ახალი ამბები

არასამთავრობოები მინისტრობის კანდიდატის შეცვლას მოითხოვენ

19 ოქტომბერი, 2012 • 1346
არასამთავრობოები მინისტრობის კანდიდატის შეცვლას მოითხოვენ

დავით დარახველიძე/ფოტო: თაზო კუპრეიშვილი
დავით დარახველიძე/ფოტო: თაზო კუპრეიშვილი

“2012 წლის 16 ოქტომბერს პრემიერ მინისტრობის კანდიდატმა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა წარადგინა მინისტრთა კაბინეტი. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრობის კანდიდატად დასახელებულ იქნა ბატონი დავით დარახველიძის კანდიდატურა.

 

არასამთავრობო ორგანიზაციები გამოთქვამენ შეშფოთებას, რომ მინისტრობის კანდიდატის მიერ ამბროლაურის რაიონში ჩატარებული საარჩევნო კამპანიის დროს გამოყენებულ იქნა სიძულვილის ენა და რასისტული გამონათქვამები, ისევე, როგორც აგრესიული ტონი მასმედიასთან ურთიერთობისას. აღნიშნული გამონათქვამები ეწინააღმდეგება ევროპულ ფასეულებებს და ევროინტეგრაციის კურსს, რაც საქართველოს საგარეო პოლიტიკის გაცხადებული პრიორიტეტია და არღვევს ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს.

 

ამ ყოველივეს გათვალისწინებით, არასამთავრობო ორგანიზაციები სთხოვენ პრემიერ  მინისტრობის კანდიდატს, გადახედოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრობის დასახელებულ კანდიდატურას და უფრო მეტი სიფრთხილე და პრინციპულობა გამოიჩინოს სხვადასხვა თანამდებობებზე დასანიშნი საჯარო მოხელეების შერჩევისას, ხოლო საჯარო მოხელეები მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ საჯარო გამონათქვამებს და თავი შეიკავონ სიძულვილის ენის და რასისტული გამონათქვამების გამოყენებისაგან”, – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დღეს, 19 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში.

 

განცხადებას ხელს აწერენ:

 

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

კონსტიტუციის 42-ე მუხლი

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება

საქართველოს ჟურნალისტთა ეთიკის ქარტია

საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია  

მრავალეროვანი საქართველო

მწვანე ალტერნატივა

ფონდი ღია საზოგადოება საქართველო

ინფორმაციული ტექნოლოგიები

სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი

 

ნათია კუპრაშვილი

ლაშა ტუღუში

მასალების გადაბეჭდვის წესი