ახალი ამბებისაზოგადოება

ტაქსები – საცობების წყარო თბილისში

17 იანვარი, 2017 • 3809
ტაქსები – საცობების წყარო თბილისში

დღეს, 17 იანვარს, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ოფისში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა, სადაც საცობების გამომწვევი მიზეზები და შემცირების სტრატეგიები განიხილეს. ღონისძიების მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ ტაქსები თბილისში ყველაზე მეტად ქმნიან საცობებს.

შეხვედრას ნიუ–იორკსა და ჩიკაგოში მოღვაწე უცხოელი სპეციალისტები დაესწრნენ და თბილისის მერიის წარმომადგენლებს საცობებთან ბრძოლის გამოცდილება გაუზიარეს. კონფერენციის მიმდინარეობისას მათი განსახილველი ძირითადი საკითხები მოიცავდა როგორც ურბანული მობილობის, ასევე, ტაქსის რეგულირების საკითხებს.

ამერიკის შეერთებული შტატებიდან მოწვეული ტრანსპორტის ტექნოლოგიურად განვითარების სპეციალისტები, რიჩარდ კრისი (ყურაშვილი) აღნიშნავს, რომ თბილისის საცობების მნიშვნელოვანი წყაროა ის ფაქტი, რომ ყველა მოქალაქეს, ვინც მართვის მოწმობას იღებს, შეუძლიათ ტაქსაობა, რაც არასწორია. რიჩარდი ასევე პრობლემას ხედავს დაურეგულირებელ მანქანებში, ქაოტური მოძრაობაში. მისი თქმით, აუცილებელია ამ სფეროს დარეგულირება.

რიჩარდ კრისი ასევე პრობლემად მიიჩნევს ქალაქში დამონტაჟებულ შუქნიშნებსა და მარჯვენასაჭიან ავტომობილებს, რომლებიც, მისი თქმით, არანაირ ევროპულ სტანდარტებს არ ექვემდებარება.

“მესმის, რომ ხალხმა გაჭირვების გამო შეიცვალა პროფესია და ტაქსებს მართავენ, მაგრამ ასეთი აურზაური არ შეიძლება – უნდა დალაგდეს ისე, რომ ყველანაირი სტანდარტები და წესები, დაწყებული მანქანის რეგისტრაციიდან, დამთავრებული მართვის მოწმობებამდე, ყველაფერი უნდა ჩამოყალიბდეს და შეიცვალოს,” – ამბობს რიჩარდი.

თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ლექვინაძე მიიჩნევს, რომ საკმაოდ საინტერესო გამოცდილების მომტანი იყო ეს კონფერენცია, რადგანაც ნიუანსები, რომლებზეც გამახვილდა ყურადღება, შესაძლოა მომავალში გაითვალისწინოს, რაც უკავშირდება ურბანული მობილობის მართვას ქალაქში.

“ჩვენ გვაქვს ჩვენი 5-მიმართულებიანი გეგმა, რომელიც გულისხმობს საცობების განმუხტვის სტრატეგიას და ამას მივყვებით. თუმცა ნებისმიერი ტიპის გამოცდილება ამ გეგმის გაუმჯობესებისთვის იქნება საინტერესო,” – ამბობს ლექვინაძე.

5-პუნქტნიანი სქემა თბილისის მდგრადი ურბანული ტრანსპორტის სტრატეგიის მოკლევადიანი ეტაპია, რომელიც 2016-2017 წლებში ამ კუთხით დაგეგმილ ღონისძიებებს მოიცავს. სტრატეგია შექმნილია აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით, მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ და 2015-2030 წლებს მოიცავს. ირაკლი ლექვინაძის თქმით, სტრატეგიის ძირითადი მიმართულებებია:

 

  • ტრანსპორტის მოძრაობის ორგანიზების მოდელის შემუშავება და სპეციალისტების ტრენინგი;
  • მულტიმოდალური, ინტეგრირებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება;
  • ველობილიკების და საფეხმავლო ქსელის მოწყობა;
  • საგზაო ქსელის განვითრება;
  • მოძრაობის ორგანიზაციის ოპტიმიზაცია და საგზაო უსაფრთხოება;
  • პარკინგის სტრატეფია;
  • მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი სამოქმედო გეგმის შემუშავება;

 

ნეტგაზეთის კითხვას, მუშაობს თუ არა დედაქალაქის მერია ტაქსების რეგულირებაზე, თბილისის მერის მოადგილე პასუხობს, რომ მათ აქვთ ამის რამდენიმე ვერსია, რომლის საბოლოო ვარიანტსაც საზოგადოებას წარუდგენენ:

“ზოგადად, ტაქსის ბაზარი არ არის დარეგულირებული – არანაირი კონკრეტული რეგულაცია არსებობს, რაც არის პრობლემატური რამდენიმე მიზეზის გამო. მთავარი საკითხი აქ არის უსაფრთხოება და ასევე ურბანული მობილობის რიგი საკითხები. რა თქმა უნდა, მიმდინარეობს კონსულტაციები, თუ როგორ შეიძლება დარეგულირდეს თბილისში ტაქსის ბაზარი. ჩვენ გვაქვს ამის რამდენიმე ვერსია, რომელიც დამუშავების პროცესშია. შემდეგ გვინდა, რომ ეს მასალა წარვუდგინოთ საზოგადებას. ამიტომ, ვფიქრობთ, ეს გამოცდილება ამ კუთხით საინტერესო იქნება და ჩვენ მოგვეხმარება ჩვენთვის საინტერესო ნიუანსები მივიღოთ აქედან.”

კონფერენცია – "სამოქალაქო ტრანსპორტის მართვის სტრატეგიები". 17.01.2017. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

კონფერენცია – “სამოქალაქო ტრანსპორტის მართვის სტრატეგიები”. 17.01.2017. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

დამსაქმებელთა ასოციაციის ვიცეპრეზიდენტის, ზურაბ აგლაძის განცხადებით, ყველა კარგად ხედავს, რომ საქართველოს დედაქალაქში მწვავედ დგას საცობებისა და დაბინძურების პრობლემა.

“ამის დანახვას არ სჭირდება მერიის თანამშრომლობა და არც ასოციაციის ვიცეპრეზიდენტობა. ვფიქრობ, ყველამ უნდა გაითავისოს ის პრობლემა, რაც ქალაქს აწუხებს. თბილისი არ არის დიდი, თითქმის ყველა ყველას ვიცნობთ და ერთი ოჯახივით უნდა შევძლოთ ამ პრობლემის მოგვარება. ახლა თბილისის სატრანსპორტო რეგულაციებისა და სტრატეგიის პრობლემის გადასაჭრელად გამოჩნდა შანსი, რომ გამოგვეყენებინა ნიუ-იორკის გამოცდილება. მე მგონი, ამაზე კარგი გამოცდილება სხვა არც ერთ ქალაქში იქნება. თან ის არის ქართველი კაცი, ბატონი რიჩარდ კრისი (ყურაშვილი), რომელმაც ნიუ–იორკის ტრანსპორტი ტექნოლოგიურად უზრუნველყო. მე მას ავუხსენი თბილისის პრობლემატიკა, რის შემდეგაც თავისი ხარჯით და სურვილით გაუკეთა ყველაფერს ორგანიზება, ჩამოიყვანა სპეციალისტები, რათა თბილისის მერიისთვის მათი გამოცდილება გაეზიარებინათ,” – ამბობს აგლაძე.

როგორც აგლაძე ამბობს, ყველა გამოცდილების ერთად გაზიარება არ/ვერ მოხდება, თუმცა იმედოვნებს, რომ ბოლოს მაინც მივალთ იმ რეგულაციებამდე, რომელიც ნიუ–იორკმა დანერგა. მისი თქმით, ეს შესაბამის შედეგებს გამოიღებს:

“თბილისში გვყავს 60 ათასამდე ტაქსის მძღოლი, რომლებიც პრაქტიკულად თავის თავზე არიან მინდობილი, ხოლო ჩვენ უნდა შევუქმნათ მათ უკეთსი პირობები. ტაქსის მძღოლებმა ტყუილად არ უნდა იარონ – ეს აფერხებს მოძრაობას, რაც სხვა პრობლემებთან ერთად, ერთ-ერთი მიზეზია საცობების იმიტომ, რომ დადან ნელა და მარჯვენა მხარეს. შესაბამისად, ამ ხალხს როცა ეცოდინება, რომ ისეთი კომპიუტერული უზრუნველყოფა გაკეთდება, რომ სადაც წავლენ, იქ უკვე დახვდებათ მძღოლი; ასეთი კომპანიები არიან საქართველოში, თუმცა ისინი თავიანთ ლოკალურ ტაქსოპარკს ამუშავებენ. 60 ათასი ტაქსის მძღოლი არის პრაქტიკულად დაურეგულირებლად დარჩენილი.”

აგლაძის განცხადებით, რეგულაცია არ ნიშნავს იმას, რომ ვიღაცა ვიღაცას შეზღუდავს. ასოციაციის ვიცეპრეზიდენტის თქმით, ეს სწორ გზაზე დააყენებს ტაქსის მძღოლებს:

“გაეზრდებათ შემოსავალი, შეუმცირდებათ საწვავის ხარჯი და ნაკლები იქნება გამონაბოლქვი. ასევე, ყველა მოვიგებთ იმით, რომ ნაკლებად იქნება ე.წ. საცობი. ამიტომ, ადრე თუ გვიან, ეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს. ეს უნდა გავიაროთ და გაკეთდეს ისე, რომ ყველა მხარე და განსაკუთრებით მძღოლები, რომლებიც არც ერთ კომპანიაში არიან დასაქმებულები და ინდივიდუალურად მუშაობენ, შეეწყოთ ხელი და საბოლოოდ სიტუაციაც გამოსწორდეს ქალაქში.”

კონფერენციაზე მოწვეულმა სპეციალისტებმა ასევე ისაუბრეს ქალაქ ნიუ–იორკის ტაქსების და ლიმუზინების კომისიის საქმიანობის შესახებ; ასევე, ყურადღება გამახვილდა საინფორმაციო ტექნოლოგიების მნიშვნელობაზე სატრანსპორტო სისტემის მართვის გაუმჯობესებისთვის.

როგორც ერთ–ერთი სპეციალისტი, ფერნანდო მათეო ამბობს, მსგავსი პრობლემა ნიუ–იორკშიც იდგა, ხოლო როდესაც დაიწყო ტაქსების რეგულირება, ეს ფაქტი არაერთმა მოქალაქემ გააპროტესტა. თუმცა, როგორც მათეო აღნიშნავს, გარკვეული პერიოდის შემდეგ, ყველა მიხვდა, რომ ახალი რეგულაციების დანერგვა აუცილებელი იყო.

ღონისძიება თბილისის ვიცემერმა ირაკლი ლექვინაძემ და დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტმა ელგუჯა მელაძემ გახსნეს. ღონისძიებას, უცხოელ სპეციალისტებთან ერთად, ესწრებოდნენ თბილისის მერიის ხელმძღვანელი პირები, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის თანამშრომლები და ბიზნესსექტორი.

კონფერენციაზე იმყოფებოდა ასევე ერთ–ერთი ტაქსის კომპანიის ხელმძღვანელი, რომელმაც ბაზარზე მათი კონკურენტის, Yandex Taxi-ის დაბალი ფასები გააპროტესტა და განაცხადა, რომ რუსული კომპანია მიუღებელი ფორმებით ცდილობს მათ დასუსტებასა და ბაზარზე მონოპოლიას. როგორც მან აღნიშნა, ამის გამო სამსახურიდან თანამშრომელთა დიდი ნაწილის გაშვება მოუწია, ხოლო Yandex Tax-მა ამ ფორმით მისი კომპანიის მძღოლების უმეტესობა გადაიბირა.

კონფერენციის ბოლო ნაწილი დიალოგის რეჟიმს დაეთმო. ქართული მხარე მათთვის საინტერესო საკითხებზე მოსაზრებებს ამერიკელ კოლეგებისგან ისმენდა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, თუ თბილისში 2010 წელს საშუალოდ 200 000 მანქანა გადაადგილდებოდა, 2016 წლისთვის ეს რიცხვი გაორმაგებულია და ყოველდღიურად 400 000 მანქანა გადაადგილდება. დავით ნარმანიას განცხადებით, მუდმივად მზარდი ავტომანქანების რაოდენობის პირობებში ძალიან ძნელია მივდიოთ ამ ყველაფერს თავიდან ბოლომდე და ქალაქში არ გვქონდეს საცობები. როგორც ნარმანია ამბობს, ყველაფრის თავი და თავი ავტომობლების მზარდი რიცხვია, რასაც მოსდევს ქალაქის ცალკეულ უბნებში საცობები.

მასალების გადაბეჭდვის წესი