ახალი ამბები

ნაციონალურმა მოძრაობამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზე ზეწოლაში სუს-ი დაადანაშაულა

3 თებერვალი, 2017 • 1887
ნაციონალურმა მოძრაობამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზე ზეწოლაში სუს-ი დაადანაშაულა

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მოუწოდებს საზოგადოებას, რომ გაერთიანდნენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების, პაატა ქათამაძისა და ბესარიონ ალავიძის მხარდასაჭერად.

ენმ-ის ლიდერმა, ნიკა მელიამ დღეს, 3 თებერვალს, გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ხელისუფლება ყოველგვარ ზღვარს გადავიდა, მან მოსამართლეების ზეწოლაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დაადანაშაულა.

„ეს ნათლად ცხადყოფს, რომ ხელისუფლება ყოველგვარ ზღვარს გადავიდა, ივანიშვილის ხელისუფლება ცდილობს გააუქმოს სახელმწიფო და ყოველივე ამის შემხედვარე დაუშვებელია დუმილი. მე მოვუწოდებ ყველა პროფესიულ ჯგუფს, ყველა პოლიტიკურ გაერთიანებას, საზოგადოებას, რომ გავერთიანდეთ, როგორც არასდროს. ახლა საჭიროა ერთსულოვნება, ერთ მუშტად შეკვრა. როგორც რამდენიმე კვირის წინ ჩვენ მაგალითი ვაჩვენეთ, გია ცერცვაძის გარშემო მოხდა კონსოლიდაცია, ასეთივე კონსოლიდაციაა ახლა საჭირო მოსამართლეების დასაცავად”, – განაცხადა მელიამ.

ნიკა მელია მოუწოდებს სუს-ის უფროსს, ვახტანგ გომელაურს, დატოვოს დაკავებული თანამდებობა, რადგან “ნათლად ჩანს, რომ ის ივანიშვილის პოლიტიკური ინსტრუმენტია”, – ამბობს მელია.

ნიკა მელიამ ასევე მიმართა პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს, რომ კონსტიტუციური ვალდებულებების ფარგლებში დაიცვას მოსამართლეების უფლებები.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა, პაატა ქათამაძემ და ბესარიონ ალავიძემ მათზე განხორციელებული შესაძლო ზეწოლასთან დაკავშირებით საქართველოს მთავარ პროკურატურას 2017 წლის 14 იანვარს მიმართეს, რაზეც გამოძიება სამართალწარმოების განხორციელებაზე ზეგავლენის მიზნით მათ საქმიანობაში უხეში ჩარევის შესაძლო ფაქტზე აღიძრა.

ნიკა მელიას ნათქვამს სუს-ი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მისი ბრალდებები მოკლებულია საფუძველს.სუს-ში აცხადებენ, რომ ამ საკითხზე გამოძიება მიდინარეობს საქართველოს მთავარ პროკურატურაში და ელოდებიან გამოძიების დასრულებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი