ახალი ამბებიკომენტარისამართალი

TI: მანანა კობახიძის დანიშვნა ხელყოფს სასამართლოს მიმართ საზოგადოების ნდობას

23 იანვარი, 2017 • 3385
TI: მანანა კობახიძის დანიშვნა ხელყოფს სასამართლოს მიმართ საზოგადოების ნდობას

დღეს, 23 თებერვალს, ოფიციალურად გახდა ცნობილი,  რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე საპარლამენტო უმრავლესობა მანანა კობახიძეს წარადგენს, რასაც საზოგადოებაში არაერთგვაროვანი გამოხმაურება და იურისტების კრიტიკა მოჰყვა.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს, მხარი არ დაუჭიროს კობახიძის კანდიდატურას. მიუხედავად იმისა, რომ მანანა კობახიძის კანდიდატურა ასაკობრივი ცენზისა და პროფესიული განათლების კუთხით აკმაყოფილებს კანონის ფორმალურ მოთხოვნებს, როგორც TI აცხადებს, ხელისუფლების მიერ მისი არჩევა დამაზიანებელია სასამართლოს ავტორიტეტისთვის შემდეგი გარემოების გათვალისწინებით:

  • საპარლამენტო უმრავლესობის მოქმედი წევრის და ყოფილი ვიცესპიკერის საკონსტიტუციო სასამართლოში დანიშვნა მიუთითებს ხელისუფლების ნებაზე, მოახდინოს სასამართლოს პოლიტიზება და მაკონტროლებელი კონსტიტუციური ინსტიტუციის მის მიმართ პოლიტიკურად ლოიალური პირებით დაკომპლექტება. ამგვარი მიდგომით ეჭვქვეშ დგება ხელისუფლების დანაწილების და ხელისუფლების სხვადასხვა შტოების მიერ ურთიერშეკავების პრინციპის პრაქტიკული არსებობა ქვეყანაში.

  • მნიშვნელოვანია, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მანანა კობახიძე იყო  ხელისუფლების ერთ-ერთი ძირითადი სპიკერი, რომელიც ახმოვანებდა მმართველი გუნდის დამოკიდებულებებს თითქმის ყველა აქტუალურ და მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით. მათ შორის იმ საკითხებთან დაკავშირებითაც, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლოშია გასაჩივრებული, ან გასაჩივრდება მომავალში.  ამასთან, იგი საზოგადოებაში აღიქმება, როგორც პოლიტიკოსი და ხელისუფლების მიდგომების გამხმოვანებელი. ამგვარი პირის პირდაპირ უმაღლეს სასამართლო ინსტანციაში არჩევა საფრთხეს უქმნის სასამართლოს პოლიტიკური ნეიტრალიტეტს და, შესაბამისად, მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიმართ საზოგადოების ნდობას.

  • გარდა პოლიტიკური მიკერძოებისა, ასევე კითხვის ნიშნები ჩნდება, თუ რამდენად შეესაბამება მანანა კობახიძის დამოკიდებულებები და ღირებულებები ყველა ადამიანის თანასწორობის კონსტიტუციურ პრინციპს. აღნიშნული პრინციპის სრულყოფილ გააზრებას და გათავისებას კი განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საკონსტიტუციო სასამართლოს თითეული მოსამართლისთვის. 2010 წელს ერთ-ერთ საგაზეთო ინტერვიუში იგი აცხადებდა, რომ “შეიძლება სულაც არ იყო მართლმადიდებელი, მაგრამ საყოველთაოდ აღიარებული უზნეობა მიუღებელი იყოს. ევროპულ ქვეყნებში ყველას საზოგადოების ჩვეულებრივ თანასწორ წევრებად თვლიან. ჩვენთვის ამის მიღება ძნელია, რადგან ის მართლმადიდებლურ მორალთან წინააღმდეგობაში მოდის. არის კატეგორიაც, რომელიც უცხოეთში ასეთი მოტივით თავშესაფარს ითხოვს”.  მსგავსი მოსაზრებები მანანა კობახიძეს დაფიქსირებული აქვს შემდგომ ინტერვიუებშიც. აღსანიშნავია, რომ მანანა კობახიძე მხარს უჭერდა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან ერთად, ასევე, ჩატარებულიყო რეფერენდუმი კონსტიტუციაში ქორწინების წესის განსაზღვრასთან დაკავშირებით.

  • აღსანიშნავია, რომ მედიაში მანანა კობახიძის სახელი არაერეთხელ გაჟღერებულ იქნა კორუფციულ სკანდალში. იგი ფიგურირებდა მის ძმასთან, თბილისის საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარესთან, დაკავშირებულ საქმეში და ასევე შეწყალების კომისიასთან დაკავშირებულ შესაძლო კორუფციულ საქმეში. აქვე აღვნიშნავთ, რომ ჩვენ მოკლებული ვართ, შესაძლებლობას ამ კუთხით მედიაში მის მიმართ გავრცელებული ბრალდებების სისწორე ვამტკიცოთ.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, მიგვაჩნია, რომ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ საკონტიტუციო სასამართლოს მოსამართლის კანდიდატად მანანა კობახიძის დასახელება აზიანებს სასამართლოს ავტორიტეტს და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიმართ საზოგადოების ნდობას, რაც საფრთხეს უქმნის ქვეყანაში მნიშვნელოვანი კონსტიტუციური ორგანოების ინსტიტუციურ განვითარებას. მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, მხარი არ დაუჭიროს მის კანდიდატურას,” – აცხადებს TI.

მანანა კობახიძე

მანანა კობახიძე

ნეტგაზეთი ასევე ესაუბრა “საერთაშორისო გამჭვრივალობა – საქართველოს” იურისტს, გიორგი ბერაიას. მისი თქმით, მანანა კობახიძე არის ხელისუფლების წარმომადგენელი, რომელიც მთელი ამ პერიოდის მანძილზე ახმოვანებდა ხელისუფლების პოზიციებს თითქმის ყველა საკითხთან დაკავშირებით, რომელიც მათ შორის გასაჩივრებულია ან გასაჩივრდება მომავალში საკონსტიტუციო სასამართლოში:

“შესაბამისად, პირდაპირ ასეთი პირის წარდგენა საკონსტიტუციო სასამართლოში, ცხადია, ხელყოფს სასამართლოს მიმართ საზოგადოების ნდობას, რადგან საზოგადოებაში ჩნდება განცდა, რომ სასამართლო არის პოლიტიკური პროცესის გაგრძელება და ხელისუფლებას ჰყავს მისდამი ძალიან ლოიალურად განწყობილი პირები.”

ბერაია ამბობს, რომ მათთვის შეშფოთების მთავარი მოტივი არის სწორედ ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზები, თუმცა მათ ასევე ახსოვთ მანანა კობახიძის განცხადებები საზოგადოების ზოგიერთ მოწყვლად ჯგუფებთან დაკავშირებით და კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, არის თუ არა თავსებადი ის თავისუფლების პრინციპებთან, რომელიც ერთ–ერთ მნიშვნელოვანი პრინციპი უნდა იყოს თითოეული საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლისთვის.

“ვგულისხმობ, როდესაც მან ერთ–ერთ ინტერვიუში ისაუბრა იმაზე, რომ შესაძლოა მართლმსაჯულებრივ მორალთან ყველა ადამიანის ცხოვრების წესი არ მოდიოდეს შესაბამისობაში და ამის გამო ხშირად არის, როცა ისინი თავშესაფარს სთხოვენ სხვადასხვა ქვეყნებს. ცხადია, როცა ამგვარი სენტიმენტების გაჟღერება ხდება პოლიტიკოსის მხრიდან, მით უმეტეს, შემდეგ თუ ეს პოლიტიკოსი ხდება მოსამართლე, არის ძალიან შემაშფოთებელი,” – ამბობს ბერაია.

გიორგი ბერაიას განცხადებით, მანანა კობახიძის საკონსტიტუციო სასამართლოში დანიშვნა მხოლოდ უარყოფითად აისახება სასამართლოს მიმართ საზოგადოების ნდობაზე:

“ისიც ავღნიშნეთ, რა განცხადებები კეთდებოდა წარსულში მის მიერ. ამან შესაძლოა ეჭქვეშ დააყენოს თანასწორობის პოლიტიკა ქვეყანაში, რადგან მის მიერ გაკეთებულ რიგ განცხადებებში საუბარი იყო იმაზე, რომ ზოგიერთ ადამიანის ცხოვრების წესი შეიძლება არ შეესაბამებოდეს მართლმსაჯულებრივ მორალს და, მე მგონი, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე უპირველეს ყოვლისა უნდა ხელმძღვანელობდეს იმ კონსტიტუციური პრინციპებით, რაზეც დგას სეკულარული სახელწიფო.”

თავად საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი, დეპუტატი მანანა კობახიძე ამბობს, რომ თუ პარლამენტი მას აირჩევს, პასუხისმგებელი კონსტიტუციის წინაშე იქნება და არა “ქართული ოცნების”. პოლიტიკურ მიკერძოებასთან დაკავშირებით გაჩენილ კითხვებს მანანა კობახიძე პასუხობს, რომ ამ შემთხვევაში კანონი უნდა კრძალავდეს  მის კანდიდატად დასახელებას. კობახიძის თქმით, მსგავსი აკრძალვა არც კონსტიტუციაშია და არც კანონში, ხოლო მისი არჩევის შემდეგ მოსამართლე მხოლოდ კანონის წინაშეა ანგარიშვალდებული.

მანანა კობახიძე იყო მათ შორის ერთ–ერთი, რომელსაც ალეკო ელისაშვილი შეწყალების კომისიაზე ზეწოლაში ადანაშაულებდა. მანამდე გვახსოვს კობახიძს პოსტი სოციალურ ქსელში, სადაც ის წერს, სრულიად უცნობი ადამიანები უკანასკნელი სიტყვებით რომ ლანძღავენ, მერე მეუღლემ, ძმამ ან შვილმა მართლა შუბლი რომ გაუხვრიტოს, ამის გამო მმართველ გუნდს არ უნდა უთხრას ვინმემ, კრიმინოგენული ვითარება დამძიმდაო.

კობახიძეს მიაჩნია, რომ ერთი სქესის ადამიანთა ქორწინების დაკანონება დიდი შეცდომა იქნებოდა ქვეყნისთვის. ასევე, აცხადებს, რომ ეკლესია არ ერევა სახელმწიფოს საქმიანობაში, თუმცა თვითმმართველობის შესახებ კანონის მიღებამდე თავადვე განაცხადა, რომ პატრიარქის კრიტიკული მოსაზრება ამ საკითხზე ყურადსაღები იყო.


საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სასამართლო ხელისუფლებას ახორციელებს საკონსტიტუციო სამართალწარმოების წესით. საკონსტიტუციო სასამართლო შედგება 9 მოსამართლისაგან – საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებისაგან. სასამართლოს 3 წევრს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი, 3 წევრს ირჩევს პარლამენტი სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით, 3 წევრს ნიშნავს უზენაესი სასამართლო. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა უფლებამოსილების ვადაა 10 წელი. საკონსტიტუციო სასამართლო თავისი შემადგენლობიდან 5 წლის ვადით ირჩევს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი არ შეიძლება იყოს პირი, რომელსაც ადრე ეკავა ეს თანამდებობა.

საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე 30 წლის ასაკიდან, თუ მას აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების შერჩევის, დანიშვნისა და არჩევის, მათი უფლებამოსილების შეწყვეტის, აგრეთვე საკონსტიტუციო სამართალწარმოების და სასამართლოს საქმიანობის სხვა საკითხები განისაზღვრება კანონით.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი ხელშეუხებელია. დაუშვებელია მისი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, დაკავება ან დაპატიმრება, მისი ბინის, მანქანის, სამუშაო ადგილის ან პირადი გაჩხრეკა საკონსტიტუციო სასამართლოს თანხმობის გარეშე. გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საკონსტიტუციო სასამართლოს. თუ იგი არ მისცემს თანხმობას, საკონსტიტუციო სასამართლოს დაკავებული ან დაპატიმრებული წევრი დაუყოვნებლივ უნდა განთავისუფლდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი