ახალი ამბები

4 პარტია თბილისის მერობის კანდიდატად ზაზა ხატიაშვილს ასახელებს

7 ივნისი, 2021 • 2557
4 პარტია თბილისის მერობის კანდიდატად ზაზა ხატიაშვილს ასახელებს

ოთხმა პარტიამ — „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ (გოჩა ჯოჯუა), „ქართული არჩევანი“ (ბეჟან გუნავა), „მოძრაობა სოციალური სამართლიანობისთვის“ (მამუკა ტუსკაძე) და „თავისუფალი საქართველო“ (კახა კუკავა) – თბილისის მერობის კანდიდატად ადვოკატთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი დაასახელა.

ისინი მთელ ოპოზიციურ სპექტრსა და საზოგადოებას სთავაზობენ, მოაწყონ თბილისის მერობის ერთიანი კანდიდატების გამჭვირვალე განხილვა და განიხილონ როგორც ზაზა ხატიაშვილის, ასევე, ყველა ის კანდიდატურა, რომელიც ასევე შესაძლებელია გახდეს ოპოზიციური ელექტორატის გამაერთიანებელი.

“ზაზა ხატიაშილის ერთ-ერთი მთავარი დადებითი მახასიათებელია, რომ ის არ არის არცერთი პარტის წარმომადგენელი, არც რომელიმე იდეოლოგიური კლასტერის წარმომადგენელი არ არის და მაქსიმალურად მისაღებია მრავალფეროვანი ოპოზიციური სპექტრის სხვადასხვა სეგმენტისთვის. აქვს პოზიტიური გამოცდილება — ერთხელ უკვე დაამარცხა “ქართული ოცნება” ადვოკატთა ასოციაციის არჩევნებში 2013 წელს, როცა მმართველი გუნდი და უშიშროება ლობირებდნენ მამუკა მდინარაძის კანდიდატურას”, — განაცხადა კახა კუკავამ.

თავად ხატიაშვილი აცხადებს, რომ რამდენიმე არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიისგან მიიღო შეთავაზება, როგორც არაპარტიულმა და დამოუკიდებელმა კანდიდატმა თბილისის მერის თანამდებობაზე იყაროს კენჭი, თუმცა რამდენიმე წელია, უჭირს ასეთი გადაწყვეტილების მიღება და გადაწყვიტა, საკითხი დისკუსიისთვის გამოიტანოს.

“ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ადვოკატთა კორპუსის აზრი… გასხოვთ, რა ასოციაცია ჩავიბარე და რა დავტოვე. ვფიქრობ, მაქვს რესურსი, რაც გავაკეთე ადვოკატთა ასოციაციის განვითარებისთვის, იგივე გავაკეთო თბილისის და ქვეყნის განვითარებისთვის. ძალიან მჭირდება თქვენი რჩევა, რადგან ჩვენ ყოველთვის ერთი ორგანიზმი ვიყავით და გადაწყვეტილებაც უნდა მივიღოთ ერთად”, — წერს ხატიაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი