ახალი ამბები

ნოდარ ხადური: ბიუჯეტში 2 მილიარდი ლარი არ არის

16 ოქტომბერი, 2012 • 979
ნოდარ ხადური: ბიუჯეტში 2 მილიარდი ლარი არ არის

“აქედან მილიარდნახევარი არის კერძო სამართლის და საჯარო სამართლის იურიდიული პირების, მათ შორის საქართველოს რკინიგზის და, შესაბამისად, ამ თანხას, რასაკვირველია, მაგალითად, პენსიების გაცემისთვის ვერ გამოვიყენებთ, რაც შეეხება ბიუჯეტს, ის დაახლოებით ნახევარი მილიარდი ლარია”, – აღნიშნა ხადურმა.

 

ხადურის განცხადებით, ის უკვე ეცნობა ფინანსთა სამინისტროს საქმიანობას, პირველი პრიორიტეტი კი 2013 წლის ბიუჯეტზე მუშაობის დაწყება იქნება, რადგან ის მთლიანად შესაცვლელია:

 

“ჩვენ გამოვითხოვთ პარლამენტიდან ბიუჯეტს და დავიწყებთ მასზე მუშაობას, ამავე დროს მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ უნდა დავიწყოთ საგადასახადო სისტემის ჰარმონიზაცია და ჰუმანიზაცია, რომ გადასახადის გადამხდელთა თანხა დაიხარჯოს ეფექტიანად, თითოეულმა გადასახადის გადამხდელმა იცოდეს მათი გადახდილი გადასახადები რაში იხარჯება და ეს იყოს ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ერთ–ერთი ფაქტორი”, – განაცხადა ნოდარ ხადურმა.

 

“ჩვენმა მთავრობამ ახალ მთავრობას ჭარბი ფული, მხედველობაში მაქვს რეზერვი, 2 მილიარდზე მეტი გადასცა, ამდენი თანხა საქართველოს მთავრობას თავისი ისტორიის მანძილზე არასოდეს არ ჰქონია, მე შემიძლია სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო”, – განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალურმა მდივანმა და ყოფილმა პრემიერ მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა გუშინ, “რუსთავი 2″–ის ეთერში.  

 

ნოდარ ხადური საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური განვითარების კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატად იყო დასახელებული, დღეს კი კოალიცია “ქართული ოცნების” ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ის ფინანსთა მინისტრობის კანდიდატად დაასახელა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი