ახალი ამბები

ქუცნაშვილი: ოჯახის სიმტკიცის გარანტიად ჩვენ ჯვრისწერის საიდუმლო გვაქვს

24 იანვარი, 2017 • 11722
ქუცნაშვილი: ოჯახის სიმტკიცის გარანტიად ჩვენ ჯვრისწერის საიდუმლო გვაქვს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ზაქარია ქუცნაშვილის თქმით, მართლმადიდებელ ქრისტიანებს, ისევე როგორც ბევრი სხვა კონფესიის მიმდევარ ხალხს, არ აქვთ საოჯახო ქორწინების ტრადიცია და ერთადერთი მთავარი შემაკავებელი ფაქტორი ოჯახის სიმტკიცის თვალსაზრისით ჯვრისწერის საიდუმლოა:

“ყველა ვთანხმდებით, რომ თანამედროვე საზოგადოებაში ოჯახი ერთ-ერთი შემადგენელია. მაგრამ ეს მთავარი შემადგენელი ყოველთვის განიცდის საზოგადოების მსგავსად გამოწვევებს და ხშირ შემთხვევაში, ოჯახის სიმტკიცის დაცვის გარანტია ირღვევა ხოლმე. ევროპელებს, განსხვავებით კავკასიელებისგან, აქვთ ერთი უპირატესობა, რომ მათ შემოღებული აქვთ საქორწინო ხელშეკრულება, როგორც ოჯახის სიმტკიცის დამატებითი გარანტია, სადაც უკვე ტრადიციის დონეზეა დამტკიცებული ხელშეკრულების დადება ცოლსა და ქმარს შორის და მეუღლეთა უფლება-მოვალეობების ქაღალდზე დაწერილი ფორმით გადატანა. ჩვენ, მართლმადიდებელ ქრისტიანებს, და არა მარტო, ბევრი სხვა კონფესიის მიმდევარ ხალხს, არ გვაქვს საოჯახო ქორწინების ტრადიცია და ერთადერთი მთავარი დამბალანსებელი, რაც არის ოჯახის სიმტკიცის თვალსაზრისით, ეს არის ჯვრისწერის საიდუმლო, რომელიც რჩება ყველაზე მთავარ შემაკავებელ ფაქტორად” – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა დღეს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ გამართულ ღონისძიებაზე.

ქუცნაშვილმა დღევანდელ შეხვედრაზე რწმენის თავისუფლების საკითხი ოჯახის, დანაშაულისა და ტერორიზმის მიმართულებით განავრცო.

ქუცნაშვილის თქმით, “ტერორიზმის ყველაზე აგრესიული ფორმა  შაჰიდიზმია, რომელმაც თავისი აგრესიულიობით გადააჭარბა კამიკაძეობას, როგორც მეოცე საუკუნის, ასევე ყველაზე, ზოგიერთისთვის თავდადებულ, ზოგიერთისთვის კი ტერორისტული აქტის გამოვლინებას”.

დეპუტატის შეფასებით, თანამედროვე საზოგადოება, ფაქტობრივად, უძლურია ტერორიზმთან ბრძოლის საქმეში და ამ მიმართულებით ის რელიგიის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ხედავს:

“ავუხსნათ ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ უმძიმეს დანაშაულს ჩადის, რომ სხვა ადამიანის მოკვდინება, თუნდაც თავისი სიცოცხლის ხარჯზე, მსხვერპლად შეწირვის ხარჯზე, ეს არის დანაშაული, რადგან სუიციდიზმი, როგორც ასეთი, და სხვა ადამიანის მოკვდინება, როგორც ასეთი, რელიგიური თვალსაზრისით ითვლება ყველა რელიგიაში, რაც კი მსოფლიოში არსებობს, დიდ ცოდვად, დიდ დანაშაულად. ამიტომ, ჩვენი, საერო პირების მოვალეობა მდგომარეობს იმაში, რომ  რწმენა ვაქციოთ იმ ღირებულებად, რომელსაც დავიცავთ ყველა როგორც, საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ასევე პოლიტიკურ ცხოვრებაში და საზოგადოებრივი ცხოვრების ასპექტში,” – თქვა ქუცნაშვილმა. 

ეს განცხადებები დეპუტატმა რელიგიათა საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ გამართულ პრეზენტაციაზე გააკეთა. სააგენტომ საზოგადოებას 4 სახელმძღვანელო წარუდგინა, რომელიც რელიგიური საკითხების სამართლებრივი რეგულირების შესახებ ევროპულ გამოცდილებას ეხება. წიგნები საჯარო მოხელეებს დაურიგდებათ. როგორც სააგენტოს ხელმძღვანელი ზაზა ვაშაყმაძე ამბობს, სახელმძღვანელოები დაეხმარება საჯარო მოხელეებს რელიგიური ნეიტრალიტეტის შენარჩუნებაში და ხელს შეუწყობს ქვეყანაში ქართულ რეალობაზე მორგებული სტანდარტების ჩამოყალიბებას, რომელიც რელიგიურ ორგანიზაციებს თავიანთ მოღვაწეობაში გამოადგებათ.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი