ახალი ამბები

საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე ტერიტორიული მოწყობის საკითხზე მსჯელობენ

23 იანვარი, 2017 • 2102
საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე ტერიტორიული მოწყობის საკითხზე მსჯელობენ

თბილისში, პარლამენტის ბალანსზე არსებულ შენობაში  სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხთა სამუშაო ჯგუფის სხდომა მიმდინარეობს.

კომისიის წევრის, გია ვოლსკის თქმით, ტერიტორიული მოწყობის საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია:

“სუფთა ფურცლიდან ვიწყებთ მუშაობას და დახურულ სხდომაზე მოსაზრებებს ვუზიარებთ ერთმანეთს. ვფიქრობ, რომ ტერიტორიული მოწყობის საკითხი უნდა იყოს მკაფიო. ფაქტია, რომ ტერიტორიები ოკუპირებულია და ამ ტერიტორიებზე ჩვენ ადმინისტრაციული ხელმძღვანელობის საკითხებს ვერ გადავწყვეტთ. ”

საპარლამენტო უმცირესობის წევრის, ირაკლი აბესაძის აზრით, ტერიტორიული მოწყობის კუთხით კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები  ქვეყნის დეოკუპაციისა და სუვერენიტეტის აღდგენის პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი უნდა იყოს:

“ამ პროცესში ისეთი ცვლილებების შეტანა არ შეიძლება, რომელიც შეაფერხებს და პრობლემებს შეგვიქმნის ამ გზაზე,” – აღნიშნავს აბესაძე.

საკოსნტიტუციო კომისიის კიდევ ერთი წევრი, “პატრიოტთა ალიანსის” დეპუტატი ადა მარშანია ფქრობს, რომ ტერიტორიული მოწყობის საკითხი ყველაზე ტრაგიკული და საკვანძო საკითხია:

“25 წლის განმავლობაში ამ საკითხში მხოლოდ ტრაგიკული უკუსვლა გვაქვს. მინდა, რომ კომისიის წევრებმა ადეკვატურად აღვიქვათ და გავაანალიზოთ, რა ტრაგიკულად არის ქვეყანა ამ საკითხში. აქედან გამომდინარე, უნდა ვიფიქროთ ცვლილებებზე. ჩვენ გვინდა, ახალი გზავნილი და იმპულსი ჩავდოთ კონსტიტუციაში, რომელიც ამ საკითხს [ტერიტორიული მთლიაონობის აღდგენას] პოზიტიურად წაწევს წინ.”

საკონსტიტუციო კომისიის პირველი სხდომა 21 იანვარს გაიმართა. კომისიის შემადგენლობაში საპარლამენტო და არასაპარლამენტო პარტიების წარმომადგენლები, ასევე ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები შედიან.  საკონსიტუციო კომისიამ უნდა მოამზადოს საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლებსაც განხილვების შემდეგ, საბოლოოდ, პარლამენტი საკონსტიტუციო უმრავლესობით დაამტკიცებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი