ახალი ამბები

ივანიშვილის გამოსვლას პარლამენტში შეკითხვები არ მოჰყოლია

25 ოქტომბერი, 2012 • 1228
ივანიშვილის გამოსვლას პარლამენტში შეკითხვები არ მოჰყოლია

“ახალარჩეული საქართველოს ხელისუფლება განახორციელებს ფართომასშტაბიან რეფორმებს ყველა სტრატეგიული მიმართულებით, ხალხის აქტიური მონაწილეობით გაატარებს კონსტიტუციურ რეფორმას; მნიშვნელოვნად შეცვლის საკანონმდებლო ბაზას;  აამოქმედებს სახელმწიფო ორგანოთა დაბალანსებულ და გაწონასწორებულ მოდელს, რეალურ თვითმმართველობას; უზრუნველყოფს მრავალპარტიული პოლიტიკური სისტემის არსებობას; გაათავისუფლებს საჯარო სამსახურებს პოლიტიკური წნეხისგან;  განსაზღვრავს ქვეყნის უახლოესი, საშუალო- და გრძელვადიანი განვითარების პოლიტიკას”, – ნათქვამია სამთავრობო პროგრამაში.

 

სამთავრობო პროგრამაში რამდენიმე პრიორიტეტული მიმართულებაა გამოყოფილი. საუბარია იმაზე, რომ სახელმწიფო მმართველობის მოდელის შესარჩევად შეიცვლება კონსტუტუცია ფართო სამოქალაქო შეთანხმების საფუძველზე, ასევე, მნიშვნელოვნად გაძლიერდება თვითმმართველობის როლი:

 

“თვითმმართველობის ორგანოებს გადაეცემათ შესაბამისი საკუთარი (ექსკლუზიური) უფლებამოსილება, ფინანსები და საკუთრება, მათ ეყოლებათ არჩევითი წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები. ცენტრალიზებული, ერთპიროვნული და გაუაზრებელი პროექტების ნაცვლად, სწორედ თვითმმართველობის ორგანოები უზრუნველყოფენ თითოეული მოქალაქის საჯარო მომსახურების ძირითად ნაწილს, ყოფით და ინფრასტრუქტურულ გარემოს”.

 

პროგრამის მიხედვით, სასამართლო რეფორმის კონცეფცია გახდება პოლიტიკური ხელისუფლების ზემოქმედებისაგან სასამართლოს გათავისუფლების საფუძველი; მართლმსაჯულება გახდება დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი; განხორციელდება ქმედითი საკონსტიტუციო კონტროლი.

 

ახალი მთავრობა გეგმავს სისხლის სამართლის სისტემის რეფორმირებას:

 

“გამოირიცხება დანაშაულთა ერთობლიობისას სასჯელის დანიშვნა მხოლოდ შეკრების წესით და გათვალისწინებული იქნება სამართლიანი სასჯელის დანიშვნის საუკეთესო მოდელები; დადგინდება სასჯელად გამოყენებული ფულადი ჯარიმის ზედა ზღვარი; გადაიხედება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისათვის, აგრეთვე, პირადი მოხმარებისათვის მისი მცირე ოდენობით შეძენის ან/და შენახვისათვის; სასჯელის მოხდის რეჟიმი იქნება საერთაშორისო სტანდარტების
შესაბამისი და სრულად იქნება დაცული ადამიანის უფლებები. საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი გახდება სამართლიანი, მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული დაზარალებულის ინტერესები”.

 

სამთავრობო პროგრამის მიხედვით, პროკურატურა ჩამოყალიბდება დამოუკიდებელ სამართალდაცვის ორგანოდ იუსტიციის სამინისტროს სისტემაში. მას უხელმძღვანელებს მთავარი პროკურორი და არა იუსტიციის მინისტრი.

 

იგეგმება ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირება, რომლის მნიშვნელოვანი კომპონენტია პოლიციის დეპოლიტიზაცია.

 

შსს–ს სისტემის რეორგანიზაციის შედეგად ჩამოყალიბდება პოლიციის ფუნქციის მქონე 2 მნიშვნელოვანი დეპარტამენტი: 1. პოლიციის დეპარტამენტი, რომელშიც შევა ორი მნიშვნელოვანი ქვესტრუქტურა – საპატრულო და კრიმინალური პოლიცია და 2. საზღვრის დაცვის პოლიციის დეპარტამენტი.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემიდან გამოიყოფა სახელმწიფო უშიშროების სამსახურები და შეიქმნება ერთიანი დამოუკიდებელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.

 

ევროკავშირში გაერთიანებისაკენ სწრაფვა, ევროატლანტიკური ორიენტაცია და ნატოში ინტეგრაცია – საქართველოს ახალი მთავრობის გაცხადებული პრიორიტეტებია. ამასთანავე, პროგრამის მიხედვით, საქართველო შეეცდება საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით დაიწყოს დიალოგი რუსეთთან, რომლის მიზანიც იქნება ორმხრივ ურთიერთობებში არსებული კრიზისის ეტაპობრივი დაძლევის სტრატეგიის შემუშავება.

 

ახალ პროგრამაში საუბარია მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკაზე, ჯანდაცვისა და სოციალურ პოლიტიკაზე, საპენსიო უზრუნველყოფაზე, სოფლის მეურნეობის, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე, კონფლიქტების მოგვარებაზე, თავდაცვის სისტემისა და შეიარაღებული ძალების საკითხებზე, განათლების, კულტურის და სპორტის პოლიტიკაზე და ა.შ.

 

ბიძინა ივანიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ვრცლად ისაუბრა ამ პროგრამაზე, რის შემდეგაც, პროცედურის შესაბამისად, დეპუტატებს ჰქონდათ შესაძლებლობა მისთვის შეკითხვები დაესვათ, თუმცა უმცირესობისა და უმრავლესობის წარმომადგენლებს მასთან შეკითხვები არ ჰქონდათ, რის შემდეგაც პარლამენტში სიტყვით გამოვიდნენ კომიტეტების თავმჯდომარეები.

 

ამ დროისთვის პარლამენტში სიტყვით გამოდიან დეპუტატები. 

მასალების გადაბეჭდვის წესი