წულუკიანი სტრასბურგში მოსამართლეების სიის წინაამდეგ მუშაობაში ომბუდსმენს, ხატიაშვილს და ენმ-ს ადანაშაულებს

სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან წარდგენილი კანდიდატურების ჩავარდნის ფაქტს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გამოეხმაურა. წულუკიანის განცხადებით, საქართველოდან გაგზავნილი სიის წინააღმდეგ არაერთმა ადამიანმა იმუშავა, მათ შორის ენმ-დან, ასევე, ომბუდსმენმა და ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელმა.

“ძალიან დიდი გულისტკივილით ვადევნებ თვალს იმას, რომ ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი სამშობლოსთვის ამ სიის დაბრუნებას სიხარულის ყიჟინით შეხვდა ნაციონალური მოძრაობა, უფრო სწორად, მისი მარტივ მამრავლებად დაშლილი წევრები. ეს არ არის გასაკვირი, ისინი ყოველთვის მუშაობდნენ საქართველოს წარუმატებლობისთვის საერთაშორისო ასპარეზზე. ამ სიის საწინააღმდეგოდ ასევე იმუშავა საქართველოს ომბუდსმენმა, რომელიც ცოტა ხნის წინ ასევე იყო ჩასული სტრასბურგში და სხვა ქვეყნებს მოუწოდა, რომ არ დაეჭირათ მხარი, ასევე იმუშავა ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, რომელიც ევა გოცირიძის ფოტოებით და მუქარით, რომ ვიშიმშილებო, ევროპელებს ეუბნებოდა, არ დაუჭიროთ საქართველოს მხარიო. ძალიან ბევრმა ჩვენმა თანამოქალქემ და ოფიციალურმა პირმა, სამწუხაროდ, იმუშავა იმისთვის, რომ საქართველოს გუშინ ეს სია უკან დაბრუნებოდა. რაც შეეხება საქმეს და არა ემოციას, ჩვენ ჯერ არ ვიცით, როგორ დავგეგმავთ მომავალ პროცედურას, ჯერ ევროსაბჭოსგან დაველოდებით ოფიციალურ გადაწყვეტილებას”, – განაცხადა წულუკიანმა.

24 იანვარს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტმა ჩააგდო საქართველოდან წარდგენილი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები.

საქართველომ კომიტეტს სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების ახალი სია უნდა წარუდგინოს.

“კომიტეტმა ჩათვალა, რომ საჭირო იქნება, ხელისუფლებამ პროცედურა ხელახლა გაიაროს და აპრილამდე წარმოდგენილი იყოს ახალი კანდიდატები. კომიტეტის წევრთა უმრავლესობამ მიიჩნია, რომ პროცედურების თავიდან გავლა არის უკეთესი,” – განუცხადა მაუწყებელს ეკა ბესელიამ.

საპარლამენტო უმცირესობის წევრის, გიორგი კანდელაკის თქმით, კანდიდატების ჩავარდნა სამარცხვინოა:

“ამის მიზეზი სიის ფორმირების პროცესში არსებული უზარმაზარი დარღვევები, სამარცხვინო დარღვევებია. სიის ჩაგდება ნებისმიერი ქვეყნისთვის არის უდიდესი სირცხვილი და თავის მოჭრა. იმედია, რომ ამის შემდეგ მაინც ისწავლის საქართველოს მთავრობა ოდნავ უფრო ცივილიზებულად მოქცევას.”

საქართველოდან წარდგენილი კანდიდატები იყვნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ევა გოცირიძე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდე ბარამიძე და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იურისტი გიორგი ბადაშვილი. საქართველოდან წარდგენილი სამი კანდიდატურიდან ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლოს ამრჩევ კომიტეტს ერთი მათგანი უნდა დაენიშნა სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლედ.

საქართველოდან წარსადგენი კანდიდატების შერჩევის პროცესი ეჭვქვეშ დააყენა არსამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა, ხოლო ადვოკატთა ასოციაციის თავმდჯომარემ, ზაზა ხატიაშილმა ევა გოცირიძის კანდიდატურის წინააღმდეგ 26 სექტემბერს სტრასბურგის სასამართლოსთან აქცია გამართა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com