ახალი ამბები

ამერიკული მხარის ცნობით, არჩევნების დროს კიბერშეტევებს პუტინი პირადად ხელმძღვანელობდა

15 დეკემბერი, 2016 • 3833
ამერიკული მხარის ცნობით, არჩევნების დროს კიბერშეტევებს პუტინი პირადად ხელმძღვანელობდა

ამერიკის შეერთებული შტატების სადაზვერვო სამსახურების მაღალჩინოსნები მიიჩნევენ, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი პირადად ხელმძღავნელობდა კიბერთავდასხმებს, რომლებიც აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების დროს განხორციელდა. ეს იყო შურისძიება ჰილარი კლინტონზე, – წერს NBC. მედიასაშუალებამ აშშ-ის სადაზვერვო სამსახურის მაღალჩინოსნებისგან ინფორმაცია ექსკლუზიურად მოიპოვა.

რუსეთის პრეზიდენტი თავად გასცემდა ინსტრუქციებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოეპოვებინათ დემოკრატიული პარტიიდან მასალა და როგორ უნდა “გაეჟონა” მას, – აცხადებენ მაღალჩინოსნები, რომლებსაც პირადად მიუწვდებათ ხელი ინფორმაციაზე. NBC აღნიშნავს, რომ მაღალჩინოსნები სრულიად დარწმუნებული არიან საკუთარ განცხადებებში.

Washington Post-მა ასევე გამოაქვეყნა CIA-ს ანგარიში, რომლის თანახმადაც, რუსეთმა ამერიკის მოქალაქეებისა და ინსტიტუციების მეილების “დაჰაკვის” შედეგად მოიპოვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელმაც დონალ ტრამპის გავარჯვებაზე იქონია გავლენა.

როგორც The Guardian წერს, პუტინმა ამ დრომდე ვერ აპატია ჰილარი კლინტონს განცხადება იმის თაობაზე, რომ 2011 წელს რუსეთში არჩევნები გაყალბდა. კლინტონი ამ დროს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პოსტს იკავებდა.

სადაზვერვო სამსახურების წარმომადგენლები NBC-სთან საუბარში აცხადებენ, რომ პუტინმა ეს ყველაფერი კლინტონზე შურისძიების მიზნით წამოიწყო, თუმცა დროთა განმავლობაში გადაწყვიტა, მსოფლიოსათვის ეჩვენება, რომ ამერიკა კორუმპირებულია და მის მოკავშირეებში გაეჩინა აზრი, რომ ის ვეღარ იქნება მსოფლიოს ლიდერი სახელმწიფო.

ამერიკის არჩეულ პრეზიდენტ დონალ ტრამპს CIA-ს განცხადებების არ სჯერა და მათ არასერიოზულს (ridiculous) უწოდებს. ტრამპი ამბობს, რომ მსგავსი განცხადებებით FBI თავს იმართელებს მას შემდეგ, რაც ჰილარი კლინტონი არჩევნებში დამარცხდა.

რესპუბლიკელმა დონალდ ტრამპმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში 8 ნოემბერს დემოკრატი ჰილარი კლინტონი დაამარცხა. ტრამპმა ვლადიმერ პუტინის მიმართ სიმპათიები არაერთხელ გამოხატა. რუსეთის პრეზიდენტი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ტრამპს გამარჯვება სატელეფონო ზარით მიულოცა.

მასალების გადაბეჭდვის წესი