დღეს, 2 სექტემბერს, თბილისის მერიამ საცობების განმუხტვისა და საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებების პრეზენტაცია გამართა. პრეზენტაციის ფარგლებში, ქალაქის მერის მოადგილემ, ირაკლი ლექვინაძემ მერიის 5-პუნქტიანი სტრატეგია წარადგინა, რომელიც 2016-2017 წლებში დედაქალაქში საცობების განმუხტვას ისახავს მიზნად.
შეხვედრას ქალაქის მერიც ესწრებოდა. დავით ნარმანიას თქმით, ქალაქში საცობების გამომწვევი მთავარი მიზეზი ავტომობილების რაოდენობის მუდმივი ზრდაა:
“თუ თბილისში 2010 წელს საშუალოდ 200 000 მანქანა გადაადგილდებოდა, 2016 წლისთვის ეს რიცხვი გაორმაგებულია და 400 000 მანქანა გადაადგილდება ყოველწიურად. შესაბამისად, მუდმივად მზარდი ავტომანქანების რაოდენობის პირობებში ძალიან ძნელია მივდიოთ ამ ყველაფერს თავიდან ბოლომდე და ქალაქში არ გვქონდეს საცობები. ყველაფრის თავი და თავი ავტომობლების მზარდი რიცხვია, რასაც მოსდევს ქალაქის ცალკეულ უბნებში საცობები,” – თქვა დავით ნარმანიამ მერიაში გამართულ პრეზენტაციაზე.
მერის განცხადებით, აუცილებელია ქალაქის თვითმმართველმა ორგანომ მაქსიმალურად გამოიყენოს ის რესურსები, რაც ხელთ გააჩნია.
ავტომობილების გაზრდილი რაოდენობის ფონზე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა ირაკლი ლექვინაძემაც. მერის მოადგილის თქმით, 5-პუნქტიანი სქემა, რომელიც მიმართული იქნება ქალაქის საცობებისგან განტვირთვისთვის, რამდენიმე მიმართულებას, მათ შორის – ინფრასტრუქტურის მოწყობას, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმჯობესებას, რეგულაციებს, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვასა და ამ კუთხით ცნობიერების ამაღლებას მოიცავს.
ინფრასტრუქტურული მიმართულების ფარგლებში პროექტის მიხედვით იგეგმება ახალი გზებისა და ესტაკადების მშენებლობა. მათ შორის უკვე მოეწყო ესტაკადა პუშკინის ქუჩაზე. ასევე განხორციელდა თბილისში, გოლფ კლუბთან მისასვლელი გზის მშენებლობა. ახლა შენდება კრწანისი-შინდისის დამაკავსირებელი გზა. გარდა ამისა, დაგეგმილია ახალი პროექტების განხორციელებაც:
- დაიწყება მარშალ გელოვანის გამზირისა და ახვლედიანის ქუჩის დამაკავშირებელი გზის მშნებელობა.
- მოეწყობა ესტაკადა ვაშლიჯვრიდან მარშალ გელოვანის გამზირის მიმართულებით.
ამასთანავე, ინფრასტრუქტურული მიმართულების ფარგლებში, თბილისში რამდენიმე ქუჩაზე გზები შეკეთდა. 2017 წელს კი იგეგმება პეკინისა და ყაზბეგის გამზირების გზების რეაბილიტაცია. შეკეთდება გზა აბაშიძის, გორგასლის, ჩუბინიშვილის, გარეჯის, ამაღლების, ავშნის და ფშავის ქუჩებზეც.
ირაკლი ლექვინაძის თქმით, მერია რეგულარულად ახორციელებს ხიდების მდგომარეობის მონიტორინგს და შედეგების მიხედვით ახდენს მათ რეაბილიტაციას. უკვე განხორციელდა ბარათაშვილის და გულიას ხიდების რეაბილიტაცია. ამ ეტაპზე მერიის შესაბამისი სამსახურები ზაჰესის დასახლებასთან ხიდის აღდგენაზე მუშაობენ. ასევე განხორციელდა აღმაშენებლის ხეივნიდან მუხადგვერდისკენ გზაგამტარის რეკონსტრუქციაც. როგორც ლექვინაძემ შეხვედრაზე განაცხადა, ხიდების მშენებლობა დიდ რესურსებთანაა დაკავშირებული, თუმცა, თუ იქნება ამის საჭიროება, დედაქალაქის მერია სამომავლოდ ახალი ხიდების მშენებლობაზეც დაიწყებს მუშაობას.
ინფრასტრუქტურული მიმართულების ერთ-ერთი ნაწილია შემოვლითი რკინიგზის პროექტი, რომელიც 4 წელია შეჩერებულია. დავით ნარმანიას თქმით, ამჟამად მიმდინარეობს შესწავლითი სამუაოები.
პროექტის ფარგლებში თბილისში სამი ახალი საბაგირო ხაზი გაიხსნება. მერიის გეგმის მიხედვით, თბილისში ჭავჭავაძისა და კუს ტბის დამაკავშირებელი საბაგარიო ხაზი სექტემბრის დასაწყისში გაიხსნება. 2017 წელს კი რუსთაველისა და მთაწმინდის დამაკავშირებელი ხაზის მშენებლობა დასრულდება. მერია ასევე გეგმავს სამგორი- ვაზისუბანს, დელისი კი ნუცუბიძეს დაუკავშიროს. მსგავსი ტრანსპორტის პროექტირება იგეგმება მაღლივი უნივერსიტეტი – ბაგები – წყნეთის მონაკვეთებზეც. საბაგირო ხაზების პროექტირება ამ მონაკვეთებზე მერიის გეგმის მიხედვით 2017 წელს დაიწყება.
გარდა საბაგირო ხაზების აღდგენისა, მერია გეგმავს სხვა ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტიც მოაწესრიგოს. როგორც აქამდეც იყო ცნობილი, 2017 წელს თბილისში ახალი მეტოსადგურის, “უნივერსიტეტის”, მშენებლობა დასრულდება. ქალაქში იმოძრავებს 143 ახალი ავტობუსიც. დავით ნარმანიას თქმით, მას შემდეგ, რაც აღნიშნული ავტობუსები ექსპლუატაციაში ჩაეშვება, შემუშავდება ახალი გენერალური სატრანსპორტო გეგმა.
რაც შეეხება რეგულაციებს, ეს მიმართულება დასუფთავების ავტომობილებისა და სადისტრიბუციო მაქანებისთვის პიკის საათებში მუშაობის შეზღუდვას მოიცავს, რის შესახებაც დავით ნარმანიამ განცხადება გასულ წელს გააკეთა.
შეხვედრას თბილისის საკრებულოსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. დედაქალაქის საკრებულოს წევრის, შალვა ოგბაიძის თქმით, უმთავრესია სისტემური მიდგომა, რადგან საცობებს პრობლემების კომპლექსურობა იწვევს. ოგბაიძის თქმით, ასევე მნიშვნელოვანია ამ კუთხით განათლების ამაღლებაც. მისი თქმით, მართვის მოწმობის გაცემის საკითხს სახელმწიფო მეტი სიმკაცრით უნდა მოეკიდოს, რადგან, როგორც საკრებულოს წევრმა შეხვედრაზე განაცხადა, მისი აზრით, მძღოლების უმეტესობამ დღესდღეობით მანქანის მართვა სათანადოდ არ იცის.
მერიის პროექტი მისაღებია “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” გამგეობის თავმჯდომარის ეკა ლალიაშვილისთვის. როგორც მან ჟურნალსიტებთან საუბრისას განაცხადა, მთავარია, რამდენად კვალიფიციურად და რა დროში იქნება ეს ყველაფერი განხორციელებული:
“სხვა შემთხვევაში ეს არის კონცეფცია, რომელიც ჩვენთვის მისაღებია, თუმცა, რა თქმა უნდა, შესრულების ხარისხი არის მნიშვნელოვანი,” – ამბობს ლალიაშვილი.
მერიის 5-პუნქტნიანი სქემა, რომელიც დედაქალაქის მერის მოადგილემ დღეს წარადგინა, თბილისის მდგრადი ურბანული ტრანსპორტის სტრატეგიის მოკლევადიანი ეტაპია, რომელიც 2016-2017 წლებში ამ კუთხით დაგეგმილ ღონისძიებებს მოიცავს.
სტრატეგია შექმნილია აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით, მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ და 2015-2030 წლებს მოიცავს. სტრატეგიის ძირითადი მიმართულებები იქნება:
- ტრანსპორტის მოძრაობის ორგანიზების მოდელის შემუშავება და სპეციალისტების ტრენინგი;
- მულტიმოდალური, ინტეგრირებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება (სამარშრუტო სქემა, განრიგი, მოძრავი შემადგენლობა);
- ველობილიკების და საფეხმავლო ქსელის მოწყობა;
- საგზაო ქსელის განვითრება;
- მოძრაობის ორგანიზაციის ოპტიმიზაცია და საგზაო უსაფრთხოება;
- პარკინგის სტრატეფია;
- მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი სამოქმედო გეგმის შემუშავება;