილე. 1999-2004 წლებში – საქართველოს პარლამენტის წევრი, ხოლო 2005-2008 წლებში – სახელმწიფო რწმუნებული. ის ასევე მუშაობდა სახალხო დამცველის აპარატში.

მასალების გადაბეჭდვის წესი