ახალი ამბები

კომიტეტში პარლამენტის მიერ საზ.მაუწყებლის გენდირექტორის არჩევის ვარიანტს განიხილავენ

27 იანვარი, 2017 • 5036
კომიტეტში პარლამენტის მიერ  საზ.მაუწყებლის გენდირექტორის არჩევის ვარიანტს განიხილავენ

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფი, რომელიც მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე მუშაობს, განიხილავს მაუწყებლის გენერალური დირექტორის არჩევის წესის შეცვლის საკითხს.

“ქართული ოცნების” წევრმა დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა ნეტგაზეთს დაუდასტურა, რომ ერთ-ერთ ვარიანტად განიხილება ვერსია, რომლის მიხედვითაც გენერალური დირექტორის დანიშვნის პროცესში პარლამენტი მონაწილეობს. დღეისათვის მოქმედი კანონმდებლობით, დირექტორის შერჩევისა და დანიშვნის უფლებამოსილება სამეურვეო საბჭოს დისკრეციაა. მათიკაშვილი კი, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეა, აცხადებს, რომ კანონის შეცვლაზე მომუშავე ჯგუფი ერთ-ერთ ვარიანტად მაუწყებლის დირექტორის პარლამენტის მიერ არჩევას განიხილავს.

კერძოდ, ინიციატივის თანახმად, მაუწყებლის სამეურვეო საბჭო პარლამენტს სამ კანდიდატს წარუდგენს, რომელთაგანაც დირექტორს პარლამენტში დეპუტატები ხმების უმრავლესობით აირჩევენ. თუმცა მათიკაშვილი აცხადებს, რომ ეს მხოლოდ ერთ-ერთი ვარიანტია.

“დირექტორის არჩევის საკითხზე მრავალი ვარიანტია, ჯგუფში აქტიური აზრთა გაცვლა-გამოცვლაა, პოზიციათა შეჯერება და რომელ ვარიანტზეც შევჯერდებით, მხარდაჭერა იმ ვარიანტს ექნება”, – გვითხრა მათიკაშვილმა.

გარდა მათიკაშვილის კომენტარისა, ნეტგაზეთისათვის სხვა წყაროდანაც ცნობილია, რომ სამუშაო ჯგუფი ზემოხსენებულ საკითხზე მსჯელობს.


იანვრის შუა რიცხვებში პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილების შეკვეცასა და დირექტორის უფლებამოსილების გაზრდაზე მოამზადებს კანონპროექტს.

16 იანვარს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების წარდგენილი საკანონმდებლო წინადადება განიხილა და მიზანშეწონილად მიიჩნია, ამ წინადადების საფუძველზე  “მაუწყებლობის შესახებ” კანონში ცვლილებების შეტანაზე გააგრძელოს მუშაობა. რისთვისაც სამუშაო ჯგუფი შეიქმნა.

ნეტგაზეთისთვის ცნობილია, რომ სამუშაო ჯგუფის წევრები არიან დეპუტატები: დავით მათიკაშვილი, ოთო კახიძე, მამუკა მდინარაძე. ასევე, საზ.მაუწყებლის ბორდის წარმომადგენლები: ირინა ფუტკარაძე და გრიგოლ გოგელია. იურიდიული კომიტეტის აპარატში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ თავმჯდომარის ნებართვის გარეშე ჯგუფის წევრების ვინაობას ვერ გაასაჯაროებენ. აპარატში ასევე ამბობენ, რომ სამუშაო ჯგუფი ჯერ ბოლომდე დაკომპლექტებული არ არის და შესაძლოა მას ახალი წევრებიც დაემატოს.

მაუწყებლის თანამშრომლების წინადადების თანახმად, უნდა შეიზღუდოს სამერუვეო საბჭოს უფლებამოსილება, რის ხარჯზეც დირექტორისა გაიზრდება. ავტორების აზრით, ტელევიზიის ბიუჯეტში ცვლილებები შეტანა სამერუვეო საბჭოს საკუთარი ინიციატივით არ უნდა შეეძლოს, რადგან მათი აზრით, ეს ხელმძღვანელ ორგანოთა შორის ბალანსს არღვევს და უკიდურესად ზღუდავს დირექტორის უფლება-მოვალეობებს.

წინადადების თანახმად, სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილება აღარ უნდა იყოს მაუწყებლის თანამშრომლების შრომითი ხელშეკრულებების ძირითადი პირობების, მათ შორის ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის პირობის განსაზღვრა.

“მიზანშეწონილია, რომ დირექტორს მიეცეს მოქმედების თავისუფლება შრომითი ხელშეკრულებების პირობების განსაზღვრის სფეროში,” – აღნიშნულია იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნაში, რომელსაც ხელს იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელი ეკა ბესელია აწერს.

დასკვნის თანახმად, ზემოხსენებულ სამუშაო ჯგუფში მაუწყებლის თანამშრომლებით და ამ სფეროში მომუშავე სპეციალსიტებით დაკომპლექტდება. სამუშაო ჯგუფის ფორმირებასა და სამუშლო პროცესის ორგანიზებაზე პასუხისმგებელი იურიდიულ საკითხთა კომიტეტია.

მასალების გადაბეჭდვის წესი