ახალი ამბები

გვარამია: ზეწოლის ქვეშ მყოფ მოსამართლეებს განცხადების გატანას ან შეცვლას სთხოვენ

3 თებერვალი, 2017 • 1686
გვარამია: ზეწოლის ქვეშ მყოფ მოსამართლეებს განცხადების გატანას ან შეცვლას სთხოვენ

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის დირექტორი ნიკა გვარამია პოლიტიკურ პარტიებს, მედიას და არასამთავრობო სექტორს უზენაესი სასამართლოს 2 მოსამართლეზე განხორციელებული შესაძლო ზეწოლის საქმით დაინტერესებისაკენ მოუწოდებს. გვარამია ასევე მიმართავს პრეზიდენტს, რომ სიღრმისეულად შეისწავლოს საკითხი. გვარამიას ცნობით, პრეზიდენტი ერთადერთი კონსტიტუციური ინსტიტუტია, რომელიც მისი ინფორმაციით ამ ზეწოლაში ჩართული არ არის.

“ჩვენ გვაქვს შეკითხვა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან, რატომ არ მოხდა ამ ძალიან მნიშვნელოვანი, სენსიტიური და საჯარო ინტერესის მქონე ინფორმაციის გასაჯაროება?! ეს კითხვა რიტორიკულია იმდენად, რამდენადაც ჩვენ ვიცით პასუხი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე არ არის მოსამართლეების მოკავშირე, იგი არის სახელმწიფოს მოკავშირე მათ წინააღმდეგ. მან პროკურატურაში გადააგზავნა ეს საქმე და მეორე დღიდან მოსამართლეებზე დაიწყო უმძიმესი ზეწოლა უკვე საიმისოდ, რომ  ან გაეტანათ განცხადება, ან შეეცვალათ განცხადებაში მოყვანილი მოტივაცია, უფრო სწორად, სუბიექტებად  დაესახელებინათ არა ხელისუფლება, არამედ ჩვენი მხარე, ან ის ადამიანები, რომლებიც ვითომდა აფილირდებიან ჩვენ მხარესთან”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მისივე თქმით, ზეწოლა მიმდინარეობს მოსამართლეების ოჯახის წევრების და ნათესავების გამოყენებითაც, რომლებსაც სამსახურებიდან ათავისუფლებენ.

“გამოქვეყნდეს [მოსამართლეების]  განცხადების შინაარსი, შეწყდეს ზეწოლა მოსამართლეებზე”.

“ასევე ვთხოვ, რომ გაითვალისწინოს ყველამ, სეპარატული მოლაპარაკებების წარმოება ჩემთან არის აბსოლუტურად განწირული. მე არ შევდივარ მოლაპარაკებებში იმ ვითარებაში, როდესაც ვარ აბსოლუტურად მართალი და მეორე მხარე ჩვენს დაჩაგვრას ცდილობს. ამგვარი მოლაპარაკებები არის უმიზნო და ვერ მოიტანს შედეგს, მათ შორის მივმართავ ჩემს მეგობრებს”, – განაცხადა გვარამიამ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა, პაატა ქათამაძემ და ბესარიონ ალავიძემ მათზე განხორციელებული შესაძლო ზეწოლასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავარ პროკურატურას 2017 წლის 14 იანვარს მიმართეს, რაზეც გამოძიება სამართალწარმოების განხორციელებაზე ზეგავლენის მიზნით მათ საქმიანობაში უხეში ჩარევის შესაძლო ფაქტზე დაიწყო.

ენმ-ის ლიდერმა ნიკა მელიამ მოსამართლეებზე ზეწოლაში სუს-ი დაადანაშაულა.

ნიკა მელიას ნათქვამს სუს-ი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მისი ბრალდებები მოკლებულია საფუძველს. სუს-ში აცხადებენ, რომ ამ საკითხზე გამოძიება მიდინარეობს საქართველოს მთავარ პროკურატურაში და ელოდებიან გამოძიების დასრულებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი