„ის წევრები, რომლებიც ჯერ კიდევ შიშის ქვეშ ყავდათ გაერთიანებული, ნელ-ნელა თავისუფლდებიან ამ შიშისგან და ბევრი ადამიანი მათგან უკვე მზად არის გადადგას სწორი ნაბიჯი და ეს არის მართლაც მისაღები“, – განუცხადა „ნეტგაზეთს“ მამუკა მღვდელაძემ. მისივე თქმით, ახალ ფრაქციას აქტიური კავშირი ექნება ქუთაისის მაჟორიტართან, გუბაზ სანიკიძესთან და ახალ მთავრობასთან. მისი განმარტებით, ეს ნორმალური და ჯანსაღი პროცესია.

 

“ნეტგაზეთი” ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარეს, “ნაციონალური მოძრაობის” წევრს, ამირან ხვადაგიანს ესაუბრა. მისი თმით, კახა ნურალიძემ „ნაცმოძრაობა“ იმიტომ დატოვა, რომ სკამს უფრთხილდება.

 

„კახა ნურალიძე ხელისუფლების მეხოტბე იყო მთელი ცხოვრება და ახლაც ალბათ ახალი ხელისუფლება მოვიდა და ახალი ხელისუფლების მეხოტბე გახდება“,– ამბობს ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე ყოფილ თანაგუნდელზე.

 

რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობიდან“ წამოსულ გიორგი სიხარულიძეს, მან საკრებულოს დატოვების გადაწყვეტილება 28 სექტემბერს მესხიშვილის თეატრში ახალი სეზონის ჩაშლის შემდეგ მიიღო, რომლის თაობაზეც საჯაროდ განაცხადა. ის სწორედ აღნიშნული თეატრის მმართველია. მიუხედავად საჯარო განცხადებისა, მას საკრებულოსთვის დეპუტატის მანდატის დატოვების მოთხოვნით ოფიციალური განცხადებით არ მიუმართავს.

 

„ნეტგაზეთი“ გიორგი სიხარულიძის ჩაწერას შეეცადა, თუმცა თეატრში განგვიცხადეს, რომ იგი ახალ სპექტაკლზე მუშაობს და 3 საათის მანძილზე არ ეცლებოდა. გიორგი სიხარულიძის მობილური ტელეფონი ამ დრომდე გათიშულია.

 

საკრებულოს დეპუტატმა მამუკა მღვდელაძემ ახალი ფრაქცია „ქუთაისი“ მედიას დღეს, 19 ოქტომბერს, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში წარუდგინა. როგორც ამ შეხვედრაზე ყოფილმა „ნაციონალმა“ კახა ნურალიძემ განაცხადა, საკრებულოში მუდმივად გრძნობდა კომუნიკაციის პრობლემას.

 

ქუთაისის საკრებულოსა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის დავით გოგისვანიძის თქმით, არც სიხარულიძეს და არც ნურალიძეს ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კომუნიკაციის ნაკლებობის გამო პრეტენზია და უკმაყოფილება არასდროს გამოუთქვამთ.

 

„რთულია ჩემთვის განსაზღვრა, ადამიანი, რომელიც წელიწადში საკრებულოს ორ სხდომას ესწრებოდა, რანაირად უნდა ჰქონდეს მას ინფორმაცია, კომუნიკაციის პრობლემა საკრებულოს წევრებს აქ ჰქონდათ თუ არა“, – აცხადებს დეპუტატი ყოფილ თანამოაზრეებზე.

დავით გოგისვანიძემ „ნეტგაზეთთან“ ახალი ფრაქციის ჩამოყალიბების პროცედურებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალ ფრაქციაში შესასვლელად გიორგი სიხარულიძემ და კახა ნურალიძემ ჯერ ძველი უნდა დატოვონ.

 

როგორც საკრებულოს აპარატში ნეტგაზეთს განუცხადეს, ბოლო 4 თვის განმავლობაში კახა ნურალიძე საკრებულოში

მამუკა მღვდელაძე
მამუკა მღვდელაძე

გამართული ათი სხდომიდან მხოლოდ ბოლო ორში იღებდა მონაწილეობას. რიგით ორმოცდამეხუთე რიგგარეშე სხდომაზე, რომელზეც ქუთაისის ახალი მერის საკითხზე იმსჯელეს, წინააღმდეგი მხოლოდ ერთი წევრი – მამუკა მღვდელაძე იყო.

 

კითხვაზე, თუ ქუთაისის მერის პოსტზე „ნაციონალი“ მერის არჩევას მხარი დაუჭირა, რამდენიმე დღეში რატომ დატოვა „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქცია ქუთაისის საკრებულოში, კახა ნურალიძე პასუხობს, რომ მას მერის არჩევისთვის ხმა „რეალურად“ არ მიუცია:

 

„რაც შეეხება ახალი მერის არჩევისთვის ხმის მიცემას, მე რეალურად მხარი არ დამიჭერია და ხელი არ ამიწევია. ვერც მოვასწარი აწევა, ისე უცებ მოხდა იქ ყველაფერი. თვითონ პიროვნულად ბატონი ბესო ბრეგაძის საწინააღმდეგო მე პირადად არაფერი მქონია, აქ საუბარი იყო უბრალოდ პროცედურულ საკითხებზე. დღეს არის გარდამავალი პერიოდი და აუცილებელია დიალოგი საქართველოს მთავრობასთან“, – აცხადებს კახა ნურალიძე.

 

მისი თქმით, ახალი ფრაქცია ქუთაისის საკრებულოში იმიტომ შეიქმნა, რომ არ მოხდეს „ურთიერთობების კოლაფსი“ ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის საკრებულომ ახალი მერი ბესიკ ბრეგაძე საპარლამენტო არჩევნების შემდეგ აირჩია, რასაც საკრებულოში დაპირისპირება და დეპუტატების ურთიერთშეურაცხყოფა მოჰყვა. მაშინ ახალი მერის არჩევა მხოლოდ „ახალი მემარჯვენეების“ ყოფილმა წევრმა მამუკა მღვდელაძემ გააპროტესტა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *