ახალი ამბები

Reuters: აშშ რუსეთის დაზვერვას ობამას მიერ დაწესებულ სანქციებს უმარტივებს

2 თებერვალი, 2017 • 4388
Reuters: აშშ რუსეთის დაზვერვას ობამას მიერ დაწესებულ სანქციებს უმარტივებს

Reuters–ის ინფორმაციით, ხუთშაბათს ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა რუსეთის სადაზვერვო სააგენტოს (FSB) აშშ–ის ყოფილი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას მიერ დაწესებული სანქციების გამარტივება დაიწყო.

ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი ამერიკულ კომპანიებს უფლებას მისცემენ, რუსეთის ფედერალურ ბიუროსთან ბიზნესი ლიმიტირებულ ფარგლებში აწარმოონ. დეპარტამენტის განცხადებით, რუსეთისთვის სანქციების მოხსნა საჭიროა თანხმობის მისაღებად იმისათვის, რომ მოხდეს რუსეთში საინფორმაციო ტექნოლოგიების იმპორტი.

როგორც Reuters იუწყება, ფართო მნიშვნელობის მქონე სანქციებისგან განთავისუფლება მაშინვე არ ყოფილა ნათელი. დეპარტამენტის განცხადებით, ამერიკულ კომპანიებს ამით საშუალება მიეცემათ, რომ FSB–სთან ლიმიტირებული ოდენობით ტრანზაქციები განახორციელონ, რაც რუსეთში ინფორმაციული ტექნოლოგიების იმპორტზე თანხმობის მისაღებად არის საჭირო.

Reuters–ის ცნობით, რუსეთის სადაზვერვო სააგენტოსთვის სანქციების მოხსნასთან დაკავშირებით ოფიციალური განმარტება თეთრმა სახლმა დღესვე გააკეთა. თეთრი სახლის პრესსპიკერმა, შონ სპაისერმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეს არის რუტინული შესწორება და არა რუსეთისთვის დაწესებული სანქციების შემსუბუქება.

ბარაკ ობამამ რუსეთს ეს სანქციები 2016 წლის დეკემბერში დააკისრა იმ ბრალდებით, რომ მოსკოვი აშშ–ის საპრეზიდენტო არჩევნებზე ზეგავლენას კიბერთავდასხმებით ცდილობდა. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 23 დეკემბერს უარყო აშშ-ის ბრალდებები და განაცხადა, რომ არჩევნებში დამარცხებული მხარე ყოველთვის ცდილობს ბრალი დასდოს სხვას თავის წარუმატებლობაში.

2016 წლის 15 დეკემბერს აშშ–ის სადაზვერვო სამსახურის მაღალჩინოსნები ირწმუნებოდნენ, რომ ჰაკერულ თავდასხმებს თავად რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ხელმძღვანელობდა, თუმცა ამერიკის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კიბერთავდასხმების შესახებ ბრალდებებს სასაცილო უწოდა. ამის მიუხედავად, 29 დეკემბერს ამერიკის შეერთებული შტატებიდან რუსეთის 35 დიპლომატი გააძევეს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების დროს სავარაუდო კიბერშტევების საპასუხოდ.

ვლადიმერ პუტინი და დონალდ ტრამპი. ფოტოკოლაჟი: EPA

ვლადიმერ პუტინი და დონალდ ტრამპი. ფოტოკოლაჟი: EPA

მასალების გადაბეჭდვის წესი