ახალი ამბები

გადაცემების გაურკვეველი ბედი და საზოგადოებრივი მაუწყებელი ცვლილებების მოლოდინში

2 თებერვალი, 2017 • 3874
გადაცემების გაურკვეველი ბედი და საზოგადოებრივი მაუწყებელი ცვლილებების მოლოდინში

მომავალ კვირაში “საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალური დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე მაუწყებლის სამეურვეო საბჭოსთან სამუშაო შეხვედრის გამართვას გეგმავს, სადაც არხის განვითარების გეგმა უნდა წარადგინოს. გულისხმობს თუ არა არხის განვითარების ახალი გეგმა არსებული გადაცემების შეჩერებას ან გაუქმებას? – მაღლაფერიძე ამ კითხვას არ პასუხობს, თუმცა თავად არხზე გადაცემების შეჩერების მოლოდინი არსებობს.

“კონკრეტულად, სამწუხაროდ, ვერაფერს გეტყვით, მეც ვიცი, რომ რეორგანიზაციაა დაგეგმილი, ვიცი, რომ ორშაბათს გენერალური დირექტორი სამეურვეო საბჭოს წინაშე გააკეთებს განცხადებას და თავის ხედვას წარადგენს, როგორ წარმოუდგენიათ მომავალში მოვლენების განვითარება. აქ საუბარია გადაცემების შეჩერებაზე, საუბარია “დიდი რეალური სივრცის” შეჩერებაზე, ოღონდ დადასტურებულად მე ჯერ ამის თქმა არ შემიძლია. ალბათ, ორშაბათს საღამოს ყველაფერი იქნება ცნობილი და თუ გადაწყდება, რომ “რეალური სივრცე” გაჩერდება, მე იმედს ვიტოვებ, რომ ეს გაჩერება არ იქნება მუდმივი.  თუ ამ არხზე არა, სხვა არხზე მაინც შეიძლება, რომ ეს გადაცემა გაგრძელდეს, რადგან “რეალური სივრცე” საზოგადოების გადაცემაა და არა არხის, ან ერთი კონკრეტული პიროვნების. ეს ნამდვილად ის გადაცემა იყო, სადაც შეიძლებოდა იმ პრობლემებზე საუბარი, რომელიც საზოგადოებას აწუხებს”,- ამბობს ნინო ზაუტაშვილი “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

მისივე თქმით, კომუნიკაცია არხის გენერალურ დირექტორთან, ვასილ მაღლაფერიძესთან და მის მრჩეველთან  ორჯერ შედგა, რომელზეც არხზე გადაცემის არსებობის შესაძლო ვარიანტები განიხილებოდა.

“ჯერჯერობით საბოლოო პასუხი არ არსებობს. ორშაბათს დანამდვილებით გვეცოდინება, რას ვაკეთებთ მომავალში”,- ამბობს ზაუტაშვილი.

არხის გენერალური დირექტორის, ვასილ მაღლაფერიძის მრჩეველი ია ანთაძე “საზოგადოებრივ მაუწყებელში” დაგეგმილ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს:

“ეს არის სამოქმედო გეგმა, რომელიც შემდეგი კვირის დასაწყისში გენერალურმა დირექტორმა უნდა წარმოადგინოს. შემდეგი კვირიდან მზად ვიქნებით, ყველა კითხვას ვუპასუხოთ”,- ამბობს ანთაძე “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

ვასილ მაღლაფერიძის განცხდებით კი, იგი “საზოგადოებრივი მაუწყებლის” განვითარების ხედვას სამეურვეო საბჭოს რამდენიმე დღეში წარუდგენს, ხედვის მიღებამდე გადაცემების დახურვასა და შტატების შემცირების შესახებ საუბარს კი ჭორაობას უწოდებს.

“რამდენიმე დღეში წარმოვადგენ ჩემს ხედვას, როგორი უნდა იყოს საზოგადოებრივი მაუწყებელი. იმ კვირას არ გადაცდება. დღე და ღამე ვმუშაობთ. ეს ხედვა უნდა გახდეს, როგორც კანონი ჩვენთვის და ამ ხედვას შემცირება მოჰყვება, თუ კადრების გაზრდა, შემდეგ გამოჩნდება. ხედვის მიღებამდე ვინც საუბრობს შტატების შემცირებაზე, გადაცემების დახურვაზე, ეს ჩვეულებრივი ჭორებია”,- ამბობს მაღლაფერიძე.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი სულხან სალაძე ამბობს, რომ ორშაბათს, 6 თებერვალს, გენერალური დირექტორი და აღმასრულებელი საბჭო სამეურვეო საბჭოს სამუშაო შეხვედრის ფარგლებში შეხვდება:

“ეს არ არის საბჭოს სხდომა, ამ შეხვედრაზე სამეურვეო საბჭო გადაყვეტილებას არ იღებს, მეტი ინფორმცია ამ დროისთვის არ მაქვს”,- ამბობს სალაძე.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებით, მაუწყებლის გენერალურ დირექტორად ვასილ მაღლაფერიძე 6 იანვარს აირჩიეს. მაუწყებელს ის მომავალი 6 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.

ვასილ მაღლაფერიძე 2016 წლის აგვისტომდე ბიძინა ივანიშვილის ოჯახის კუთვნილი ტელევიზიის, GDS-ის გადაცემა 2030-ის გენერალური პროდიუსერი იყო. 2012 წელს კი, ტელეკომპანია “მეცხრე არხის” დირეტორის მოადგილე. 1999-2004 წლებში – საქართველოს პარლამენტის წევრი, ხოლო 2005-2008 წლებში – სახელმწიფო რწმუნებული. ის ასევე მუშაობდა სახალხო დამცველის აპარატში.

მასალების გადაბეჭდვის წესი