ახალი ამბები

ალდაგი: “ბავშვთა სამყაროს” მხოლოდ შენობაა დაზღვეული და არა საქონლის მარაგი

30 იანვარი, 2017 • 5061
ალდაგი: “ბავშვთა სამყაროს” მხოლოდ შენობაა დაზღვეული და არა საქონლის მარაგი

სადაზღვეო კომპანია “ალდაგის” პრესსამსახურის განცხადებით, “ბავშვთა სამყაროს” შენობა ალდაგშია დაზღვეული, თუმცა დაზღვევა არ ვრცელდება შენობაში არსებულ საქონელზე. კომპანიის პრესსამსახურის ცნობით, შენობა 6 მილიონ ლარადაა დაზღვეული.

“როდესაც ექსპერტიზის შემდეგ დადგინდება ზიანის კონკრეტული რაოდენობა, ზარალის ანაზღაურება მოხდება. მოვაჭრეებს, სამწუხაროდ, დაზღვეული არ ჰქონდათ არც მარაგები და არც საქონელი, მხოლოდ შენობაა დაზღვეული”,- ამბობს “ალდაგის” პრესსამსახურის წარმომადგენელი თამარ გოფოძე “ნეტგაზეთთან” საუბარში.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წარმომადგენლის, დავით გელაშვილის თქმით, 04:10 საათზე შევიდა 112-ზე შეტყობინება ბავშვთა სამყაროში ხანძრის შესახებ და დაახლოებით 3 წუთში მივიდა პირველი დანაყოფი შემთხვევის ადგილზე.

“დადასტურა ფაქტი – იწვოდა ბავშვთა სამყაროს მიმდებარე ტერიტორია, დაახლოებით 3 000 მეტრზე. გამოძახებული იყო 31 სახანძრო სამაშველო სამსახური. ხანძარი გავრცელდა ბავშვთა სამყაროს მთლიანად შენობაზე, რომლის ფართიც 10 000 კვ მეტრია”, – განაცხადა დავით გელაშვილმა.

წინასწარი მონაცამებით, ზარალი ძალიან დიდია. ხანძრის მიზეზები ჯერ დადგენილი არ არის. დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას.


სავაჭრო სახლი ბავშვთა სამყარო სააქციო საზოგადოებაა, რომელიც რეგისტრირებულია 1996 წლიდან თბილისში, თევდორე მღვდლის #7-ში. აღნიშნული ორგანიზაციის 2015 წლის ანგარიშის მიხედვით, მათი სააქციო კაპიტალი შეადგენს 423 289.28 ლარს. სააქციო კაპიტალი დაყოფილია 5588 აქციად, თითოეულის ღირებულებაა 60 აშშ დოლარი და აქციათა 41%-ზე მეტს ფლობს ოფშორში რეგისტრირებული შპს “ლეუფერტი”. სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა მერაბ ასათიანი, წევრები – გიორგი მახარაძე და ნინო გორგანელი. აღმასრულებელი დირექტორია გიორგი მაჭავარიანი, ფინანსური დირექტორი – დავით ქორიძე და მარკეტინგის დირექტორი ელგუჯა ცინცაძე. საწარმოს ძირითადი ეკონომიკური საქმიანობაა საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იჯარით გაცემა-გაქირავება.

მასალების გადაბეჭდვის წესი