ნეტგაზეთი | ზაზა ხატიაშვილმა ევა გოცირიძის კანდიდატურის წინააღმდეგ სტრასბურგში აქცია გამართა ზაზა ხატიაშვილმა ევა გოცირიძის კანდიდატურის წინააღმდეგ სტრასბურგში აქცია გამართა – Netgazeti

ზაზა ხატიაშვილმა ევა გოცირიძის კანდიდატურის წინააღმდეგ სტრასბურგში აქცია გამართა

26 სექტემბერს  სტრასბურგში, ევროპის საბჭოს წინ, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილმა საქართველოს ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ევა გოცირიძის კანდიდატურის წარდგენა გააპროტესტა.

ზაზა ხატიაშვილმა აღნიშნა, რომ ევა გოცირიძეს არ გააჩნია  ის მაღალი მორალური და ზნეობრივი კრიტერიუმები, რაც ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლეს უნდა გააჩნდეს. 2016 წლის 30 სექტემბერს  მოსამართლეობის თითოეულ კანდიდატთან დანიშნულია გასაუბრება.

2016 წლის 10 ოქტომბერს ევროპის საბჭოს ასამბლეა, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში  საქართველოდან ერთ-ერთ წევრს აირჩევს.

ადვოკატთა ასოციაციის ცნობით, ზაზა ხატიაშვილი ევროპის საბჭოში რამდენიმე შეხვედრას გამართავს.  მან უკვე მიმართა ევროპის საბჭოს ასამბლეას, არ დაუშვან ევა გოცირიძის კანდიდატურის დამტკიცება ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე სტრასბურგში ევროპის საბჭოს მიწვევით იმყოფება.

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის პოზიციაზე ერთ-ერთ კანდიდატად ევა გოცირიძე საქართველოს მთავრობამ 2016 წლის 28 აგვისტოს წარადგინა. მთავრობის გადაწყვეტილებით, სამწევრიან სიაში ნანა მჭედლიძის კანდიდატურის ნაცვლად საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრ ევა გოცირიძის კანდიდატურა  შევიდა.

ამჟამად სულ სამი კანდიდატია წარდგენილი: ევა გოცირიძე, ალექსანდრე ბარამიძე და გიორგი ბადაშვილი. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარსადგენ მოსამართლეთა კანდიდატურების შესარჩევად მთავრობამ კონრკუსი გამოაცხადა, რომელშიც  47 კანდიდატი მონაწილეობდა. ამ კანდიდატურებიდან 5 კანდიდატი შესარჩევმა კომისიამ საქართველოს მთვარობას წარუდგინა.

საქართველოს მთავრობამ 2016 წლის 16 მაისს 5 კანდიდატიდან 3 – ალექსანდრე ბარამიძე, ნანა მჭედლიძე და გიორგი ბადაშვილი დაამტკიცა. თუმცა შემდეგ ნანა მჭედლიძე ევა გოცირიძემ შეცვალა. მთავრობის წარდგენილი კანდიდატურებიდან ერთს 2016 წლის შემოდგომაზე ევროსაბჭო შეარჩევს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com