ახალი ამბები

ვიცემერი: მეეჭვება “ბავშთა სამყაროში” არსებული საქონელი დაზღვეული იყოს

30 იანვარი, 2017 • 2610
ვიცემერი: მეეჭვება “ბავშთა სამყაროში” არსებული საქონელი დაზღვეული იყოს

თბილისის მერის მოადგილის, ლაშა აბაშიძის თქმით, “ბავშვთა სამყაროს” შენობა, მისი ინფორმაციით, დაზღვეულია, თუმცა საქონელი, რომელიც შენობაში ინახებოდა და ხანძრის შედეგად, სავარაუდოდ, განადგურდა, დიდი ალბათობით დაზღვეული არაა.

“ასეთი გარემოებები, სამწუხაროდ, დაზღვეული არაა. ვფიქრობ, რომ ასეთ ობიექტებზე გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ, რომ მესაკუთრეებმა ასეთი გარემოებები დააზღვიონ და ამხელა ზარალი არ მიადგეს იმ ადამიანებს, რომლებიც აქ საქმიანობენ.  ჩვენ უნდა ვიზრუნოთ, რომ სწორი კომუნიკაცია დამყარდეს ამ ადამიანებს და მესაკუთრეებს შორის. ესაა კერძო საკუთრება და გამოძიება დაადგენს, რომელი მხარეა პასუხისმგებელი. ჩემი ინფორმაციით, შენობაა დაზღვეულია, ხოლო საქონელი, ეჭვი მეპარება, დაზღვეული იყოს”- ამბობს თბილისის მერის მოადგილე ლაშა აბაშიძე.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია საცავებიდან იმ ძვირფასი ლითონების დროულად გამოტანა, რომელიც ხანძარს, სავარაუდოდ, გადაურჩა.

“ბავშვთა სამყაროს”იურისტის, ვაჟა მაისურაძის თქმით, შენობა დაზღვეულია, თუმცა, რომელ კომპანიაში და რა პირობებით, არ საუბრობს. “ბავშვთა სამყაროს” წარმომადგენლობა განცხადების გაკეთებას ადგილზე გეგმავს.

უშუალოდ მოვაჭრეებმა, რომლებიც ახლა მიმდებარე ადგილზე იმყოფებიან და რომლებთან გასაუბრებაც მოახერხა “ნეტგაზეთმა”, არ იციან მათ მიერ ბაზრის ადმინისტრაციასთან გაფორმებული ხელშეკრულების დეტალები, მათ შორის, არც დაზღვევასთან დაკავშირებული ინფორმაცია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წარმომადგენლის, დავით გელაშვილის თქმით, 04:10 საათზე შევიდა 112-ზე შეტყობინება ბავშვთა სამყაროში ხანძრის შესახებ და დაახლოებით 3 წუთში მივიდა პირველი დანაყოფი შემთხვევის ადგილზე.

“დადასტურა ფაქტი – იწვოდა ბავშვთა სამყაროს მიმდებარე ტერიტორია, დაახლოებით 3 000 მეტრზე. გამოძახებული იყო 31 სახანძრო სამაშველო სამსახური. ხანძარი გავრცელდა ბავშვთა სამყაროს მთლიანად შენობაზე, რომლის ფართიც 10 000 კვ მეტრია”, – განაცხადა დავით გელაშვილმა.

წინასწარი მონაცამებით, ზარალი ძალიან დიდია. ხანძრის მიზეზები ჯერ დადგენილი არ არის. დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას.


სავაჭრო სახლი ბავშვთა სამყარო სააქციო საზოგადოებაა, რომელიც რეგისტრირებულია 1996 წლიდან თბილისში, თევდორე მღვდლის #7-ში. აღნიშნული ორგანიზაციის 2015 წლის ანგარიშის მიხედვით, მათი სააქციო კაპიტალი შეადგენს 423 289.28 ლარს. სააქციო კაპიტალი დაყოფილია 5588 აქციად, თითოეულის ღირებულებაა 60 აშშ დოლარი და აქციათა 41%-ზე მეტს ფლობს ოფშორში რეგისტრირებული შპს “ლეუფერტი”. სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა მერაბ ასათიანი, წევრები – გიორგი მახარაძე და ნინო გორგანელი. აღმასრულებელი დირექტორია გიორგი მაჭავარიანი, ფინანსური დირექტორი – დავით ქორიძე და მარკეტინგის დირექტორი ელგუჯა ცინცაძე. საწარმოს ძირითადი ეკონომიკური საქმიანობაა საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იჯარით გაცემა-გაქირავება.

მასალების გადაბეჭდვის წესი