ახალი ამბები

ხატიაშვილი: კვირიკაშვილმა და წულუკიანმა თავი მოსჭრეს საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე

25 იანვარი, 2017 • 1829
ხატიაშვილი: კვირიკაშვილმა და წულუკიანმა თავი მოსჭრეს საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი აცხადებს, რომ სტრასბურგში საქართველოდან წარდგენილი  მოსამართლეობის კანდიდატების სიის „საქართველოსთვის დაბრუნება“ პრემიერმინისტრისა და იუსტიციის მინისტრის დანაშაულია.

“მან და წულუკიანმა წარადგინეს პოლიტიკური ნიშნით შერჩეული კანდიდატები, რითიც თავი მოსჭრეს საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე,” – აცხადებს ხატიაშვილი.

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ეხმაურება თეა წულუკიანის განცხადებას, რომ ზაზა ხატიაშვილის ბრალია, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ საქართველოდან წარდგენილი კანდიდატების სია რომ დაიწუნა. ხატიაშვილი ამბობს, რომ იუსტიციის სამინისტროს ინტერესთა კონფლიქტი ჰქონდა სანდრო ბარამიძის შემთხვევაში, რადგან იგი კანდიდატიც იყო და იუსტიციის მინისტრის მოადგილეც.

„როგორ შეიძლება, იუსტიციის მინისტრი იყოს კომისიის თავმჯდომარე,  ხოლო მისი პირველი მოადგილე, რომელმაც არ დატოვა თანამდებობა, იყოს  კომისიის წინაშე კანდიდატი? უბრალო ლოგიკა ვერ გაიგეს ვერც წულუკიანმა და ვერც კვირიკაშვილმა. სამაგიეროდ, ინტერესთა კონფლიქტი კარგად იციან რა არის ევროპის საბჭოში, სადაც წესიერი და პატიოსანი პირები მუშაობენ. წულუკიანს და კვირიკაშვილს ევროპელი დეპუტატები ქართველ დეპუტატებში აერიათ“, – აცხადებს ხატიაშვილი.

ხატიაშვილი აცხადებს, რომ ეს არის სამოქალაქო საზოგადოების დიდი გამარჯვება, რომელმაც არ დაუშვა ხელისუფლების კანდიდატის დანიშვნა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში მოსამართლედ.  მისი აზრით, სააკაშვილის რეჟიმმა და ბიძინა ივანიშვილის ,,ფეოდალურმა“ ხელისუფლებამ საქართველოში მოკლეს სამართლიანი სასამართლო და მოახდინეს მთელი სასამართლო სისტემის „მურუსიზაცია“.

„ჩვენ გავხდით სახელმწიფო, აზერბაიჯანთან ერთად, ვისაც სტრასბურგის სასამართლოში წარდგენილი მოსამართლეობის კანდიდატები უკან დაუბრუნეს“, – წერია დღეს, 25 იანვარს  გავრცელებულ განცხადებაში.

ზაზა ხატიაშვილის თქმით, თეა წულუკიანი კიდევ ერთხელ ცრუობს, როდესაც მას აბრალებს სიის დაბრუნებას. სტრასბურგის სასამართლოში მოსამართლეობის დანიშვნის ძირითადი კრიტერიუმია მოსამართლეობის კანდიდიდატის მაღალი ზნეობრივი და მორალური რეპუტაცია, აცხადებს ხატიაშვილი.

„ზაზა ხატიაშვილმა დავუშალე წულუკიანს, სტრასბურგის სასამართლოში არ წარედგინა ანა დოლიძე? რომელსაც ჰქონდა გაცილებით მაღალი შეფასება, ვიდრე ევა გოცირიძეს… საქართველოს ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ ვინაიდან მას გასდის ყველანაირი უკანონობა საქართველოში, ეს გაუვიდოდა სტრასბურგში.  სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა მივაღწიეთ საქართველოს ფარგლებს გარეთ იმის დამტკიცებას, რომ  სტრასბურგის სასამართლოში წარდგენილი კანდიდატები იყვნენ პოლიტიკური ნიშნით შერჩეულნი, რაც  დიდი გამარჯვებაა“, – აცხადებს ხატიაშვილი.

ხატიაშვილის თქმით, მან კომისიის სხდომაზე განაცხადა, რომ ამ სიაში არ უნდა ყოფილიყო სანდრო ბარამიძე, წინააღმდეგ შემთხვევაში იჩივლებდა სტრასბურგში და ასეც მოიქცა.

საქართველოდან წარდგენილი კანდიდატები იყვნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ევა გოცირიძე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდე ბარამიძე და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იურისტი გიორგი ბადაშვილი. საქართველოდან წარდგენილი სამი კანდიდატურიდან ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლოს ამრჩევ კომიტეტს ერთი მათგანი უნდა დაენიშნა სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლედ.

საქართველოდან წარსადგენი კანდიდატების შერჩევის პროცესი ეჭვქვეშ დააყენა არსამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა, ხოლო ადვოკატთა ასოციაციის თავმდჯომარემ, ზაზა ხატიაშილმა ევა გოცირიძის კანდიდატურის წინააღმდეგ 26 სექტემბერს სტრასბურგის სასამართლოსთან აქცია გამართა.

მასალების გადაბეჭდვის წესი