პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ 17 იანვარს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის პოზიციაზე ისაუბრა საქართველოსა და რუსული გაზის კომპანია “გაზპრომს” შორის ახლად გაფორმებულ ხელშეკრულებაზე. როგორც მიშველაძე აცხადებს, პრეზიდენტის აზრით, “გაზპრომთან” ხელშეკრულებაზე ხელმოწერით საქართველოს ენერგოსექტორი გაუარესდა:
“გაზპრომთან” ხელშეკრულებაზე ხელმოწერით … დაზიანდა საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესები, საბოლოოდ მივიღეთ უარესი ვითარება სხვადასხვა მიმართულებით, რასაც შესაძლოა, სამომავლოდ მთელი რიგი პრობლემებიც მოჰყვეს”, – განაცხადა პრესსპიკერმა.
ეკა მიშველაძის თქმით, „გაზპრომთან“ დაკავშირებული თემების მნიშვნელობაზე საქართველოს პრეზიდენტი ჯერ კიდევ 2015 წელს ამახვილებდა ყურადღებას, როდესაც ენერგოუსაფრთხოების საკითხზე მთავრობის სხდომის მოწვევა მოითხოვა. “თუმცა, სამწუხაროდ, მთავრობამ ამ საკითხებზე მსჯელობის აუცილებლობა ვერ დაინახა”, – ამბობს მიშველაძე.
“პრეზიდენტი საუბრობდა ასევე უმაღლესი პოლიტიკური პირების მონაწილეობით ჩარჩო-ურთიერთობის ჩამოყალიბებაზე, რომლის ფარგლებში, საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით უნდა მომხდარიყო „გაზპრომთან“ მოლაპარაკებების წარმოება – სამწუხაროდ, არც ეს განხორციელდა.
2016 წლის დასაწყისში ყოველწლიურ საპარლამენტო გამოსვლაში საქართველოს პრეზიდენტი ენერგოუსაფრთხოების თემაზე კვლავ ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ „გაზპრომთან“ მოლაპარაკებები გამჭვირვალედ უნდა მიმდინარეობდეს”, – განაცხადა 17 იანვარს ეკა მიშველაძემ.
საქართველოს პრეზიდენტის აზრით, რუსეთის ფედერაციასთან ეკონომიკური და განსაკუთრებით ენერგოთანამშრომლობა რბილი ძალის ნაწილია. “მიწევს გავიმეორო – „გაზპრომი“ არ არის მხოლოდ ენერგეტიკა. არ უნდა დავივიწყოთ, რომ რუსეთი ეკონომიკურ ბერკეტებს პოლიტიკური მიზნით იყენებს. ამიტომ „გაზპრომთან“ მოლაპარაკებები ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური ხელმძღვანელობის მანდატით დადგენილი წითელი ხაზების ფარგლებში გამჭვირვალედ უნდა მიმდინარეობდეს“, – აცხადებს პრეზიდენტის პოზიციას მისი პრესსპიკერი.
“განსაკუთრებით გაუგებარია, რატომ მოხდა ქვეყნის პოზიციების შესუსტება იმ ფონზე, როდესაც საქართველოს დეკლარირებული საგარეო-ეკონომიკური ვექტორი არის რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის გაუმჯობესება და ამ მხრივ ე.წ. პრაღის ფორმატის ფარგლებში მნიშვნელოვანი წარმატებების მიღწევაც მოხერხდა ყველა მიმართულებით. თუმცა „გაზპრომთან“ ხელშეკრულების ხელმოწერით ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან – ენერგოსექტორში, მდგომარეობა გაუარესდა.
ამასთანავე, პარლამენტის მიერ 2016 წლის 29 დეკემბერს საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესახებ მიღებული რეზოლუციის მე-8 პუნქტში ვკითხულობთ: „საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით, საქართველო გააგრძელებს რუსეთის ფედერაციასთან რაციონალურ და პრინციპულ პოლიტიკას…“ ! ხოლო ამავე რეზოლუციის მე-10 პუნქტში წერია: „საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტია ტრანსნაციონალური პროექტებისთვის ხელსაყრელი გეოპოლიტიკური მდებარეობის ქმედითი გამოყენება და აღმოსავლეთის ქვეყნებთან ეკონომიკური და სხვა ურთიერთობების გაფართოება.“ საქართველოს პრეზიდენტის აზრით, „გაზპრომის“ მიმართ ეს მიზნები ვერ იქნა მიღწეული.
საბოლოოდ კი, შესაძლოა, მივიღოთ დამატებითი პოლიტიკური რისკები ენერგოუსაფრთხოების თვალსაზრისით და ასევე ეკონომიკური დანაკარგები.
აქედან გამომდინარე, ქვეყნის პირველი პირი მოუწოდებს პარლამენტს, განახორციელოს მისი კონსტიტუციური ვალდებულება და გააძლიეროს საზედამხედველო ფუნქცია, ასევე შემოგვთავაზოს გეგმა, თუ როგორ მოხდება მოსალოდნელი რისკებისა და საფრთხეების დაზღვევა და მინიმალიზაცია”, – განაცხადა ეკა მიშველაძემ 17 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, “გაზპრომთან” ახალი ხელშეკრულების ფარგლებში რუსეთიდან სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტისთვის საქართველო ფულად ანაზღაურებას მიიღებს. ენერგეტიკის მინისტრმა, კახი კალაძემ 11 იანვარს განაცხადა, რომ საქართველო “გაზპრომთან” ორწლიან ხელშეკრულებას გააფორმებს. ხელშეკრულების მიხედვით საქართველო “გაზპრომისგან” სომხეთში ბუნებრივი აირის გატარების სანაცვლოდ ფულად ანაზღაურებას მიიღებს. აქამდე საქართველო გატარებული გაზის 10%-ს იღებდა.
18 იანვარს საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან “Defend Liberty” “გაზპრომთან” განახლებული ხელშეკრულების პირობების გასაპროტესტებლად აქციას გამართავს.
წაიკითხეთ “ნეტგაზეთის” ინტერვიუ არასამთავრობო ორგანიზაცია “მწვანე ალტერნატივის” თავმჯდომარესთან, მანანა ქოჩლაძესთან “გაზპრომთან” ახალი შეთანხმების შესახებ: