ახალი ამბები

მინისტრები ჯერ ისევ დეპუტატები არიან

30 ოქტომბერი, 2012 • 1139
მინისტრები ჯერ ისევ დეპუტატები არიან

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ირინე იმერლიშვილის თქმით, პარლამენტში ამ დროისთვის 10 დეპუტატია, რომლებიც უკვე გადავიდნენ აღმასრულებელ ხელისუფლებაში.

 

“პლენარულ სხდომაზე, სესიაზე უნდა ვუყაროთ კენჭი დადგენილებას მათი უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ. ეს საპროცედურო საკითხთა კომიტეტზე განვიხილეთ, ჩვენ თანხმობა მივეცით, ბიუროს დღის წესრიგშიც ჩაჯდა და ახლა, როცა გვექნება უახლოესი პლენარული სხდომა, ანუ ოთხშაბათს, ეს დადგენილება იქნება გასული”, – აცხადებს ირინე იმერლიშვილი.

 

ოთხშაბათის პლენარულ სხდომაზე დაგეგმილ სხვა საკითხებთან დაკავშირებით კენჭისყრაში მონაწილეობას ვეღარ მიიღებენ აღნიშნული დეპუტატები. კოალიცია “ქართულ ოცნებას” პარლამენტში 85-კაციანი დეპუტაცია ჰყავს, რომელსაც 10 მათგანი გამოაკლდება. ესენი არიან: კახა კალაძე, ირაკლი ალასანია, ირაკლი ღარიბაშვილი, მაია ფანჯიკიძე, ნოდარ ხადური, სოზარ სუბარი, ალექსი პეტრიაშვილი, თეა წულუკიანი, არჩილ კბილაშვილი, პაატა ზაქარეიშვილი. ათივე მათგანი დანიშნულია სხვადასხვა უწყების მინისტრად.

 

მათი ადგილმონაცვლე დეპუტატების სიას პარლამენტს ცენტრალური საარჩევნო კომისია გაუგზავნის:

 

“ადგილმონაცვლეობაზე შემდეგ მსჯელობს ცესკო და ცესკო გვიგზავნის ადგილმანაცვლეებს და შემდეგ მათი უფლებამოსილების ცნობა ხდება ასევე პლენარულ სხდომაზე. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ მომავალი პარასკევის სხდომაზე ამას მოვახერხებთ”, – აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე.

მასალების გადაბეჭდვის წესი