ახალი ამბები

პატრიარქმა ხელისუფლებას და პრეზიდენტს პატიმრების გათავისუფლებისკენ მოუწოდა

29 ოქტომბერი, 2012 •
პატრიარქმა ხელისუფლებას და პრეზიდენტს პატიმრების გათავისუფლებისკენ მოუწოდა

#1 დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ ილია მეორემ განცხადება გააკეთა:

 

“დღეს მე მოვინახულე ჩვენი პატიმრები, მე იმედი მაქვს, რომ ღვთის მადლითა და ჩვენი ლოცვით, ჩვენი ხელისუფლების ნებით, ჩევნი პატიმრები იქნებიან გათავისუფლებული. უნდა გავაძლიეროთ ლოცვები და შევთხოვ უფალს, რომ მალე ვიხილოთ ისინი თავისუფალი. მე ვნახე, რომ მიუხედავად იმისა, რომ მძიმე სურათია, როცა ამდენი ხალხი ციხეშია, მე იმედი მაქვს, რომ ჩვენი ხელისუფლება, პრეზიდენტი და სხვანი, მოიღებენ თავის მოწყალებას და გაათავისუფლებენ მათ, ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ და ღმერთმა დალოცოს ეს ადამიანები, რომლებიც სხედან ახლა ამ ციხეებში.”, – განაცხადა ილია მეორემ. 

 

სოზარ სუბარის განცხადებით, პატრიარქი ყველა პატიმარს შეხვდა სასჯელაღსრულების #7 დაწესებულებაში, ხოლო #1 დაწესებულების პატიმრები შეძლებისდაგვარად მოინახულა, რადგან მათი რაოდენობა ძალიან დიდია:

 

“ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო, მისმა უწმინდესობამ თვითონ აარჩია ორი ისეთი დაწესებულება, სადაც ისეთი პატიმრები სხედან, ვისაც ყველაზე დიდი ვადები აქვთ მისჯილი. #7 საპყრობილეში, სადაც ყველაზე მკაცრი პირობებია, პირადად შეხვდა და ელაპარაკა აბსოლუტურად ყველა პატიმარს, #1 საპყრობილეში ამის საშუალება, ბუნებრივია, არ იყო, რადგან აქ 1200 პატიმარია დაახლოებით, მაგრამ ყველა დალოცა, უმრავლესობას ხელი ჩამოართვა და ძალიან დიდი ნუგეშია ეს ადამიანებისთვის. ჩვენ საპატრიარქოსთან ერთად ვგეგმავთ რესოციალიზაციის პროექტს. ეს იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისთვის, რომ ციხე იყოს არა ადგილი, სადაც პატიმარი ითრგუნება, არამედ სადაც მუშაობა მიდის გამოსწორებაზე, რესოციალიზაციაზე და მის საზოგადოებაში ღირსეულ დაბრუნებაზე”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

მინისტრის განცხადებით, ხვალ დილამდე სასჯელაღსრულების დაწესებულებებს 355 ადამიანი დატოვებს, როგორც სუბარმა განაცხადა, პატიმართა გათავისუფლების პროცესი გაგრძელდება;

 

“ჩვენ შევეცდებით, რომ ის ადამიანები, ვისი გაშვებაც არის შესაძლებელი, მაქსიმალურად გათავისუფლდნენ. იგივე დამოკიდებულება გვაქვს ავადმყოფ პატიმრებთან დაკავშირებით. ვინც ძალიან მძიმე ავადმყოფები არიან, უნდა დატოვონ საპატიმროები. ასეთი ძალიან ბევრი არ არის, შეიძლება იყოს რამდენიმე ათეული”, – აღნიშნა მინისტრმა.  

 

სოზარ სუბარმა განცხადება პატიმრების საყურადღებოდაც გააკეთა:

 

“გუშინ, მას შემდეგ, რაც გამოვედი ციხის რესპუბლიკური საავადმყოფოდან, ყველა ფანჯრიდან ყვიროდნენ პატიმრები, ითხოვდნენ მინისტრთან შეხვედრას, ყოველთვის ეს ვერ მოხერხდება. ერთ–ერთ მათგანს ამოუკერია პირი იმ მოთხოვნით, რომ შეხვდეს მინისტრს. მე ვერ წავახალისებ ასეთ ქმედებებს, დღეს რომ ამ ადამინს შევხვდე, ხვალ შეიძლება ორმოცდაათმა და ასორმოცდაათმა ამოიკეროს პირი, ამიტომაც ყველას ვთხოვ უმორჩილესად, მინისტრი ვერ შეხვდება 21 ათასივე პატიმარს,  მაგრამ ყველას მიმართ იქნება ყურადღება მაქსიმალური და პირის ამოკერვებით, თვითდაზიანებების მიყენებით ნუ ცდილობენ პროვოცირებას ადმინისტრაციის და მინისტრის ყურადღების მიქცევას”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი